Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორი პროკურორების დასაცავად


„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურორების სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ. კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ითქვა, რომ პროკურატურის თანამშრომლებს აიძულებენ განცხადებების დაწერას „სამსახურიდან საკუთარი ნებით“ წასვლის შესახებ ანდა სათანადო არგუმენტების გარეშე ათავისუფლებენ. რა გახდა მთავარი პროკურატურიდან თანამშრომლების დათხოვნის მიზეზი?

ლევან ბუაძემ მთავარ პროკურატურაში სამმართველოს უფროსად მუშაობა 2012 წლის 12 ნოემბერს დაიწყო, მისი განთავისუფლების ბრძანებულებას კი ხელი მიმდინარე წლის 6 იანვარს მოეწერა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ანუ ოთარ ფარცხალაძის პროკურორობის დროს, სამსახურიდან სულ 29 თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული, მათ შორის, 17 თანამდებობის პირი, 12 პროკურორი და გამომძიებელი. ლევან ბუაძის თქმით, საკადრო წმენდა დაიწყო ერთი წლის წინ გათავისუფლებული კადრების დაბრუნების შემდეგ. ახალი ხელმძღვანელობა მას განცხადების დაწერას აიძულებდა.

„ის ქალბატონი, რომელიც მე შევცვალე ერთი წლის წინ, მოვიდა გაბრაზებულ-გაბოროტებული, დამიბარა და მითხრა, განცხადება დაწერე და წადი სამსახურიდანო. ამის შესახებ მივმართე მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს ელექტრონული ფოსტით, მაგრამ მან დაბლოკა ეს წერილი. მაშინ ფოსტის მეშვეობით მივმართე ფარცხალაძეს, მიმიღე-მეთქი, ასეთი რამე ხდება თქვენ სისტემაში, ეს დანაშაულია 169-ე მუხლით, შრომის კანონმდებლობის დარღვევაა და თუ ასე, ადეიშვილის მეთოდებით, აპირებთ პროკურატურის მართვას, ცუდია-მეთქი. არ მიმიღო ფარცხალაძემ. შემხვდა გაბიტაშვილი. იმანაც ანალოგიური მითხრა, დაწერე განცხადება და წადიო. არ დავწერე განცხადება და ამის შედეგი არის ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ჩამიწერეს, თითქოს ერთი წლის განმავლობაში არაფერი არ გამიკეთებია“, უთხრა ლევან ბუაძემ რადიო თავისუფლებას.

დღეს ამ ახალი კადრების ასე სამარცხვინოდ გამოყრა, მათი დაბარება და ძალადობა მათზე, იძულება მიგვაჩნია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად...
ზაზა ხატიაშვილი
ლევან ბუაძესთან ერთად პროკურატურიდან დაითხოვეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი გიორგი ნოზაძე, რომლის მტკიცებითაც, ახალი ხელმძღვანელობის მითითებით, ბევრი რეზონანსული საქმე სეიფში იქნა ჩაკეტილი. ყოფილი პროკურორების ჩივილს გამოეხმაურა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი, რომლის თქმითაც, იდევნებიან პროკურატურაში მისული ის ახალი თანამშრომლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ:

„დღეს ამ ახალი კადრების ასე სამარცხვინოდ გამოყრა, მათი დაბარება და ძალადობა მათზე, იძულება მიგვაჩნია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად. ვსვამ საკითხს სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში: პროკურორს, რომელსაც დაიბარებენ, აიძულებენ განცხადების დაწერას და თუ არ წერს, მაშინ ცდილობენ მას საქმე აღუძრან, ვკითხულობ, ასეთი პროკურატურის ხელში რომელიმე მოქალაქე იქნება დაცული?“

„ადვოკატთა ასოციაციასთან“ ერთად ახალგაზრდა იურისტებიც მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურატურიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა, მართლაც, იძლევა შეშფოთების საფუძველს. ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, გათავისუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი:

ჩემ დროს 12 მაღალჩინოსანი გავუშვით პროკურატურის რიგებიდან. პირდაპირ ვაცხადებ და ამას ყოველთვის გავიმეორებ: ამ ადამიანების ადგილი არათუ პროკურატურაში, არანაირ სახელმწიფო სამსახურში რიგით თანამდებობაზეც კი არ შეიძლება არსებობდეს...
ოთარ ფარცხალაძე
„არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანს სთხოვენ განცხადების დაწერას და ის ამას არ აკეთებს. მაშინ იწყებენ მიზეზების მოძებნას იმისათვის, რომ გათავისუფლების საფუძველი იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მიდგომა. პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მართლმსაჯულების სისტემაში. პროკურატურაში კანონების ზუსტ და განუხრელ დაცვას შეიძლება ჰქონდეს გადამდები ეფექტი სხვა პროცესებზე. პროკურატურაში თუ არ იქნა საქმე სწორად წარმართული, მაშინ ეს ასახვას პოვებს როგორც სამართლიანობის აღდგენაზე, ისე მიმდინარე საქმეების გამოძიებაზეც“.

მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით უარყო ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები. განცხადების მიხედვით, გიორგი ნოზაძე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ ჩაიდინა პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელი. კერძოდ, სამუშაო საათებში ფოტოშოპის საშუალებით გაშარჟების მიზნით შექმნა კოლეგის შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს შორის ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იგი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები. გაზეთ „პრაიმ-ტაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში პროკურორების სამსახურიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც:

„ჩემ დროს 12 მაღალჩინოსანი გავუშვით პროკურატურის რიგებიდან. პირდაპირ ვაცხადებ და ამას ყოველთვის გავიმეორებ: ამ ადამიანების ადგილი არათუ პროკურატურაში, არანაირ სახელმწიფო სამსახურში რიგით თანამდებობაზეც კი არ შეიძლება არსებობდეს. სამწუხაროდ, დღეს, ამ უინტერესო და უშინაარსო ხალხს ტელევიზიებით ატრიალებდნენ“.
თუმცა ის ხალხი, ვის შესახებაც ოთარ ფარცხალაძე ლაპარაკობდა, საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვას აპირებს. ყოფილი პროკურორი ლევან ბუაძე ერთ-ერთი მათგანია.

„განთავისუფლების განცხადება ჩავიბარე 8 იანვარს. აქედან ერთი თვის ვადაში შემიძლია გავასაჩივრო. დღეს მივმართე მთავარ პროკურატურას წერილობით, გენერალურ ინსპექციას ყველა მასალისა და ასლის გამოგზავნის მოთხოვნით, რათა მქონდეს მოტივირებული სარჩელის შედგენის საშუალება. სასამართლოში მე გავიმარჯვებ, რადგანაც მე მართალი ვარ“, უთხრა ლევან ბუაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG