Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრორუსულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს


ჩერნოგორიის ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესია
ჩერნოგორიის ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესია

ჩერნოგორიის ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს პრორუსულმა პარტიებმა, რომელთა ლიდერებიც „შეთითხნილს“ და „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებენ ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, არშემდგარი გადატრიალება მიზნად ისახავდა ქვეყნის მასობრივი არეულობების ორგანიზებასა და პროდასავლური ხელისუფლების დამხობას.

ჩერნოგორიის მთავარი, საგანგებო პროკურორის, მილივოიე კატნიჩის, განცხადების მიხედვით, გადატრიალების მცდელობის მონაწილენი აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას, ხელისუფლების დამხობას, მთავრობის მეთაურის მოკვლას და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანას.

პრორუსულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:32 0:00
გადმოწერა

„აშკარაა, რომ ქვეყნის სპეციალური პროკურორი გახდა მმართველი „სოციალისტების დემოკრატიული პარტიის“ მოსამსახურეო“, - განაცხადა ამის პასუხად 7 ნოემბერს ჩვენი რადიოს ბალკანურ სამსახურთან საუბარში ჩერნოგორიის წამყვანი ოპოზიციური ძალის, „დემოკრატიული ფრონტის“, ლიდერმა მილიუტინ დუკანოვიჩმა.

რაც შეეხება მილო ჯუკანოვიჩს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრს, იგი დარწმუნებულია, რომ არშემდგარი გადატრიალება ხელს აძლევდა გარკვეულ შიდა ძალებს.

„სრულიად აშკარაა, რომ ამ გადატრიალებაში მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკური არენის რომელიღაც წარმომადგენელი, რადგან ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მომხდარიყო პოლიტიკური სარჩულის გარეშე. ეს ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება. ჩემი აზრით, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს გარედან განეზრახოს ეს გადატრიალება ჩერნოგორიის ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გარეშე. ეს ყველაფერი სასამართლო გამოძიებით უნდა დადასტურდეს, რაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოხდება“, განაცხადა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრმა 7 ნოემბერს ქალაქ ცეტინეში, სადაც იგი ქვეყნის პრეზიდენტს, ფილიპ ვუიანოვიჩს, მისსავე რეზიდენციაში შეხვდა.

მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა „სოციალისტების დემოკრატიულმა პარტიამ“ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო უმრავლესობის მოპოვება, მილო ჯუკანოვიჩი ცდილობს ეთნიკური უმცირესობების - ბოსნიელების, ხორვატებისა და ალბანელების - პატარ-პატარა პარტიებთან შეკრას კოალიცია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მყიფე კოალიცია, რადგან არშემდგარი გადატრიალების შემდეგ ჩერნოგორიის პრორუსულად განწყობილმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

ამიტომ მილო ჯუკანოვიჩი ცდილობს, ამ ოპოზიციური გაერთიანებიდანაც მიიმხროს რომელიმე ძალა, ზომიერი პრორუსული პარტიებიდან, რომლებიც, ჩერნოგორიაში არშემდგარი გადატრიალების გამოძიების ფონზე, სავარაუდოდ, შეეცდებიან რადიკალურ ძალებს გაემიჯნონ.

ყველაზე უფრო რადიკალური პრორუსული პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანებას. სერბებისგან შემდგარი ეს პარტიები არ ჰპატიებენ ალიანსს სერბეთის ტერიტორიის დაბომბვას 1999 წელს, რამაც იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი აიძულა შეეწყვიტა სპეცდანიშნულების ძალების სადამსჯელო ოპერაცია კოსოვოში.

თუმცა ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობისა და პოლიტიკური ძალების უმრავლესობა უჭერს მხარს.

ნატომ 2016 წლის მაისში მიიწვია ჩერნოგორია ოფიციალურად ალიანსში გასაწევრიანებლად და მომავალი წლის გაზაფხულზე ქვეყანა ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი, თუ მანამდე ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტები შესაბამისი შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენენ.

მაგრამ ამ პერიოდში ჩერნოგორიას ჰაერივით ესაჭიროება პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა.

ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე ჩერნოგორიის პარლამენტში გამარჯვებული ძალის, „სოციალისტების დემოკრატიული პარტიის“, ლიდერებმა 7 ნოემბერს დაიწყეს მოლაპარაკებები პრეზიდენტთან, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, 9 ნოემბერს უკვე ცნობილი გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაო.

„ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს ჩერნოგორიის უმთავრეს ინტერესს და ორივე ამ პროცესს რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება მთავრობის ფორმირება. ჩვენი უმთავრესი ინტერესია, ასევე, ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ზეგ შევხვდები საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს და იმავე დღეს გამოვაცხადებთ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ვინაობას“, - განაცხადა ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა.

პარალელურად ჩერნოგორიის მთავარი საგანგებო პროკურორი აგრძელებს არშემდგარი გადატრიალების საქმის გამოძიებას. 16 ოქტომბერს, არჩევნების დღე, 22 სერბი და ჩერნოგორიელი მოქალაქე დააპატიმრეს. პროკურორ კატნიჩის თანახმად, ტერორისტული ოპერაცია ჩერნოგორიის, სერბიისა და რუსეთის ტერიტორიებზე მზადდებოდა. პრემიერი მილო ჯუკანოვიჩი, მისი თქმით, უნდა მოეკლა სნაიპერს. თუმცა ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ არშემდგარი გადატრიალების საქმეზე ხელისუფლებამ დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს და დაასახელოს ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG