Accessibility links

logo-print
საპროტესტო აქციების პარალელურად, 26 სექტემბერს სტუდენტებმა და სპორტსმენებმა მიმართვები გაავრცელეს. ვგმობთ პატიმართა წამებას, მოვითხოვთ პატიმართა წამებაში დამნაშავე ადამიანების დასჯას, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები - ასეთია საპროტესტო აქციების მოთხოვნებისა და გავრცელებული მიმართვების შინაარსი.

”ჩვენ შიშველი ხელებით მოვდივართ! ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ! შემოგვიერთდით!” - ასეთი იყო იმ სტუდენტებისა და მსვლელობის მონაწილეთა პათოსი, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავისუფლების მოედნის გავლით, მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს და იქ ხმამაღლა წაიკითხეს სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა მთავრობისადმი.

”სისტემა უნდა დაინგრეს, რადგან თქვენ, ჩვენმა მთავრობამ, ვერ შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები. მოვითხოვთ დაცული იყოს პატიმრების უფლებები და მოვითხოვთ კანონის ფარგლებში ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ არ გაპატიებთ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენ მშვიდობიანად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. ჩვენ გვტკივა თქვენი დემოკრატია. ჩვენ გავიღვიძეთ და, ერთ მუშტად შეკრულნი, ვგმობთ უსამართლობას”,- ნათქვამია მიმართვაში.

კიდევ ერთი მიმართვა, რომელიც 26 სექტემბერს გავრცელდა, სპორტსმენებს ეკუთვნით. შუადღისთვის სპორტის სხვადასხვა დარგის მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები - მათ შორის, ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორები -ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს ერთობლივი მიმართვა გააცნეს.

სპორტსმენების საპროტესტო აქცია

სპორტსმენების საპროტესტო აქცია

”დღეს, 26 სექტემბერს, შევიკრიბეთ სპორტსმენთა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ვერთიანდებით სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ტოტალური უსამართლობა მოედო ცხოვრების ყველა სფეროს. ჩვენი შეკრების უმთავრესი მიზანია, აღშფოთება გამოვთქვათ ქართულ ციხეებში გამოვლენილი დანაშაულებრივი ფაქტების გამო. ვგმობთ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ თითოეულ ფაქტს და თანადგომას ვუცხადებთ პატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს. ჩვენი შეხვედრა ატარებს აპოლიტიკურ ხასიათს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მხარი დავუჭიროთ დ მადლობა გადავუხადოთ სტუდენტებს, რომლებმაც ბოლო დღეებში შესაშური ერთიანობა გამოიჩინეს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მივიდეთ არჩევნებამდე, სადაც ხალხს მიეცემა საშუალება დააფიქსიროს თავისი არჩევანი”, - ნათქვამია განცხადებაში.
სპორტსმენთა საპროტესტო აქციას შეუერთდა ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ არველაძეც:

”მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა. იმედია, რომ ეს არასდროს განმეორდება, რომ წყნარად იყოს პატიმარი ციხეში და მისი ახლობლები გარეთ”, - ამბობს არჩილ არველაძე.
მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი მოძრაობა. სანამ არჩევნებამდე მივალთ, როგორ ვაზანზარებთ, იცით? შევუშალოთ ფიქრში ხელი, შევუშალოთ გაყალბებაში ხელი ...

სპორტსმენებმა მხარი დაუჭირეს სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებს და მიმართვის წაკითხვის შემდეგ, მშვიდობიანი მსვლელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებთან გადაინაცვლეს. სტუდენთა აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სამ საათზე დაიწყო. გარდა პატიმართა სოლიდარობისა და რიგი მინისტრების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისა, სტუდენტთა აქციაზე ხაზგასმით გაისმის მოწოდება: ”არ გაყალბდეს არჩევნები!” აქვე შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეებია სტუდენტური აქციების მთავარ გზავნილს წარმოადგენს ფრაზა: ”სისტემა უნდა დაინგრეს”, თუმცა 26 სექტემბერს გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ, თუკი მისივე სიტყვებს გავიმეორებთ, მცირე ცვლილება შეიტანა ამ ლოზუნგში: “სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, ახალი სისტემა უნდა აშენდეს”.

”მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი მოძრაობა. სანამ არჩევნებამდე მივალთ, როგორ ვაზანზარებთ, იცით? შევუშალოთ ფიქრში ხელი, შევუშალოთ გაყალბებაში ხელი... ვაზანზაროთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ სტუდენტებს. არ ვჩერდებით, მუხტს არ ვაქრობთ. ჩვენს თვალებში არის მზე, ახალგაზრდების მზე, რომელიც ამოდის. ჩვენ გავიღვიძეთ. ჩვენი მზე ამოდის!”

საპროტესტო აქციების მერვე დღეს სტუდენტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ისინი არჩევნებამდე, ანუ პირველ ოქტომბრამდე, აუცილებლად მშვიდობიანი გზით მივლენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG