Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, აქციები გრძელდება


დღეს თბილისში ისევ გაგრძელდა საპროტესტო აქციები, რომელიც პატიმართა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნას, გადადგეს და დაისვას შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი, შეუერთდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. რამდენიმე ათასი სტუდენტი, სკანდირებით ”ძირს ბაჩო ახალაია”, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პრეზიდენტის რეზიდენციისა და მთავარი პროკურატურის მიმართულებით დაიძრა. წამების წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა ფილარმონიასთანაც.

თბილისში გრძელდება სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციები. აქციის მთავარი მოთხოვნაა გადადგეს და სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია. რამდენიმე ათასი სტუდენტი ამ მოთხოვნით უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა.

”ძალიან ბევრი უნივერსიტეტიდან შემოგვიერთდნენ: აგრარული უნივერსიტეტიდან, სამედიცინო, გაუ, ალასანია, ძალიან ბევრი უნივერსიტეტი... ვეღარ ჩამოვთვლი. მთავარი მოთხოვნა არის, პირველ რიგში, შეწყდეს ძალადობა ციხეებში, რომ პატიმრებს აღარ მოექცნენ ასე არაადამიანურად და, რაც მთავარია, გადადგეს ბაჩო ახალაია.”

” ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს და არ მოხდება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და იქამდე მივალთ, სანამ ყველა არ იქნება დასჯილი - ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდა, მათი უფროსები, ზედამხედველები და აბსოლუტურად ყველა.”

ის ყველა ადამიანი, რომელიც იყო და დღესაც არის ამ სისტემის ნაწილი, აუცილებლად უნდა წავიდეს და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში ...

ამ განცხადებების შემდეგ სტუდენტების კოლონა, რომელსაც თავზე საქართველოს გიგანტური დროშა ჰქონდა გადაფარებული, სკანდირებით და შეძახილებით ”ძირს ბაჩო ახალაია”, ”არა ძალადობას”, ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი მთავარი პროკურატურის შენობასთან, ნაწილი კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდა და საპროტესტო აქცია იქ განაგრძო.

პატიმრებისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობის წინაღმდეგ და მოთხოვნით, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და დაისვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა ცოცხები დაწვა, რამდენიმე ხნით მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებიც გადაკეტეს, რასაც მძღოლების მხარდამჭერი შეძახილები და საყვირების ხმა მოჰყვა. ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილე, კონსულტანტი საარჩევნო საკითხებში ეკა სირაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დადგეს არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას, არამედ ასევე სასჯელაღსრულების ექს-მინისტრის ხათუნა კალმახელიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეკა სირაძის განცხადებით, ამას გარდა, სამოქალაქო საზოგადოებამ ყოფილ სახალხო დამცველს, აწ უკვე სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი ტუღუშს უნდა მოსთხოვოს ციხეების მონიტორინგის უფლება:

” ის ყველა ადამიანი, რომელიც იყო და დღესაც არის ამ სისტემის ნაწილი, აუცილებლად უნდა წავიდეს და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. გარდა ამისა, დღეს ბატონი ტუღუში დაინიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად. ჩვენ გვინდა, რომ შევხვდეთ ბატონ გიორგი ტუღუშს და ვთხოვოთ, რომ აღდგეს სამოქალაქო მონიტორინგი ციხეებზე.”

ციხეების სამოქალაქო მონიტორინგი მიაჩნია მომავალში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრევენციად მწერალსა და პუბლიცისტს ლაშა ბუღაძეს. ის ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავხადოთ ეს სისტემა გამჭვირვალე, იმისათვის რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ეს საშინელი სადიზმი და სისასტიკე. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ საზოგადოება ძალიან აქტიურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.”

სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, საპროტესტო აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG