Accessibility links

logo-print
თბილისში პატიმრების წამების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტურმა გაერთიანებამ ”ლაბორატორია 1918” მცირე აქცია გამართა, ლოზუნგით ”სისტემა უნდა დაინგრეს”, რის შემდეგაც მათ თბილისში გაეროს ოფისთან გადაინაცვლეს, ლოზუნგით ”გაერო წამების წინააღმდეგ”. 25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სესია იმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოდის. სტუდენტთა აქციას გაეროს ოფისთან „ლაბორატორია 1918“-ის წევრი სანდრო ცაგარელი შეუერთდა, რომელიც 24 სექტემბერს, გვიან ღამით, სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. როგორც სანდრო ცაგარელი ამბობს, ის სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს:

”სამართალდამცავებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რატომ დამაკავეს. 40 წუთის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში დავდიოდით და ტელეფონით არკვევდნენ, თუ რა მიზნით ვყავდი მათ დაკავებული. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე”, - ამბობს სანდრო ცაგარელი.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოშივე გაიმართა ათამდე სტუდენტური ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის მოდერატორის სერგო ბარამიძის თქმით, იქმნება სტუდენთა ჯგუფი, სადაც თითოეული სტუდენტური გაერთიანებიდან ორ-ორი წევრი შევა. სწორედ სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, თუ როდის და რა ფორმით გააგრძელებენ სტუდენტები საპროტესტო აქციებს.

აქციები გრძელდება ფილარმონიასთანაც. იქ შეკრებილი მოქალაქეები აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომასა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ, ვისაც, მათი თქმით, რაიმე სახის წვლილი მიუძღვით პატიმართა წამების ფაქტებში. ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დაჩი ცაგურიას, გათავისუფლებას: თავისუფლება პოლიტპატიმრებს! დაუყოვნებლივ აღდგეს არასამთავრობოების მიერ ციხეების მონიტორინგი! მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მოგვაქციონ ყურადღება და მოვითხოვთ მხარდაჭერას! - ასეთია იმ პლაკატების გზავნილები, რომლებიც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზეა გამოფენილი. როგორც ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციები პირველ ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე, პერმანენტულად გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG