Accessibility links

logo-print

გამოკვლევა: ეკრანებთან გატარებული დრო ემოციურ მგრძნობელობას აჩლუნგებს


ახალი, საკმაოდ პროვოკაციული გამოკვლევის თანახმად, ეკრანებთან გატარებული დიდი დრო ბავშვებს ცხოვრებაში ემოციების ამოცნობას ურთულებს. ბავშვებს შესაძლოა „სიცილაკების“ მნიშვნელობის წაკითხვა იოლად შეეძლოთ, მაგრამ, გამოკვლევას თუ დავუჯერებთ, რაც მეტ დროს ატარებენ ციფრულ მედიასთან, მით უფრო მეტად უარესდება მათი სოციალური უნარები.

ბლოგ „ჰაფინგტონ პოსტს“ მოაქვს კვლევის თანაავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, დოქტორ პატრიცია გრინფილდის განცხადება, რომ მობილური ტელეფონების და კომპიუტერების ხანგრძლივი გამოყენების ერთ-ერთი შედეგი სხვა ადამიანების ემოციების გაგების უნარის დასუსტება და ემოციების მიმართ მგრძნობელობის დაჩლუნგებაა.

თუმცა, „ჰაფინგტონ პოსტის“ თანახმად, კვლევაში ვითარებიდან გამოსავალიც მოცემულია: დროდადრო რამდენიმე დღით ეკრანებიდან მოწყვეტა და ადამიანებთან ინტენსიური, პირისპირ ურთიერთობა სოციალური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

მკვლევრებმა მეექვსეკლასელთაგან შემდგარ ორ ჯგუფში ჩაატარეს კვლევა. ერთ ჯგუფში 51 მეექვსეკლასელი მოხვდა, რომლებმაც ხუთი დღე გაატარეს ბუნების წიაღში მოქმედ ბანაკში, სადაც აკრძალული იყო ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. მეორე ჯგუფში მოხვედრილი 54 მეექვსეკლასელი კი ბანაკში არ იმყოფებოდა და დიდ დროს ატარებდა კომპიუტერებისa და ტელეფონების ეკრანებთან.

ტესტები, რომლებიც ბავშვებს როგორც ხუთდღიანი პერიოდის დაწყების წინ, ისე მის შემდეგ ჩაუტარდათ, მათგან მოითხოვდა ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე ადამიანების მიერ გამოხატული ემოციების ამოცნობას - ეს რეალური სიტუაციები იქნებოდა თუ მსახიობების მიერ განსახიერებული დრამატული სცენა.

როგორც აღმოჩნდა, ბანაკში გატარებული დროის შემდეგ ბავშვებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სახის გამომეტყველების ამოცნობის უნარი. ბანაკში გაგზავნილ ჯგუფში მოხვედრილმა ბავშვებმა მაჩვენებელი საშუალოდ 14 შეცდომიდან 9 შეცდომამდე დაიყვანეს ფოტოების ტესტში. რაც შეეხება ვიდეოკადრების ტესტს, ბანაკში წასვლამდე ბავშვებმა ემოციების დაახლოებით 26 პროცენტი ამოიცნეს სწორად, ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 31 პროცენტი იყო. ამ ინფორმაციას ლოს ანჯელეს ტაიმსი ავრცელებს.

და მაინც, საიდან დაასკვნეს მკვლევრებმა, რომ ბავშვების სოციალური უნარები სწორედ ელექტრონული მოწყობილობების გარეშე გატარებულმა დრომ გააუმჯობესა და არა, მაგალითად, მათმა მონაწილეობამ ბანაკის ღონისძიებებში?

ამ კითხვით „ჰაფინგტონ პოსტმა“ მიმართა კვლევის კიდევ ერთ ავტორს, იალდა ულს, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ბავშვთა ციფრული მედიაცენტრის უფროსი მკვლევარია.

კითხვას მკვლევარმა იმეილით უპასუხა: „დარწმუნებით ვერ განვაცხადებთ, რომ აქ, მართლაც, საკუთრივ ელექტრონული მოწყობილობების გარეშე გატარებულმა დრომ იმოქმედა და ამას კვლევის ერთ-ერთ სუსტ ასპექტად მივიჩნევთ. მაგრამ, ჩვენი რწმენით, იმის გამო, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს არ იყენებდნენ, ბანაკის მონაწილეებს მეტი დრო ჰქონდათ ერთმანეთთან პირისპირ ურთიერთობისთვის და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მათი სოციალური უნარების გაუმჯობესება. ... გამოკვლევამ დაადასტურა ის, რასაც ბევრი მშობელი ინტუიციით ისედაც ხვდებოდა“.

მკვლევარი დასძენს, რომ, ამ ახალი კვლევის შედეგების ფონზე, იმ მოზარდების მშობლებმა, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ ტექნიკასთან, უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მოახმარონ ამ დროის შემცირებას და უნდა ეცადონ იმის უზრუნველყოფას, რომ ოჯახის წევრებს შორის ელექტრონული მოწყობილობების გარეშე, პირისპირ ურთიერთობა ხშირი იყოს.

გამოკვლევა 15 აგვისტოს გამოქვეყნდა ელექტრონულ ჟურნალში Computers in Human Behavior.

XS
SM
MD
LG