Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ზრუნავს ფსიქიკურად დაავადებულების დასაქმებაზე


მანანა შარაშიძე
მანანა შარაშიძე
დღეს საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დასაქმებას შეუწყობდა ხელს. ათასობით ადამიანს, ვინც რეაბილიტაციის კურსი გაიარა, სამსახურის შოვნის თითქმის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია - მათი დიაგნოზის გაგების შემდეგ ყველა სამსახურიდან უარით ისტუმრებენ. არ არსებობს სოციალური საწარმოები ან კანონმდებლობით დაწესებული შეღავათები კომპანიებისათვის, რომლებიც ამ დაავადების მქონე პირებს დაასაქმებდნენ. არადა, 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში 81 000 ფსიქიკურად დაავადებული ადამიანია რეგისტრირებული. როგორ ცხოვრობენ ისინი და რას ითხოვენ სახელმწიფოსგან? გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა მეტი ყურადღება მიექცეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარებას ქვეყანაში?

41 წლის რამაზ მუჯირიშვილი ათ წელზე მეტია ფსიქიკურადაა ავად. დაავადება, რომელიც, როგორც თავად იხსენებს, სიკვდილის შიშის გაჩენით დაიწყო, ძველებურად აღარ აწუხებს. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც შვიდი წელი იმკურნალა, დღესაც შეივლის ხოლმე სამსახურისგან თავისუფალ დღეებში. სამუშაო კი ორგანიზაცია ”საქართველოს კარიტასის” დახმარებით იშოვა. მცირე საწარმოში მარილიან ჩხირებს ამზადებენ. ამბობს, რომ კარგად იყიდება, შრომაც ბევრი უწევს და საკმაოდ იღლება კიდეც. სამაგიეროდ, თავის დაავადებაზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება და ბევრი არა, მაგრამ მაინც საკუთარი შემოსავალი აქვს.
როგორც კი იგებენ, რომ ფსიქიკურად ავად ვართ (თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის), მაშინვე უარს ამბობენ. მართვის მოწმობას არ იძლევიან ...

“დასაქმება, შრომა, მე მგონი, მართლა აკეთილშობილებს ადამიანს. კი ვიღლები, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები მეორეხარისხოვანი ხდება, სიკვდილსა და შიშზე საფიქრალად დრო აღარც მრჩება. მე თუ მკითხავთ, საავადმყოფოში მხოლოდ მწვავე ავადმყოფი უნდა მოხვდეს. უნდა იყოს რეაბილიტაციის კურსი, რომლის გავლის შემდეგ იქვე, სარეაბილიტაციო ცენტრთან არსებულ სოციალურ საწარმოში უნდა დასაქმდეს ჩემნაირი ადამიანი და თუ არ შეუძლია, ვთქვათ, რვა საათი მუშაობა, ორი იმუშაოს და შესაბამისი ანაზღაურება აიღოს..”

სახელმწიფოს მიერ სპეციალური შეღავათების დაწესების, სოციალური საწარმოების შექმნის გარეშე, ფიქრობს რამაზი, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის საქართველოში სამსახურის მოძებნა თითქმის გამორიცხულია - მით უმეტეს, კერძო სექტორში:

”ჩვენ რომ საზოგადოებამ მიგვიღოს, ალბათ, სამუშაოს მოძებნაშიც აღარ გვექნებოდა დაბრკოლება. როგორც კი იგებენ, რომ ფსიქიკურად ავად ვართ (თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის), მაშინვე უარს ამბობენ. მართვის მოწმობას არ იძლევიან, მძღოლად ვერ იმუშავებ, ელექტროენერგიასთნ მუშაობა არ შეიძლება, არც სიმაღლეზე, მაგალითად, მშენებლობაზე. მიწაზე კიდევ, თბილისში მიწაზე როგორ იმუშავებ, მაშინ უნდა გადასახლდე სადმე, სოფელში. ანუ რეაბილიტაციის კურსს რომ გაივლის ადამიანი, ის აუცილებლად უნდა დაასაქმო, თორემ სახელმწიფოს ხელმეორედ მოუწევს ხარჯების გაწევა, ისედაც მთელი ცხოვრება რეაბილიტაციის ცენტრში ხომ არ იქნება ეს ადამიანი. თან დღეში ათლარიან ვაუჩერს ხომ გვაძლევენ, მთელი ცხოვრება რომ ასე გვიხადონ, ამას სჯობს ერთი სოციალური საწარმო მაინც შეიქმნას, სადაც რაღაც ნაწილი მაინც დასაქმდება.”

რამაზი დარდობს, რომ ცოტა ხნის წინ სპეციალური დანადგარი, რომლითაც ჩხირებს ამზადებდნენ, გაფუჭდა და ხელით მუშაობა უწევს. დილის რვიდან საღამოს შვიდამდე ფეხზე დგომა მისი დაავადების პირობებში საკმაოდ რთულია. თუმცა ზუსტად იცის, რომ უმუშევარი ვერ იქნება. მით უმეტეს, თუ სურვილი გაქვს ასასრულებელი:

„ ახლა ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი ოთახი კი მაქვს, მაგრამ ჩემთვის მინდა გადავიდე, ჩემი კუთხე მქონდეს. შეყვარებული მყავს და ცოლად ვერ მომყავს მაგის გამო”...

მაგრამ რამაზ მუჯირიშვილი ერთ-ერთი გამონაკლისია. ათასობით მისი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანი საქართველოში არ მუშაობს და ჯერჯერობით მათთვის არც რაიმე პერსპექტივა ჩანს.

დღეს არსებობს ერთადერთი გზა, რომელიც საავადმყოფოდან გამოწერილი პაციენტებისთვის მხოლოდ სახლისაკენ მიდის. ყველა ფსიქიატრი ადასტურებს, რომ ერთი ჩაკეტილი სივრციდან მეორეში გადანაცვლება ამ ადამიანების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, დასაქმების, საზოგადოებასთან ინტეგრაციის გარეშე საავადმყოფოში მათი ხელახლა დაბრუნების წინაპირობაა. საქართველოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ფსიქიატრი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ გაჯანსაღება, სიმპტომების მოხსნა ამ ადამიანების საზოგადოებაში დასაბრუნებლად მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მათი გადარჩენა ნიშნავს მოტივაციის გაჩენას, ფუნქციის შეძენას, იმის დაჯერებას, რომ ისინი საჭირონი არიან. დასავლეთის ქვეყნებში, განმარტავს მანანა შარაშიძე, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა დასაქმება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია:
უცხოეთში არსებული სისტემის მიხედვით, სოციალური მუშაკი მიდის დამსაქმებელთან, სწავლობს იმ სამუშაო ადგილს, პაციენტს ამზადებს დასასაქმებლად ...

”უცხოეთში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმებას რომ მასობრივი ხასიათი ჰქონოდა, საგადასახადო შეღავათები დაწესდა, ყველა ბიზნესს აქვს იქ სოციალური პროგრამა, სოციალური ვალდებულება, რომ საწარმოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გარკვეული პროცენტი დაასაქმო. ყველგან სხვადასხვაა ეს პროცენტი. ვთქვათ, ზოგან არის 3%. ხოლო თუ ვერ ასაქმებ მათ, მაშინ სახელმწიფოსგან გაქვს ვალდებულება, რომ მათი საწარმოს პროდუქცია შეიძინო და ა.შ. საქართველოში ასეთი სოციალური საწარმოს შექმნა ძალიან ძნელია, რადგან მას არა აქვს კანონით დადგენილი შეღავათები, როგორც, ვთქვათ, იტალიაში.”

არასამთავრობო სექტორის დახმარებით ფსიქიკური პრობლემების მქონე ათიოდე ადამიანი საქართველოშიც დასაქმდა - სასადილოში მიმტანად, საცხობში, ავტოპროფილაქტიკაში. თუმცა ისინი ამისათვის წინასწარ მოამზადეს, მაგრამ, როგორც მანანა შარაშიძე იხსენებს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მაინც გამწვავდა - სამსახურის დაწყება მათთვის ერთგვარი სტრესიცაა. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ წინასწარი მომზადება - სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენა. განვითარებულ ქვეყნებში ამაზე მთელი სისტემა მუშაობს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ცხადია, ფსიქიკური პრობლემების მქონე 81 000 ადამიანის მომსახურებას ვერ გასწვდება. სწორედ ამდენი რეგისტრირებული ადამიანია საქართველოში, 2011 წლის მონაცემებით, და ეს რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.6%-ით მეტია.

”უცხოეთში არსებული სისტემის მიხედვით, სოციალური მუშაკი მიდის დამსაქმებელთან, სწავლობს იმ სამუშაო ადგილს, პაციენტს ამზადებს დასასაქმებლად. აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ რამდენიმე პაციენტს ვუთხარით, რომ დავასაქმებდით, უმრავლესობას გაუხარდა, მაგრამ ნაწილს დაეწყო შფოთვა - არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ გაამართლებდნენ მოლოდინს.“

თუმცა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმებაზე ზრუნვა - საქართველოსათვის ჯერჯერობით მომავლის გამოწვევად რჩება. სერვისები, ინფრასტრუქტურა, კადრების გადამზადება - ჯერ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, - ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგი წერეთელი.
საარსებო მინიმუმი რომ იყოს, რომ ჭამაზე გვეყოს, რომ ელემენტარულ რამეებს არ იყვნენ დანატრებული ...

„კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა, მაგრამ ვმუშაობთ“, - გვპასუხობენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. ამ უწყების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა სოფო მორგოშიამ განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე იმართება შეხვედრები, რომლებზეც ფსიქიკურად დაავადებული ადამინების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტებზე მსჯელობენ.

მედეა ტოგონიძის ორივე შვილი უკვე წლებია ფსიქიკურად ავადაა. არც ნინოს და არც მამუკას წასასვლელი თითქმის არსად აქვთ. განსაკუთრებით მამუკას უჭირს:

”თენდება.. უყურებს ტელევიზორს, უსმენს მუსიკას, პოლიტიკასაც ადევნებს თვალს.. ამას წინათ მითხრა, შენ რომ აღარ გვეყოლები, მე და ნინო გავყიდით ამ სახლს და „კათარზისში” წავალთ და იქ ვიცხოვრებთო..

ნინოს უპირველესი პრობლემაც უმუშევრობაა. ის პროფესიით ფსიქოლოგია, დაავადების გამწვავების შემდეგ მუშაობას თავი დაანება და ხელახლა სამსახური ვეღარაფრით იშოვა.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. მედეა ტოგონიძის ერთადერთი სურვილი კი ის არის, რომ ეს პენსია საკვების საყიდლად მაინც იყოს საკმარისი:

”საარსებო მინიმუმი რომ იყოს, რომ ჭამაზე გვეყოს, რომ ელემენტარულ რამეებს არ იყვნენ დანატრებული. განსაკუთრებით ბიჭს უჭირს. დიდად არ ჩივის, სულ მეუბნება, გავიჭირვოთ, ნისიაზე არ ავიღოთ პროდუქტიო. ხანდახან მგონია, რომ ამ გაჭირვების გამო თავის ავადმყოფობაზე ფიქრის დროც კი აღარ რჩება”...
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG