Accessibility links

logo-print

ფსიქოლოგები მკაცრად აკრიტიკებენ საექსპერტო დასკვნას „პუსი რაიოტის“ საქმესთან დაკავშირებით


"პუსი რაიოტის" წევრები ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოში მიჰყავთ

"პუსი რაიოტის" წევრები ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოში მიჰყავთ

რუსეთის აკადემიური წრეების ასამდე ცნობილმა წარმომადგენელმა, ძირითადად ფსიქოლოგებმა, ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ექსპერტთა დასკვნები პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ საქმესთან დაკავშირებით. წერილის ხელმომწერები „სამარცხვინოს“ უწოდებენ ექსპერტთა დასკვნას, რომელსაც „პუსი რაიოტის“ სასამართლო პროცესზე ბრალმდებელი თავისი პოზიციის განსამტკიცებლად იყენებს.

„პუსი რაიოტის“ წევრებს ბრალი ედებათ რელიგიური შუღლისა და სიძულვილის გაღვივების მიზნით ჩადენილ ხულიგნობაში. ექიმები და ფსიქოლოგები საექსპერტო დასკვნის შემდგენელთა მიერ პროფესიის შეურაცხყოფაზე საუბრობენ და მოუწოდებენ კოლეგებს, შეუერთდნენ მათს მიმართვას. „პუსი რაიოტის“ საქმის სასამართლო განხილვაზე ეს ე.წ. „ფსიქო-ლინგვისტური ექსპერტიზა“ ერთ-ერთი ცენტრალური მომენტად იქცა. ექსპერტიზის ტექსტზე დაყრდნობით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მოშველიებით, სახელმწიფო ბრალმდებელი ცდილობს, დაასაბუთოს განსასჯელების დანაშაული, აღნიშნავენ ღია წერილში პროფესიონალი ფსიქოლოგები. წერილში აღნიშნულია, აგრეთვე, რომ ექსპერტების დასკვნას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება და დიდწილად განაპირობებს, მიიჩნევენ თუ არა განსასჯელებს დამნაშავეებად.

ადამიანს აქვს უფლება, ამ საკითხთან თუ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს თავისი აზრი. მაგრამ თუ ის საექსპერტო დასკვნის ავტორია, მაშინ ის უნდა ისწრაფოდეს ჭეშმარიტების დასადგენად - ამბობს წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, ფსიქოლოგიის დოქტორი მარინა ეგოროვა: „პირველ რიგში, ჩვენ, პროფესიონალები, აღვშფოთდით ასეთი აშკარა არაპროფესიონალიზმით. საგონებელში ჩავვარდით, როცა ინტერნეტის მეშვეობით ამ საექსპერტო ფსიქო-ლინგვისტურ დასკვნას გავეცანით. ეს არის ტექსტი, რომელიც არ არის შექმნილი პროფესიული მეთოდების გამოყენებით“ - განაცხადა ეგოროვამ.

ღია წერილში განსაკუთრებულადაა აღნიშნული, რომ შეუძლებელია რაიმე დასკვნის გაკეთება „პუსი რაიოტის“ წევრთა მოტივაციასა და მათი ქმედების მიზანთან დაკავშირებით, სოციალური შინაარსის ანალიზისა და მათი უწინდელი საქმიანობის განუხილველად. ექსპერტიზის ავტორებმა ეს უგულებელყვეს. ამის გარდა, საკრალურობისა და მკრეხელობის შერწყმას, შესაძლოა, ორი მიზანი ჰქონდეს: ერთი შეიძლება იყოს დაცინვა, ხოლო მეორე - ამ დაცინვის შეწყვეტის მოთხოვნა. ამისათვის აუცილებელია შინაარსის ანალიზი, რომელიც, ღია წერილის შემდგენელთა აზრით, ამ ტექსტს აკლია.

არ შეიძლება, ქმედების შეფასება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტების სუბიექტურ აზრს. ფსიქოლოგიაში არსებობს შესაძლებლობა, ვერბალურთან ერთად, შეაფასო არავერბალური კომუნიკაციის ელემენტები, რაც ამ დასკვნაში გამოყენებული არ არის.

ღია წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ვიქტორია იურკევიჩი: „ჩვენი წერილი, პირველ რიგში, პასუხია ჩვენი პროფესიისადმი უპატივცემულობაზე, მისი დისკრედიტაციისა და პროფანაციის მცდელობაზე. ფსიქოლოგია არც ისეთი პრიმიტიული და დილეტანტური რამ არის, როგორც საექსპერტო დასკნვიდან ჩანს. მრცხვენია იმის გამო, რომ პირველ პლანზე ასეთმა არაკომპეტენტურმა ფსიქოლოგმა წამოიწია“, - ამბობს ვიქტორია იურკევიჩი და დასძენს: „აშკარაა ამ თხზულების პრიმიტიულობა. ჩვენთვის აშკარაა, რომ შესაძლებელი იყო ამ საქმის გაცილებით უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულება. თან არც კი ვახსენებ იმას, რაზეც ახლა ყველა ლაპარაკობს: მითითებებზე მე-15-მე-16 საუკუნის რაღაც საეკლესიო კრებაზე, ტრულის კრებაზე და სხვა. ეს დასკვნა ჩვენი პროფესიის სირცხვილია.“

კანონის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ექსპერტიზას არ ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა და სასამართლოს მიერ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. თუმცა, ადვოკატ ანა სავიცკაიას თქმით, მტრობისა და შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული დანაშაულების განხილვისას, როგორიც არის, მაგალითად, „პუსი რაიოტის“ საქმე ან გამოფენები „აკრძალული ხელოვნება“ და „ფრთხილად - რელიგია“, სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ექსპერტების დასკვნებს, რომლებიც, პროკურორის აზრით, განსასჯელების ბრალეულობას ამტკიცებს.

„ჩვენს პროცესებზე დაცვის მიერ წარმოდგენილი ყველა მსგავსი საექსპერტო დასკვნა პრაქტიკულად მთლიანად უარყოფილ იქნა. ესე იგი სასამართლო უარყოფდა იმ ექსპერტთა დასკვნას, რომელიც დაცვის მიერ იყო წარმოდგენილი და უსიტყვოდ ენდობოდა იმ ექსპერტთა დასკვნას, რომელსაც ბრალდება სთავაზობდა“, - ამბობს ანა სავიცკაია.

შეგახსენებთ, რომ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ მონაწილეებს: ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, მარია ალიოხინსა და ეკატერინა სამუცევიჩს ასამართლებენ ე.წ. პანკ-რიტუალის მოწყობისთვის სახელწოდებით „დედაო ღვთისა, განდევნე პუტინი“, რომელიც მათ მიმდინარე წლის თებერვალში შეასრულეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. პროკურორი მათთვის სამწლიან სასჯელს ითხოვს. 17 აგვისტოს მოსკოვის ხამოვნიკის რაიონულმა სასამართლომ „პუსი რაიოტის“ საქმეზე განაჩენი უნდა გამოიტანოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG