Accessibility links

logo-print

აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევი კონკურსის თაობაზე


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას საპარლამენტო საკონკურსო კომისია 18 დეკემბრიდან შეუდგება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი იმ 27 კანდიდატის ვინაობა, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ცხრა ადგილისათვის მოუწევს ბრძოლა. თუმცა ერთი დღით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აცხადებს, რომ პროცესი დაჩქარებული წესით მიდის, და საკონკურსო განაცხადების ვადის რამდენიმე დღით გადაწევას მოითხოვს.

სულ ცოტა, 27 კანდიდატისგან შემდგარი სია საკონკურსო კომისიამ პარლამენტს 22 დეკემბრისთვის უნდა გადაუგზავნოს. შერჩევის პირველი ეტაპი წარმოდგენილი საბუთების შემოწმებას და კონცეფციების განხილვას დაეთმო და ეს პროცესი, როგორც საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი, ზვიად დევდარიანი, აცხადებს, პრაქტიკულად დასრულებულია. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატთა რიცხვმა, შესაძლოა, 27-ს გადააჭარბოს კიდეც. მათთან გასაუბრებას კომისია მომდევნო სამ დღეში გეგმავს.

„გასაუბრება, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება და ჩატარდება ხვალ, ზეგ და მაზეგ, ანუ ჩვენ გამოვიყენებთ დარჩენილ დღეებს კანონით დადგენილ ვადამდე. ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება ეს გასაუბრებები ჩატარდეს და, შესაძლოა, ამისათვის გამოვიყენოთ ტელეეთერიც, მაგალითად, მეორე არხი, ან პირდაპირი ტრანსლაცია გავუშვათ ინტერნეტსივრცეში“.
ზვიად დევდარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ რამდენიმე კრიტერიუმს ასახელებს, რომლებითაც კანდიდატების არჩევა განისაზღვრება: გამოცდილება და კვალიფიკაცია ჟურნალისტიკის სფეროში; ის, რომ არჩეული კანდიდატი არ ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, გამორიცხული იყოს ინტერესთა კონფლიქტი და სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით. ერთი სიტყვით, ბორდი შედგებოდეს დამოუკიდებელი, პროფესიული კადრებისგან. უკვე წარმოდგენილ სიაში საზოგადოებისათვის ცნობილი ბევრი სახეა.

„ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ისეთი კანდიდატები, რომლებიც არ გააჩენს იმის ეჭვს, რომ ეს პროცესი პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ კომისია საკმაოდ ნეიტრალურია, კარგად გვესმის, ვინ შეიძლება სარგებლობდეს ნდობით და ვინ არა და სწორედ ამ თვალით ვაფასებთ თითოეულ კანდიდატს“.

აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ამ სიაში, როგორც კანდიდატები, იმ სამწუხარო მიზეზის გამო, რომ მათ ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ არ ჰქონდათ. ეს სერიოზული ხარვეზია...
თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს მაინც ახლავს უკმაყოფილება სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, პარლამენტში დაიწყო ლაპარაკი იმაზე,რომ, შესაძლოა, გახანგრძლივდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ყოფნის მსურველთა განცხადებების მიღების ვადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პირდაპირ თქვა, რომ რამდენიმე ღირსეულმა ადამიანმა ვერ მოასწრო საკუთარი კანდიდატურის წარდგენა კონკურსზე და ის ეცდება, რომ პარლამენტმა საბუთების მიღების ვადა რამდენიმე დღით გადადოს. საგანელიძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, მან მხოლოდ ის თქვა,რომ საზოგადოებას, როგორც ჩანს, ინფორმაცია საკმარისად სრულყოფილად ვერ მიეწოდა:

„აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ამ სიაში, როგორც კანდიდატები, იმ სამწუხარო მიზეზის გამო, რომ მათ ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ არ ჰქონდათ. ეს სერიოზული ხარვეზია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს და სრული გამჭვირვალობა ჰქონდეს“.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ვისაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი გააჩნია მოხვდეს სამეურვეო საბჭოში, ვერც კი გაიგო, რა კომპლექტდებოდა...
ბორდის არჩევის წესი არ მოსწონს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ემზარ გოგუაძეს, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტარებს ტელევიზიაზე კონტროლის დაწესება სურთ. საგანგებო განცხადება გოგუაძემ 17 დეკემბერსაც გააკეთა:

თუმცა ემზარ გოგუაძის და დავით საგანელიძის მოსაზრებები განცხადებების მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე ერთმანეთს ემთხვევა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებების მისაღებად გამოყოფილი დრო არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს საარჩევნო პროცესში გარკვეულიყო.

"საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ვისაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი გააჩნია მოხვდეს სამეურვეო საბჭოში, ვერც კი გაიგო, რა კომპლექტდებოდა", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

ვადის რამენიმე დღით გაზრდის საკითხს 17 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ყველა პროცედურა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდა. მისთვის ასევე უსაფუძვლოა არგუმენტი, თითქოს კონკურსის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ იყო:
„იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა სურს, მგონია,რომ დაინტერესებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებით და მას თვალს ადევნებდეს, მით უმეტეს, რომ ბოლო ერთი თვეა პარლამენტში ამ საკითხზე ვმსჯელობთ“.

კომისიის წევრი ზვიად დევდარიანი კი აცხადებს, რომ კანონით დადგენილი ვადები არ დარღვეულა და სრულიად საკმარისი დრო იყო მსურველების მხრიდან განაცხადების შესატანად. თუმცა დევდარიანი იმასაც შენიშნავს, რომ ბევრმა კანდიდატმა სწორედ ბოლო დღეებში მიიღო კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება. დევდარიანი ამბობს, რომ ვადის გადაწევა კომისიის კომპეტენცია, ცხადია, არ არის, თუმცა ამ მხრივ ცვლილებას არ მოელის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადის გახანგრძლივება დისკრიმინაციული იქნება და სამართლიანობის პრინციპს დაარღვევს, - ასე გამოეხმაურა ამბავს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომლის განცხადებით, გამოქვეყნებულია კონკურსში მონაწილე პირთა პროგრამები და კონცეფციები და განაცხადთა მიღების ვადის გაგრძელება ახალ მსურველებს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო საპარლამენტო კომისიის შემადგენლობა 11 დეკემბერს დაამტკიცა. კომისიის მიერ წარმოდგენილი საბოლოო 27 (ან მეტი) კანდიდატიდან სამ-სამს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია აირჩევს, ორი სახალხო დამცველის რჩეული იქნება, ერთი კანდიდატის არჩევის უფლება კი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რჩება. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი 9 წევრისგან შემდგარი ბორდი ახალ წლამდე უნდა შეირჩეს.
XS
SM
MD
LG