Accessibility links

საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი, რომელიც 65 წელს შეადგენდა, გაუქმდა. უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ დავით ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა. როგორც ცვლილების ავტორი განმარტავს, ადამიანის სამსახურში ყოფნა ამჯერად განისაზღვრება მისი კომპეტენციის, გამოცდილების, ცოდნისა და შრომისუნარიანობის და არა ასაკის მიხედვით. რას ფიქრობენ ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესული ცვლილების თაობაზე დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები?

63 წლის ჯენარა კალმახელიძე წლებია საჯარო სამსახურში მუშაობს. როგორც ამბობს, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ 65 წლის შესრულდებოდა თუ არა, სამსახურიდან წასვლა მოუწევდა, რადგან დღემდე ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლი საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს სწორედ 65 წლით განსაზღვრავდა. “ამის გამო თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდიო”, - გვეუბნება ის: “ენერგიაც მაქვს, ძალაც შემწევს. არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო ახალგაზრდა ასაკში არ შეუძლიათ მუშაობა და ისინი თავისით წავლენ, მაგრამ ადამიანი რომ აიძულო წავიდეს სამსახურიდან, ძალიან ძნელია. საკუთარი გადაწყვეტილებით რომ წახვალ, ეს სულ სხვაა, მაგრამ ეს ძალადობრივი ქმედება არ უნდა იყოს. ახლა ამისი აღარ მეშინია”.

საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი გაუქმებულია. უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ დავით ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა. როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, ადამიანის სამსახურში ყოფნა ამჯერად განისაზღვრება მისი კომპეტენციის, გამოცდილების, ცოდნის და შრომისუნარიანობის და არა ასაკის მიხედვით. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 2006 წელს დათქმული ზღვრული ასაკი იყო დისკრიმინაციული და ის ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების პრინციპებს:

”თუკი 65 წლის ასაკს ზევით იყავი, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობა გქონდა, მაინც უნდა დაგეტოვებინა სამსახური. სამსახურში მიღებაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. დღეიდან უკვე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება და თუ ისინი სამსახურის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მათი ასაკი დასაქმების პრობლემას აღარ შექმნის”, - ამბობს დავით ონოფრიშვილი.

დავით ონოფრიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში უცხოეთის გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რიგ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა საჯარო სამსახურებში, თუმცა, მისი თქმით, იქ საპენსიო სისტემა მაღალ დონეზეა მოწესრიგებული და, შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში სამსახურიდან წასვლა არ იწვევს სოციალურ პრობლემებს, რასაც, დავით ონოფრიშვილის სიტყვებით, საქართველოს მაგალითზე ვერ ვიტყვით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ცვლილებას ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში მიესალმება და აცხადებს, რომ როდესაც საქმე პროფესიონალიზმსა და შრომისუნარიანობას ეხება, არასწორია დასაქმებისათვის ზღვრული ასაკის დაწესება. ის ამ მიმართულებით ასოციაციის ერთ გამოცდილებაზე მიუთითებს:

”გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა გაიმარჯვა კონკურსში და მერე აღმოაჩინეს, რომ ის თურმე 65-ს გადაცილებული იყო და თანამდებობაზე აღარ დანიშნეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, კანონში სწორედ ზღვრული ასაკის გაუქმების მოთხოვნით მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. დაწერილიც გვაქვს სარჩელი, დღე-დღეზე უნდა შეგვეტანა სასამართლოში, მაგრამ დაგვასწრო პარლამენტმა და თავად გააუქმა ის მუხლი, რომელიც, ჩვენი აზრით, ნამდვილად გასაუქმებელი იყო”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ამბობს, რომ საჯარო სამსახურში ყოფნისა თუ დასაქმების ზღვრული ასაკის გაუქმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა. ის იმასაც განმარტავს, რომ 2006 წელს ყოფილმა მმართველმა გუნდმა ზღვრული ასაკის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მიიღო, რომ საჯარო სამსახურებში მეტ ახალ კადრს ჰქონოდა დასაქმების შესაძლებლობა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც, 2006 წელს საჯარო სამსახურებში ყოფნის ზღვრული ასაკის დადგენის შემდეგ, მათ ორგანიზაციას არაერთი ადამიანი მიმართავდა დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, კანონში არსებული ჩანაწერი ზღვრული ასაკის თაობაზე იყო დისკრიმინაციული, ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ დათქმის გაუქმების გამო ერთ შესაძლო საფრთხეზე მიუთითებს:

”ახალგაზრდების დასაქმება გართულდება. ანუ თუ ადამიანები არ გადიან პენსიაზე, მაშინ სამუშაო ადგილები არ თავისუფლდება, მაგრამ ამის დარეგულირებას სჭირდება ეკონომიკის განვითარება, პროფესიული გადამზადება, კონკურენტული გარემოს შექმნა, ახალგაზრდების კომპეტენციის ამაღლება და სწორედ ასე მოიპოვებენ ახალგაზრდები სამუშაო ადგილებს. ფაქტია, რომ ერთი მეორეს შეიძლება ხელს უშლიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები შიმშილით სიკვდილისთვის გავწიროთ”, - მიაჩნია ირაკლი პეტრიაშვილს.

რას ფიქრობენ საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკის გაუქმების თაობაზე რიგითი მოქალაქეები? თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათი დამოკიდებულება კანონში შესულ ცვლილებაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითია:

- ზოგი ისეთი ენერგიულია და 65 წელი არ არის ის ასაკი, რომ ადამიანმა ვერ იმუშაოს.
- როცა ადამიანს აქვს ახალგაზრდაზე უფრო კარგი ტვინი, იმან უნდა იმუშაოს.
- რა თქმა უნდა, მისასალმებელია კანონში ცვლილება, თუკი ეს ყველაფერი პრაქტიკულად განხორციელდება.
- უფროსმა თაობამ უნდა აღზარდოს მცოდნე ახალგაზრდა თაობა.
- ძალიან ახალგაზრდებს ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან და აღარ აძლევდნენ მუშაობის უფლებას და სანამ შეუძლია ადამიანს, უნდა იმუშაოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG