Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფულადი გზავნილების მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია გრძელდება.

2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 212.5 მლნ ლარი, შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

იმ პირობებში, როცა გზავნილები ქვეყნის მშპ-ს 9 პროცენტს შეადგენს და, შესაბამისად, სავალუტო შემოდინებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ეს ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია - მით უფრო, რომ ფაქტორები, რომელთა გამოც ეს შემცირება მოხდა, დროში მდგრადია და უახლოეს ხანებში გამოსწორებას არ ექვემდებარება.

სტატისტიკა ამბობს, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.

პირველ ადგილს, ამ თვალსაზრისით, ინარჩუნებს რუსეთი, საიდანაც გადმორიცხვებმა 2015 წლის სექტემბერში 36,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; იმავე პერიოდში ევროკავშრიდან 25,7 მილიონი აშშ დოლარია გადმორიცხული. ამასთან, თუ გასულ წელს რუსეთიდან გადმორიცხული თანხები მთლიანი გზავნილების 50 პროცენტს აღემატებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 41 პროცენტია, მაშინ როცა ევროკავშირიდან გზავნილების წილი საერთო გზავნილებში 1 პროცენტით არის გაზრდილი და მთლიანი მოცულობის 29 პროცენტს შეადგენს.

რუსეთიდან გზავნილების მოცულობაზე, ცხადია, გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა. სწორედ ეკონომიკური კრიზისის გამოა მნიშვნელოვნად შემცირებული გადმორიცხვები საბერძნეთიდან (გასულ წელს თუ ამ ქვეყნიდან საერთო გზავნილების 13,5 პროცენტი გადმოირიცხა საქართველოში, წელს ეს მაჩვენებელი 7,5 პროცენტია).

რუსეთისა და ევროკავშრის გარდა, გზავნილებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აშშ, საიდანაც გასულ წელს მთელი გზავნილების 5,6 პროცენტი გადმოირიცხა, წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 10 პროცენტამდე ავიდა.

საინტერესოა საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების ოდენობაც: 2015 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.8 მლნ აშშ დოლარი (33.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.9 მლნ აშშ დოლარისა (25.9 მლნ ლარის) გასული წლის სექტემბერში.

ცხადია, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები საკმაოდ ცუდი სიგნალია საქართველოს ეკონომიკისა და ვალუტის სტაბილურობისთვის. ექსპორტის მაჩვენებლების შემცირების კვალდაკვალ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბუმის გარეშე ეკონომიკის ზრდის მიღწევა საკმაოდ ძნელი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG