Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძვირი საფასური პანკ-ლოცვისთვის "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!"


მოსკოვი, 30 ივლისი: Pussy Riot-ის წევრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუცევიჩი და მარია ალიოხინა სასამართლოს სხდომაზე
მოსკოვი, 30 ივლისი: Pussy Riot-ის წევრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუცევიჩი და მარია ალიოხინა სასამართლოს სხდომაზე
მოსკოვში სასამართლომ დაიწყო ქალთა პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრების საქმის არსებითი განხილვა. Pussy Riot-ის სამ წევრს ხულიგნობის ბრალდება აქვს წაყენებული მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შესრულებული ე.წ. პანკ-ლოცვისთვის: ”ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი”. ახალგაზრდა ქალებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულებს ორშაბათს ჰქონდათ სასამართლოში თავიანთი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.

მოსკოვში, სასამართლოს სხდომაზე, ბრალდებულების ადვოკატმა ვიოლეტა ვოლკოვამ წაიკითხა სამივე კლიენტის განცხადებები. მან დაიწყო 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მიმართვით.„ჩვენი სიმღერებისა და გამოსვლებისთვის თემებს დრო გვკარნახობს. ჩვენ მხოლოდ რეაგირებას ვახდენთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და პანკური გამოსვლების ფორმით გამოვხატავთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხის შეხედულებებსა და განწყობებს. სიმღერაში „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“ ჩვენ ავსახეთ რუსეთის მრავალი მკვიდრის რეაქცია პატრიარქის მოწოდებაზე, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისათვის მიეცათ ხმა 2012 წლის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, ნათქვამია ტოლოკონიკოვას განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა წაიკითხა და რომელშიც არაერთხელ არის აღნიშნული, რომ პანკჯგუფს არ დაურღვევია კანონი.

ე.წ. პანკ-ლოცვა „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“ თებერვალში შესრულდა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. ადგილზე გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს მოგვიანებით დაამატეს მუსიკალური კომპოზიცია და ასე გაავრცელეს ინტერნეტში.



Pussy Riot-ის წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას განცხადებაში, რომელიც დღეს სასამართლოს სხდომაზე წაიკითხა მისმა ადვოკატმა, არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ აქციის მონაწილეებს არავის შეურაცხყოფა არ სურდათ და მზად არიან, პატიება სთხოვონ იმათ, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„მზად ვარ, ვაღიარო, რომ დავუშვით ეთიკური შეცდომა. ეს არის სწორედ შეცდომა, რადგან განზრახული არ გვქონია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. და ჩვენი ეთიკური, ხაზგასმით აღვნიშნავ, ეთიკური და არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალეულობა მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარ თავს უფლება მივეცით, რეაგირება მოგვეხდინა პატრიარქის მოწოდებაზე, რომელმაც გაგვანაწყენა: ხმა მიგვეცა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის პოლიტიკისათვის“. ტოლოკონიკოვას ამ პრინციპულ, მაგრამ მაინც შემრიგებლური ტონის განცხადებაზე უფრო შეუპოვრად ჟღერს 24 წლის მარია ალიოხინას მიმართვა:„მე მეგონა, რომ ეკლესიას უყვარს თავისი შვილები. მაგრამ ირკვევა, რომ აქაც არსებობს განსხვავებები: ეკლესიას უყვარს მარტო ის შვილები, რომლებსაც პუტინის სწამთ“, - ნათქვამია მარია ალიოხინას განცხადებაში, რომელიც ასევე ადვოკატმა ვოლკოვამ წაიკითხა.

იქვე ვოლკოვამ მოსამართლეს სთხოვა მოწმის სახით პროცესზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიწვევა, რაზეც უარი მიიღო. მოსამსართლემ უარი თქვა ასევე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისათვის დაბრუნებაზე.

მესამე ბრალდებულის, 29 წლის ეკატერინა სამუცევიჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ჯგუფის წევრები სასჯელს იმსახურებდნენ ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის ხელის შეშლის გამო, უკვე დაისაჯნენ, რადგან რამდენიმე თვეა, ციხეში იმყოფებიან. „ჯგუფის ყველა გამოსვლის ძირითადი თემა არის არა რელიგია, ან მართლმადიდებელი მორწმუნეები, არამედ 2011 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების უკანონობა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობა და ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პოლიტიკურ და სოციალურ თავისუფლებებს“, ნათქვამია სამუცევიჩის განცხადებაში.

ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ სინდისის პატიმრებად - პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებულ პირებად მიიჩნევს Pussy Riot-ის წევრებს. მათ მხარდაჭერას უცხადებს მრავალი მუსიკოსიც, მათ შორის სტინგი და ჯგუფი Red Hot Chili Peppers.

ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, 20 ივლისს, მოსკოვში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პანკ-ჯგუფის წევრებისთვის წინასწარი პატიმრობის კიდევ ექვსი თვით გაგრძელების შესახებ.
XS
SM
MD
LG