Accessibility links

logo-print

"პუსი რაიოტი" გამორიცხავს შეწყალების თხოვნას


მოსკოვი, 2012 წლის 21 თებერვალი: "პუსი რაიოტის" წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლენენ პუტინის საწინააღმდეგო "პანკ-ლოცვას"

მოსკოვი, 2012 წლის 21 თებერვალი: "პუსი რაიოტის" წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლენენ პუტინის საწინააღმდეგო "პანკ-ლოცვას"

რუსეთში პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები არ აპირებენ, შეწყალება ითხოვონ მას შემდეგ, რაც მათ პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციისათვის. ადვოკატების განცხადებით, გამორიცხულია, მსჯავრდებულებმა შეწყალება სთხოვონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. თუმცა, დაგეგმილია განაჩენის გასაჩივრება.

„პუსი რაიოტის“ პატიმრობამისჯილი წევრების ადვოკატები აპირებენ მოსკოვის სასამართლოში პარასკევს გამოტანილი ვერდიქტის - „პუსი რაიოტის“ წევრებისათვის მისჯილი ორ-ორწლიანი პატიმრობის გასაჩივრებას როგორც რუსეთში (უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში), ისე უცხოეთში (სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში). ადვოკატების განცხადებით, მსჯავრდებულები არ აპირებენ, შეწყალების თხოვნით მიმართონ რუსეთის პრეზიდენტს. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ მოჰყავს ადვოკატ ნიკოლაი პოლოზოვის სიტყვები: „ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ თავიანთი შეწყალებითო“.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ „პუსი რაიოტის“ სამი წევრი (სამი ახალგაზრდა ქალი) დამნაშავედ სცნო რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში თებერვალში, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციისათვის. „პუსი რაიოტის“ წევრებმა, მათივე განმარტებით, აღავლინეს „პანკ-ლოცვა“ „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“.

შევახსენებ მათ, ვინც ცდილობს, საქმე ისე წარმოსახოს, თითქოს ჩვენთან სასამართლო დამოუკიდებლად არ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ განაჩენის გამოცხადებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი ამ გოგონების მიმართ ლმობიერების გამოჩენას ...

ადვოკატ პოლოზოვის განცხადებით, დაცვის გუნდი ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალური ასლის მიღებას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას გაასაჩივრებას. „პუსი რაიოტის“ წევრების გასამართლებასთან დაკავშირებით, ორშაბათს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. რა მოსაზრებაც უნდა გქონდეს პანკ-ჯგუფის წევრებისათვის გამოტანილ განაჩენზე, დაუშვებელია სასამართლოს მუშაობაში ჩარევაო, შეახსენა ლავროვმა ჟურნალისტებს ჰელსინკიში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

„შევახსენებ მათ, ვინც ცდილობს, საქმე ისე წარმოსახოს, თითქოს ჩვენთან სასამართლო დამოუკიდებლად არ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ განაჩენის გამოცხადებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი ამ გოგონების მიმართ ლმობიერების გამოჩენას და ანალოგიური პოზიცია დაიკავა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობამაც. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო პროცედურა არავის გაუუქმებია“, განაცხადა ლავროვმა „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის გამოტანილ ვერდიქტზე, რომელსაც ფართო გამოხმაურება ახლავს უცხოეთში. განაჩენი დაგმეს, მაგალითად, პოპკულტურის ვარსკვლავებმა მადონამ და პოლ მაკარტნიმ.

გამოჩენილმა სლოვენმა ფილოსოფოსმა, სლავოი ჟიჟეკმა კი შემდეგი შეფასება გამოთქვა ლექციაზე, რომელიც ორშაბათს წაიკითხა მოსკოვში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში: „ვფიქრობ, „პუსი რაიოტი“ უნდა განვიხილოთ, როგორც ახალი გამოხატულება ძველი რუსული ტრადიციისა, რომელიც ხელოვანს ეთიკურ ფიგურად წარმოადგენს. თუ პროვოკაციასა და უხამსობას შევხედავთ, ეს მეორე მხარეა, დაწყებული თქვენი პატრიარქით და მისი ხელქვეითებით - ჩემთვის სწორედ ისინი არიან უხამსი ფიგურები.“

რაც შეეხება „პუსი რაიოტის“ ვერდიქტზე გამოხმაურებას საკუთრივ რუსეთში, ორი ქალაქიდან - ველკიე ლუკიდან და ფსკოვიდან - იუწყებიან მართლმადიდებლურ ტაძრებზე გაკეთებული, „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერი წარწერების შესახებ. ორივე შემთხვევაში წარწერები მალევე იქნა წაშლილი. მოსკოვში კი შეხლა-შემოხლა მოხდა კაფეში, რომელშიც „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერები შევიდნენ მაისურებზე წარწერით „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. კაფეში მყოფმა რამდენიმე ახალგაზრდამ პოლიცია გამოიძახა მოთხოვნით, მიემართათ ზომებისათვის „პუსი რაიოტის“ მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ მიერ რელიგიურ სიძულვილის გაღვივების გამო.

პოლიცია აცხადებს, რომ „პუსი რაიოტის“ სამი წევრის გასამართლების შემდეგ ეძებენ პანკ-ჯგუფის სხვა წევრებსაც. პოლიციას არ დაუზუსტებია, რამდენ ადამიანს ეძებს, ან აპირებენ თუ არა მათ დაპატიმრებას და მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პუტინის საწინააღმდეგო აქციის გამო ბრალდებების წაყენებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG