Accessibility links

სასამართლომ „პუსი რაიოტის“ ერთი წევრი გაათავისუფლა, ორი პატიმრობაში დატოვა


 „პუსი რაიოტის“ წევრების სასამართლო

„პუსი რაიოტის“ წევრების სასამართლო

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთი წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სამუცევიჩს სასჯელი შეუმსუბუქდა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით შეეცვალა. გარდა ამისა, სამუცევიჩს სასამართლომ ორი წლით დაუნიშნა გამოსაცდელი დრო. დანარჩენი ორი ქალის, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას და მარია ალიოხინას განაჩენები კი სასამართლომ ძალაში დატოვა. მათ კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სამუცევიჩს, ტოლოკონნიკოვას და ალიოხინას აგვისტოში მიესაჯათ ორ-ორი წლით პატიმრობა, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით. პანკ-ჯგუფის წევრებმა თებერვალში მოსკოვის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსი შეასრულეს.

სასამართლოს განცხადებით, სამუცევიჩის განთავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ის მაცხოვრის ტაძრიდან მცველებმა პერფორმანსის დაწყებამდე გამოაძევეს და, შესაბამისად, ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

სამეულის ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, განაჩენს კიდევ გავასაჩივრებთო:

„ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას და მარია ალიოხინას რაც შეეხება, ჩვენ გასაჩივრებას ვგეგმავთ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მივმართავთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს. ამის უფლება ჩვენ [რუსეთში] მეორე ინსტანციის სასამართლოს გავლის შემდეგ მოგვეცა. ამასთან, განსაზღვრული წესით მივმართავთ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს შესაბამის განყოფილებას."

სამუცევიჩის მამამ, სტანისლავ სამუცევიჩმა, თქვა, „უზომოდ ბედნიერი“ ვარ ჩემი ქალიშვილის განთავისუფლებით, მაგრამ დამწუხრებული ვარ იმით, რომ ჩემი ქალიშვილის მეგობრები, ტოლოკონნიკოვა და ალიოხინა, პატიმრობაში რჩებიანო.

„პუსი რაიოტის“ წევრები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი ამბობენ, რომ მათი პროტესტი პოლიტიკური იყო და რელიგიას არ დასხმიან თავს.

ოთშაბათს, მოსამართლეების წინაშე გამოსვლისას, პანკ-ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათი კრიტიკის სამიზნეს წარმოადგენდა პუტინი, ისევე როგორც მისი მმართველობის მიმართ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღია მხარდაჭერა.

„პუსი რაიოტის“ წევრების დაპატიმრებას მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. განაჩენი დაგმეს და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნიეს დასავლელმა დიპლომატებმა, უფლებადამცველებმა და პოპვარსკვლავებმა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯგუფის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს. თუმცა პუტინმა გასულ კვირაში მხარი დაუჭირა სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, მსჯავრდებულებმა ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენო.

ჩვენი „მორალური საძირკვლის, მორალური ღირებულებებისთვის“ ძირის გამოთხრის მცდელობა უნდა დაისაჯოსო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ტელევიზიით კვირას გადაცემულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მის მესამოცე წლისთავს მიეძღვნა.

არტისტების ადვოკატებმა პუტინის ეს განცხადებები სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის ტოლფასად შეაფასეს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსჯავრდებულებს მონანიებისკენ მოუწოდებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG