Accessibility links

„პუსი რაიოტის“ პატიმარი წევრების მცირეწლოვანი შვილები დედებს ელიან


ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მისი შვილი გერა

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მისი შვილი გერა

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები, - ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი, - მოსკოვის საკათედრო ტაძარში კრემლის საწინააღმდეგო აქციის მოწყობის გამო, ციხეში ჩასვეს. სამუცევიჩი მას შემდეგ პირობით გაათავისუფლეს და ახლა პრობაციონერია, მაგრამ ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი ქალი კვლავ საპატიმროში რჩება, შინ კი ორივეს მცირეწლოვანი შვილები ელოდებიან.

ბოლო ერთი წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრების ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და მარია ალიოხინასთვის.
მას შემდეგ, რაც 2012 წლის აგვისტოში, მოსკოვის საკათედრო ტაძარში პუტინის საწინააღმდეგო სიმღერის შესრულების გამო, სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ისინი რუსეთის განსაკუთრებით მკაცრ ციხეებში იხდიან სასჯელს.

ციხის მძიმე ყოველდღიური ყოფის გარდა, ამ ფემინისტური პანკ-ჯგუფის წევრებმა განმარტოებული პატიმრობა, შიმშილობის აქციები და უშედეგო აპელაციები გადაიტანეს. პარალელურად, წლის განმავლობაში მოიმატა საერთაშორისო პროტესტმაც - უცხოეთში ბევრი ფიქრობს, რომ ამ აქციაზე კრემლის რეაგირება განსაკუთრებით დისპროპორციული და შეუსაბამო იყო.
ეს წელი არანაკლებ მძიმე იყო ამ პატიმართა პატარა შვილებისთვის - ტოლოკონიკოვას 5 წლის გოგონასთვის, რომელსაც გერა ჰქვია, და ალიოხინას 6 წლის ფილიპისთვის.

ოჯახის წევრებისა და ნათესავების თქმით, გერას და ფილიპს ძალიან ენატრებათ დედები და უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ისინი მკაცრი რეჟიმის კოლონიებში არიან გამოკეტილნი.

ფილიპის მამა ნიკიტა დემიდოვი ამბობს, რომ არჩია შვილისთვის არ დაემალა სიმართლე:

„ნათესავები განსხვავებულ რჩევებს მაძლევდნენ - ისინი მიჩვეულები არიან ბავშვებისთვის ყველაფრის დამალვას. მე კი ბავშვს ვუთხარი, რომ მისი დედა ციხეშია, რადგან მაცხოვრის ტაძარში შევიდა და იქ სიმღერა იმღერა - როგორც ჩანს, ეს ხმამაღლა გააკეთა და ვიღაცებს არ მოეწონათ“.

დემიდოვი მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში შვილთან და ალიოხინას დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, ამ საუბრის შემდეგ პატარა ბიჭს მისთვის ბევრი შეკითხვა აღარ დაუსვამს. შესაძლოა, ბავშვი თავის თავში ჩაიკეტაო, - ამბობს მამა.

ალიოხინას წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას რამდენიმე კვირის განმავლობაში არ აძლევდნენ ოჯახთან შეხვედრის უფლებას. ახალგაზრდა ქალის აგონიას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ გამომძიებლები გამუდმებით ემუქრებოდნენ - შვილს ჩამოგართმევთ და უდედმამო ბავშვთა სახლში მოვათავსებთო.

დედა-შვილის პირველი შეხვედრა, რომლის დროსაც მათ ერთმანეთისგან მინა განაცალკევებდა, ძალიან ემოციური იყო:

„ბავშვი შეშინებული იყო, მაშაც ასევე. პირველი 30 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ვერც კი დაელაპარაკნენ. მაშამ ტირილი დაიწყო და გატრიალდა. თავიდან მისთვის ძალიან ძნელი იყო ბავშვთან ლაპარაკიც და წერილების წერაც. როცა ამის შესახებ ვეკითხებოდი, მპასუხობდა, ძალიან მიჭირსო", - იხსენებს დემიდოვი.

როცა მასთან კოლონიაში პირველად მივედით, ძალიან გაკვირვებული ვიყავი - ბავშვი ასეთი ენერგიული დიდი ხანია არ მენახა. დერეფანში დარბოდა, ფეხბურთს თამაშობდა, რაღაცას ყვიროდა. ვერაფრით ვერ ვაჩერებდით...
აგვისტოში ალიოხინას ოფიციალურად მიუსაჯეს სასჯელი, რის შემდეგაც უკვე უფლებას აძლევენ დროდადრო ციხეში ოჯახთან ერთად სამი დღე გაატაროს.

ამგვარმა ხანგრძლივმა ვიზიტებმა და შვილთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობამ დედა-შვილს ურთიერთობის აღდგენის საშუალება მისცა.
25 წლის დედა, რომელიც ამჟამად ნიჟნი ნოვგოროდის ციხეში იხდის სასჯელს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვილის განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

ის შვილს რეგულარულად უგზავნის წერილებს, ქმარს ტელეფონით ელაპარაკება ბავშვის განათლებაზე და მუსიკისა თუ სპორტის წრეებში მიღწეულ წარმატებაზე.

თუმცა, დემიდოვის თქმით, ალიოხინასთან მისვლისას ბავშვი ყოველ ჯერზე თავიდან ავლენს დედის მწვავე მონატრების ნიშნებს:

„როცა მასთან კოლონიაში პირველად მივედით, ძალიან გაკვირვებული ვიყავი - ბავშვი ასეთი ენერგიული დიდი ხანია არ მენახა. დერეფანში დარბოდა, ფეხბურთს თამაშობდა, რაღაცას ყვიროდა. ვერაფრით ვერ ვაჩერებდით. დედას როცა ხედავს, ძალა ემატება. ის ძალიან ენატრება“.

გასულ თვეში ალიოხინამ სასჯელის მოხდის გადავადება ითხოვა, რათა მცირეწლოვანი შვილის მოვლა შეძლებოდა, მაგრამ უარი მიიღო. იგივე ითხოვა ტოლოკონიკოვამაც, თუმცა შედეგი არც მის თხოვნას მოჰყოლია.

ხუთი წლის ადამიანისთვის, რომელიც მულტფილმებს უყურებს და ზღაპრებს კითხულობს, ეს სიტუაცია ნამდვილ ზღაპარს ემსგავსება. არის ერთი მთავარი ბოროტი პერსონაჟი, მას ჰყავს გუნდი, რომელსაც კეთილი ძალები ებრძვიან...
დედის დაპატიმრებამ პატარა გერას ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა.
23 წლის ტოლოკონიკოვა სასჯელს მორდოვიაში იხდის - მოსკოვიდან აღმოსავლეთით, 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე რეგიონში, სადაც ციხეები კვლავ საბჭოთა პერიოდის სიმკაცრითა და მძიმე პირობებით გამოირჩევა.

4 მარტს გერამ თავისი დაბადების დღე დედის გარეშე უკვე მეორედ აღნიშნა.
ფილიპისგან განსხვავებით, გერა დედის პატიმრობის შესახებ ბევრს ლაპარაკობს. ეს შესაძლოა იმის შედეგიც იყოს, რომ მამამისი - პიოტრ ვერზილოვი - პატიმარი ქალების განთავისუფლებისთვის აქტიურ კამპანიას აწარმოებს, რომელშიც გერაც ჩართულია.

ვერზილოვის თქმით, პატარა გოგონა გამუდმებით დედის ციხიდან გაქცევის გეგმებს აწყობს:

„ხუთი წლის ადამიანისთვის, რომელიც მულტფილმებს უყურებს და ზღაპრებს კითხულობს, ეს სიტუაცია ნამდვილ ზღაპარს ემსგავსება. არის ერთი მთავარი ბოროტი პერსონაჟი, მას ჰყავს გუნდი, რომელსაც კეთილი ძალები ებრძვიან. ამ ბოროტმა პერსონაჟმა ნადია ციხეში გამოკეტა, გერამ კი მისი განთავისუფლების გეგმა უნდა მოიფიქროს. აი, ასე აღიქვამს ამ სიტუაციას“.

ვერზილოვის თქმით, მისი ცოლი ბავშვთან განშორებას კიდევ უფრო მძიმედ განიცდის.

„ახლა სადაც ვარ, ის ადგილი მაღალი, დიდი ღობითაა შემოსაზღვრული, რომელსაც მავთულხლართები გასდევს. მალე შენ ჩემ სანახავად ამ ციხესიმაგრეში მოხვალ. მე უფლებას მომცემენ შენთან ერთად ოთახში ვიყო და დაგელაპარაკო. მერე კი წამიყვანენ. მაგრამ ეს არაფერია. ცოტა კიდევ უნდა დავიცადოთ და მერე შენთან სამუდამოდ დავბრუნდები“, - ასეთი წერილი მისწერა ტოლოკონიკოვამ შვილს იანვარში.

ტოლოკონიკოვა და ალიოხინა 3 მარტს უნდა განთავისუფლდნენ. თუ ყველაფერი კარგად იქნა, პატარა გერა შემდეგ დაბადების დღეს უკვე დედასთან ერთად იზეიმებს.
XS
SM
MD
LG