Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი პირველ ოფიციალურ ტურნეს მართავს


ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
ბელორუსიაში დაიწყო და გერმანიასა და საფრანგეთში აგრძელებს თავის ტურნეს რუსეთის ახლად, მაგრამ უკვე მესამე ვადით, არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. მეზობელ - ალბათ, რუსეთზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ და, ამავე დროს, მსოფლიოში იზოლირებულ - მასპინძელთან ჩასვლა ვლადიმირ პუტინისთვის არ იყო ძნელი დიპლომატიური მისია. მიუხედავად ამ ორი ქვეყნის დროდადრო წაკამათებისა, გაზის სფეროში იქნება ეს თუ სხვაგან, მოსკოვი და მინსკი, ჩანს, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ამ ურთიერთგაგების საფუძველზე ეკონომიკური კავშირების გაფართოებას ემსახურებოდა მინსკის მახლობლად ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სტუმრის შეხვედრა. ბელორუსიის ავტოკრატმა მმართველმა, უზომოდ მადლიერმა ამ ვიზიტისათვის, სტუმარს განუცხადა:

„მე თქვენი დიდად მადლობელი ვარ ამ ვიზიტის გამო. ეს სტუმრობა ბელორუსიასა და რუსეთს შორის და ასევე სხვა ქვეყნებთან დადებულ ბევრ ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე მნიშვნელოვანია. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს.“

გამოვყოფდი ბელორუსიის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ...
ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი ხელცარიელი არ ჩასულა თავის მთავარ მოკავშირესთან. მისი თქმით, შეთანხმება მოხდა 3 მილიარდიანი კრედიტის მესამე ტრანშის - 440 მილიონი დოლარის - მინსკისთვის გადარიცხვის შესახებ. პუტინს ამ ვიზიტისას ახლდა რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს, „როსატომის“ მეთაური სერგეი კირიენკო, რომელმაც დაადასტურა, რომ მიღწეული იქნა შეთანხმება ბელორუსიაში ახალი ატომური ელექტროსადგურის პირველი საფეხურის დაფინანსების შესახებ. „როსატომი“ მშენებლობაში ჩაერთვება და ბელორუსია მეზობლისგან, კრედიტის სახით, სულ 10 მილიარდ დოლარს მიიღებს. პუტინისეული შეფასება ამ პროექტისა ასეთია:

„გამოვყოფდი ბელორუსიის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც ყველა შანსი აქვს გახდეს რუსეთისა და ბელორუსიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე თანამედროვე პროექტი.“

პუტინის სტუმრობის განსაკუთრებული ნაწილი იყო ორი პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება. სხვათა შორის, ამ დოკუმენტში ორივე მხარე ადასტურებს, რომ შეეცდებიან საერთაშორისო სადავო საკითხები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოაგვარონ. იქვე, ქვემოთ, წაიკითხავთ, რომ ორივე ქვეყანა, აღიარებს რა, რომ ხალხებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად განსაზღვრონ განვითარების გზა, შეთანხმებული ძალისხმევით წინ აღუდგება ერთიანი ეკონომიკური სივრცის, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების საქმეებში გარედან ჩარევას, მათზე ზემოქმედების მცდელობებს შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებით. ცნობილია, რომ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების გამო დასავლეთმა სანქციები დაუწესა მინსკს - ლუკაშენკოს და სხვა არაერთ ოფიციალურ პირს აკრძალული აქვს ევროკავშირში მოგზაურობა. ლუკაშენკოს ამ ვიზიტისას პუტინისთვის უთქვამს, რომ ბელორუსია მოსკოვის ყველაზე ახლო და ყველაზე ლოიალური მოკავშირეა. ბელორუსიიდან პუტინი ერთი საათის დაგვიანებით ჩავიდა ბერლინში, სადაც მას შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. გერმანიასა და საფრანგეთში დღევანდელი ვიზიტები უკვე ატარებს სამუშაო ხასიათს. მთავარი თემა ბერლინში შეხვედრისა, თუ არ ჩავთვლით ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს, სირიაა.

მე გერმანიის სახელით ვლაპარაკობ, ყველა ზომას მიმართავს, რათა არ მივიდეს იქ საქმე სამოქალაქო ომამდე და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაწამებამდე ...
ანგელა მერკელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ადრევე მოუწოდა პუტინს, შეზღუდოს დამასკისთვის მხარდაჭერა. ვესტერველე ამბობს, მოსკოვმა უნდა აღიაროს, რომ რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ არ მივდივართ, როცა სირიაში ძალადობის შეწყვეტა გვსურსო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, რუსეთის მიდგომა ასადისადმი საკვანძოა სირიის კრიზისში. თუმცა ბერლინს მიაჩნია, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენცია არ უნდა მოხდეს, მაგრამ, ამავე დროს, ანგელა მერკელი სირიაში ვითარებას კატასტროფულს უწოდებს. მერკელს პუტინის იქ ჩასვლამდე მოუწოდეს, ზეწოლა მოეხდინა სტუმარზე. მწვანეთა პარტიის ლიდერმა კლაუდია როტმა განაცხადა, მერკელი რუსულად საუბრით კი არ უნდა გაერთოს პუტინთან, საჭიროა ცხადად და ღიად უთხრას, რომ სირიაში სამშვიდობო გეგმა უნდა განხორციელდესო. რუსეთის პრეზიდენტმა ბერლინში პირობასავით დადო და თქვა, „რუსეთიც, გერმანიაც, ჩვენი პარტნიორებიც ყველა ჩვენს შესაძლებლობას მივმართავთ იქითკენ, რომ არ დავუშვათ ძალადობის ესკალაცია და დავეხმაროთ ბატონ ანანს, მიაღწიოს დადებით შედეგებსო“. პუტინმა ისიც თქვა, სირიას იმ იარაღს არ ვაწვდით, რომელიც სამოქალაქო კონფლიქტებში შეიძლება იქნეს გამოყენებულიო. სირია რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია იარაღის სფეროში. ამასთან, რუსეთს იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის გარეთ ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს.

ბერლინში პუტინთან შეხვედრისა და ერთობლივი სადილის შემდეგ კანცლერმა მერკელმა განაცხადა, გერმანიასა და რუსეთს ერთობ ინტენსიური და კარგი მეგობრული ურთიერობა აქვთო, თუმცა მან სტუმარს არაპირდაპირ დემოკრატიული რეფორმებისკენაც მოუწოდა. მერკელმა, როცა სირიის საკითხს შეეხო, თქვა, ძალადობის ესკალაცია არ უნდა დავუშვათო: „ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ქვეყანა, მე გერმანიის სახელით ვლაპარაკობ, ყველა ზომას მიმართავს, რათა არ მივიდეს იქ საქმე სამოქალაქო ომამდე და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაწამებამდე“.

ბერლინიდან პუტინი ჩადის უკვე პარიზში, სადაც თავის პირველ პირად შეხვედრას მართავს მასავით ახლად არჩეულ ფრანსუა ოლანდთან. ოლანდი პუტინის ჩასვლამდე ასევე ამბობდა, სირიის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე უნდა დავითანხმოო. სამხედრო ინტერვენციას სირიაში ოლანდი არ გამორიცხავს, მაგრამ თვლის, რომ ასეთ ზომას უნდა მიემხროს გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის ვეტოს უფლების მქონე წევრი რუსეთია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG