Accessibility links

logo-print

რა შეიძლება იღონონ ამერიკამ და ევროპამ იმისთვის, რომ პუტინის ეგრედ წოდებულ „ჰიბრიდულ სიმართლეს“ დაუპირისპირდნენ?

ანტიდასავლური პროპაგანდა და ნაციონალისტური განწყობები რუსეთში ცივი ომის დროინდელ პიკს აჭარბებს. პროპაგანდის მომძლავრებას და მედიაზე სრული კონტროლის დაწესებას ანალიტიკოსები ვლადიმირ პუტინის სახელს და მის მართვის სტილს უკავშირებენ.

რა შეიძლება იღონონ ამერიკამ და ევროპამ იმისთვის, რომ პუტინის ეგრედ წოდებულ „ჰიბრიდულ სიმართლეს“ დაუპირისპირდნენ? ამ საკითხს ვაშინგტონში საგანგებო ღონისძიება დაეთმო. ახალი ამბების მუზეუმში, „ნიუზეუმში“ გამართულ შეხვედრაზე ექსპერტთა პანელმა პუტინის პროპაგანდისტულ მანქანაზე, ქვეყნის შიგნით შექმნილ იმიჯზე და იმ გზებზე იმსჯელა, რითაც მათი დაძლევა შესაძლებელიც არის და აუცილებელიც.

„ნიუზეუმის“ ღონისძიებაზე სახელწოდებით „პუტინი - ძალა, გავლენა და პროპაგანდა“ ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკის და ევროპის ცენტრის დირექტორმა, ფიონა ჰილმა პუტინს „პოლიტიკური თეატრის აქტიორი“ უწოდა, რომლისთვისაც პიარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში მან საკუთარი ბრენდიც კი დაამკვიდრა. უილსონის ცენტრის წარმომადგენლის, ჯილ დოერთის აზრით, პუტინმა ბრენდის შექმნა თავიდანვე ანტიამერიკული რიტორიკით დაიწყო და ამ ეტაპზე ცდილობს, რომ საკუთარი პოლიტიკა მთლიანად რუსეთის ე.წ. მისიას დაუკავშიროს.

ბრიტანელი პროდიუსერი პიტერ პომერანცევი, ავტორი რუსეთის შესახებ გამოცემული პოპულარული წიგნის - „არაფერია მართალი და ყველაფერი შესაძლებელია“, ამბობს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა ფარსის მდგომარეობიდან არ გამოსულა. მისი აზრით, პუტინი მოსახლეობას ისევ მუდმივი შიშის, დაბნეულობის, ტყუილის ვაკუუმში ამყოფებს, რადგან ასეთი ხალხის მანიპულირება გაცილებით იოლია.

„განუწყვეტელი კონსპირაციის თეორიები; დაბნეული და შეშინებული ხალხი; კონსპირაცია ყველგან და ყველაფერზე. იქამდე, რომ დუმის დეპუტატი პუტინის პარტიიდან ევგენი ფიოდოროვი ამბობს, რომ პუტინი ამერიკის დაზვერვის აგენტი იყო და მათთან განუწყვეტელი ბრძოლის წარმოება უწევს. კონსპირაციის თეორიების გავრცელება მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე არ ხდება. „მომაკვდინებელი ინფექცია რუსეთს გაანადგურებს“! ასეთი ინფორმაცია, შიში და დაბნეულობა ადამიანებში კრიტიკული აზროვნების უნარს კლავს და მათ ზომბირებას იწვევს“ - ამბობს პიტერ პომერანცევი.

ანჯელა სტენტის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, დასავლეთი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ხმა რუსეთის უფრო ახალგაზრდა მოსახლეობას მიაწვდინოს. ჯილ დოერთი რუსეთის პიარ-მანქანის წინააღმდეგ ბრძოლაში პრიორიტეტად სიმართლის გავრცელებას მიიჩნევს: „ერთადერთი გზა ნებისმიერი პროპაგანდის წინააღმდეგ ეს სიმართლის თქმაა. სიმართლე მაქსიმალური ობიექტურობით და რეალურობით უნდა ითქვას და ხალხამდე მივიდეს... ვერ მოიტყუები, შენი პროპაგანდით მათ პროპაგანდას ვერ დაუპირისპირდები“.

ფიონა ჰილი თვლის, რომ დასავლეთიც უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდოს საკუთარ იმიჯს და ზედმეტი ნეგატიური შიდაპოლიტიკური კამპანიებისგანაც თავის შეიკავება აჯობებს. „უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებითაც, თუ რას ვაკეთებთ, საკუთარ თავს როგორ წარმოვაჩენთ... არ არის საჭირო ვაჩვენოთ რომ ბრწყინვალე და ნათელი მაგალითი ვართ ამათუიმ სფეროში, სადაც შესამჩნევი ხარვეზები გვაქვს... ჟურნალისტებმა კი მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ეთიკას და ფაქტებსაც უდიდესი სიფრთხილით მოეკიდონ“ - ამბობს ის.

წელს 15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი და ერთპიროვნული მმართველი გახდა. რუსეთში გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ და „გლასნოსტის“ 30 წლის იუბილესაც აღნიშნავენ - ეპოქის, რომელიც პუტინის კრემლში დამკვიდრებისთანავე დასრულდა. ექსპერტების ვარაუდით, პრობლემა მისი პოლიტიკიდან წასვლამდე, სავარაუდოდ შემდეგი 9 წლის მანძილზე მაინც დასავლეთის სერიოზულ თავისტკივილად დარჩება.

XS
SM
MD
LG