Accessibility links

logo-print

პუტინი ამბობს, რომ აშშ-მა სნოუდენი რუსეთში „გამოამწყვდია“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრალს სდებს აშშ-ს, რომ მან საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებელი დაზვერვის თანამშრომელი, ედუარდ სნოუდენი, მოსკოვის აეროპორტში გამოამწყვდია და ზეწოლას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რათა მას პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცენ.

ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელმაც აშშ-ის თვალთვალის საიდუმლო პროგრამა გაამჟღავნა, კვლავაც მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტის სატრანზიტო დარბაზში რჩება - მას შემდეგ, რაც 23 ივნისს, რუსეთის გავლით, ჰონგ კონგიდან სავარაუდო მესამე ქვეყანაში მიფრინავდა. აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის თემას ფინეთის ყურეში, გოგლანდის კუნძულზე მყოფი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა განცხადებით, რომ სნოუდენი რუსეთს აშშ-ის გამო ვერ ტოვებს:

“იგი, სნოუდენი, ჩვენს ტერიტორიაზე მოსაწვევის გარეშე შემოვიდა. ჩვენ იგი არ მოგვიწვევია. თანაც, ის ჩვენთან არ მოფრინავდა, ტრანზიტით სხვა ქვეყანაში მიდიოდა. მაგრამ როგორც კი სნოუდენი ჰაერში აღმოჩნდა, ეს ცნობილი გახდა და ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, სინამდვილეში, მისი შემდგომი ფრენა შეაფერხეს. მათ დააშინეს სხვა დანარჩენი ქვეყნები“.

ამასთან, პუტინს არ მიუნიშნებია, აპირებს თუ არა ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემას. აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ იმ დრომდე, ვიდრე უსაფრთხოდ მოახერხებდეს მისი მიღების მსურველი ლათინური ამერიკის სამიდან ერთ-ერთ ქვეყანაში გამგზავრებას, მას რუსეთისგან დროებითი თავშესაფრის მიღება სურს. რუსეთის ხელისუფლება ღიად არ ამბობს, აპირებს თუ არა სნოუდენისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას. ადრე პუტინმა განაცხადა, რომ სნოუდენს თავშესაფარს რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ მისცემდა, რაც იგი შეწყვეტდა აშშ-ისათვის მტკივნეული საიდუმლო ინფორმაციების გაცემას. ამასთან, სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სნოუდენი აუცილებლად დატოვებს რუსეთის ტერიტორიას:

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს სნოუდენს, ჩვენ გარკვეული თანამშრომლობა გაქვს აშშ-თან და არ გვსურს თქვენი მოღვაწეობით ზიანი მიადგეს ამ ურთიერთობებსო. მან თქვა, არა, „მინდა განვაგრძო მოღვაწეობა და ვიბრძოლო ადამიანის უფლებების დასაცავადო“. ის მიიჩნევს, რომ აშშ არღვევს საერთაშორისო სამართლის გარკვეულ ნორმებს და უფლებებს, ერევა პირად ცხოვრებაში. ამბობს, „დღეს ჩემი მიზანია ვებრძოლო ამასო“. ოღონდ ჩვენს გარეშეო, - ვუთხარით. - ჩვენ ჩვენი საბრძოლველი გვეყოფაო. აი, ასეთ მდგომარეობაშია საქმე, მაგრამ როგორც კი სნოუდენს შესაძლებლობა მეცემა სადმე წავიდეს, ვიმედოვნებ, რომ ის ამას გააკეთებს“.

აშშ-მა მოქალაქეობა ჩამოართვა სნოუდენს და ცდილობს მიაღწიოს ყოფილი კონტრაქტორის ექსტრადიციას. ობამას ადმინისტრაცია უარყოფს აზრს, თითქოს სნოუდენი უფლებადამცველი აქტივისტი ანდა დისიდენტი იყოს.
XS
SM
MD
LG