Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ინაუგურაცია რიცხვებში


3 - კრემლის სასახლის იმ მისაღები დარბაზების რაოდენობა, რომლებიც პუტინის ინაუგურაციისთვის გამოიყენეს. კრემლის ოფიციალურ პირებს ერთგვარი ტრადიციის შექმნა სურთ - მას შემდეგ, რაც 2000 წლის 7 მაისს პირველად გაიმართა პუტინის ინაუგურაცია, ამ ცერემონიას გეორგიევსკის, ალექსანდროვსკის და ანდრიევსკის დარბაზები ეთმობა ხოლმე. მანამდე, 1991 და 1996 წლებში, ბორის ელცინის ინაუგურაციის ბევრად ნაკლებად პომპეზური ცერემონიები ჩატარდა კრემლის ყრილობათა სასახლეში, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კომუნისტური პარტია იყენებდა ხოლმე ყრილობების ჩასატარებლად.

6 - იმ წლების რაოდენობა, რამდენსაც გასტანს პუტინის ახალი ვადა პრეზიდენტის პოსტზე. მიმავალმა პრეზიენტმა, დმიტრი მედვედევმა, რომელიც კრემლს 4 წლის შემდეგ ტოვებს, საპრეზიდენტო ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წინამძღოლი პუტინი პრეზიდენტი 2018 წლამდე იქნება, პოტენციურად კი 2024 წლამდე შეძლებს თანამდებობის შენარჩუნებას.

10 - რუსეთში წარმოებული იმ კონიაკის ასაკი, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ გამართულ ბანკეტზე შესთავაზეს სტუმრებს. ორგანიზატორებმა საგანგებოდ აირჩიეს რუსული პროდუქცია. მენიუში ღვინოების ჩამონათვალში იყო რუსეთში წარმოებული Pinot Aligote Selection Chateau le Grand Vostock 2009 და 2008 Arbau-Dyurso “შამპანსკოე”. კერძების მენიუში შედიოდა ხამანწკები ბოსტნეულის ბლინებით და თეთრი სოკოს სოუსით, შებოლილი ქამბალა ბოსტნეულით, შემწვარი იხვი როზმარინით და ალუბლის სოუსით და ზღვის პროდუქტების სალათი ავოკადოს პიურესთან ერთად. ასევე ჩამოთვლილი იყო შემწვარი კიბორჩხალა ბოსტნეულით და ქოქოსის რძის კაპუჩინო. ძირითად კერძად კი სტუმრებს სთავაზობდნენ ზუთხის სტეიკს ქორფა ბოსტნეულით, შამპანურის სოუსში.

63,6 - ხმათა პროცენტი, რომელიც პუტინმა 2012 წლის 4 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო. 2000 წელს მან 53 პროცენტი მოიპოვა, 2004 წელს - 72 პროცენტი. მედვედევს 2008 წელს 70 პროცენტი ერგო.

71 - პუტინის ასაკი 2024 წელს. ის კიდევ ორი ვადით თუ დარჩება კრემლში, სწორედ ამ ასაკში დატოვებს პრეზიდენტის პოსტს.

1996 - უკანასკნელი წელი, როცა სხვა ქვეყნების ლიდერები ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი ინაუგურაციაზე დასასწრებად. წლევანდელი ცერემონიის წინ ყაზახეთის პრესაში დარწმუნებით წერდნენ, რომ პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ინაუგურაციას დაესწრებოდა - მას შემდეგ, რაც მან მყარად დაუჭირა მხარი პუტინის პროექტს საბაჟო გაერთიანების შესახებ რუსეთს, ყაზახეთსა და ბელორუსიას შორის. უკრაინაში კი პრესა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, მიიწვევდნენ თუ არა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რადგან კიევს და მოსკოვს კვლავ უთანხმოება აქვთ გაზის ფასების გარშემო. თუმცა ინაუგურაციას არც ერთი მათგანი არ დასწრებია. იმ რამდენიმე უცხოელ მაღალჩინოსანს შორის, რომლებიც სტუმართა სიაში გვხვდებოდა, იყვნენ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. ორივე პუტინის პირადი მეგობრის რანგში იყო მიწვეული. ერთი-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩავა, ჩინეთი იქნება. იქ მას ივნისში ელიან.

2000 - ცერემონიაზე დაპატიჟებული სტუმრების რაოდენობა. მათ შორის იყვნენ ფედერაციის საბჭოს წევრები, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, „სისტემური“ ოპოზიციის წარმომადგენლები - მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად ქცეული ბიზნესმენი მიხეილ პროხოროვი და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სიაში იყო ასევე საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი. ასევე დაპატიჟებული იყო რამდენიმე რეგიონალური მმართველი და მნიშვნელოვანი მედიის წარმომადგენლები.

5000 - იმ სამახსოვრო მედლების ფასი რუსულ რუბლში, რომლებიც ცერემონიაზე მისულ სტუმრებს დაურიგეს. საერთო ჯამში, მედლები რუსეთის გადასახადების გადამხდელებს 10 მილიონი რუბლი - 340,000 დოლარი - დაუჯდათ.

25-30 ათასი - ციხეებში მყოფი იმ პატიმრების რიცხვი, რომლების გათავისუფლებაც, გავრცელებული ცნობით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმირ ჟირინოვსკის, ინაუგურაციის ცერემონიის აღსანიშნავად სურდა. ჟირინოვსკიმ 2008 წელსაც შეიმუშავა კანონპროექტი მედვედევის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, ახლა კი აცხადებდა, რომ სურდა ციხიდან გაეთავისუფლებინათ 18 წლამდე ასაკის მსჯავრდებულები, ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვების დედები. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ამას, შესაძლოა, ფემინისტების პანკ-ჯგუფის, "პუსი რაიოტის" წევრებიც მოეცვა, რომლებიც ამჟამად წინასწარი დაკავების საკნებში არიან, ისევე როგორც ტაისია ოსიპოვა, ოპოზიციონერის ცოლი, რომელიც ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრეს და რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო. თუმცა 2008 წელს ჟირინოვსკის ინიციატივას შედეგი არ მოჰყოლია და, სავარაუდოდ, წელსაც ასევე იქნება. კანონპროექტი პარლამენტს სერიოზულად არც კი განუხილავს.

15 მილიონი - გავრცელებული ცნობებით, სწორედ ამდენი რუბლი, ანუ 510,000 დოლარი, ღირდა ბილეთი მაღალჩინოსნის გვერდით დასაჯდომად ბანკეტზე, რომელიც ცერემონიის შემდეგ გაიმართა. ეს ცნობა ჟურნალ „ფორბსის“ რეპორტიორმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინტერვიუ ჩამოართვა კერძო ფირმის დირექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად აკეთებდა ბანკეტის ორგანიზებას. უფრო იაფი ბილეთებიც იყო, 6 მილიონი რუბლის ღირებულების, თუმცა ამ ბილეთების მფლობელებს ბანკეტზე არ შეეძლოთ იმის ამორჩევა, თუ სად უნდა დამსხდარიყვნენ. „ფორბსი“ წერდა, ბიზნესმენებს, ცხადია, განსაკუთრებით გავლენიანი პოლიტიკოსების გვერდით მოუნდებოდათ დაჯდომა კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტადო. კრემლის ადმინისტრაციამ ცნობას არასწორი უწოდა და ისიც უარყო, რომ ბანკეტის ორგანიზების პროცესში რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობდა.

26 მილიონი - ამდენი რუბლი, ანუ 890,000 დოლარი, დაჯდა მთელი ცერემონია. ამ ცნობას სამთავრობო ტენდერების სიაში ვხვდებით.

260 მილიარდი - რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში 2000 წელს, როცა პუტინი პირველად გახდა პრეზიდენტი. ამ მონაცემს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

1,791 ტრილიონი - რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, დოლარში, - როცა პუტინი კრემლში 12 წლის შემდეგ ბრუნდება. ამ მონაცემს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
XS
SM
MD
LG