Accessibility links

logo-print

კვლავ გაპრეზიდენტებული პუტინის პირველი კომენტარი საქართველოზე


ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობაში არსებული ვითარება საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედების შედეგია.

ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც 4 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირის აღდგენის გზა მოიძებნება, რადგან „ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ქართველ ხალხთან“. პუტინის განცხადებით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტში საქართველო სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, დღეს ვითარებაც სხვაგვარი გვექნებოდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა, არ დაეშვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების ძალისმიერი გადაწყვეტა.

„ამაზე ხომ მიხეილ ნიკოლოზის ძესთან ბევრჯერ გვილაპარაკია. ამაზე რამის თქმა სიახლე არ არის. მე არაერთხელ მითქვამს მისთვის, ნუ მიიყვანთ საქმეს სისხლისღვრამდე-მეთქი. ეს გუშინ ხომ არ დაწყებულა და არ დაწყებულა რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად. წაიკითხეთ ისტორია, ...ეთნოსებს შორის ურთიერთობა უფაქიზესი საკითხია“, თქვა პუტინმა.

შეკითხვაზე, როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მისი პრეზიდენტობის დროს, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს უპასუხა: "ბევრჯერ გვითქვამს და ვიმეორებ, რომ ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაკავშირებს და იმედი გვაქვს, რომ გამოსავალი მიგნებული იქნება. მაგრამ ამაზე ნაადრევ ლაპარაკს ახლა არ აქვს აზრი. დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, დმიტრი ანატოლის ძე მედვედევია, ის განაგებს საგარეო პოლიტიკას და მას მიმართეთ შეკითხვებით, მომავალში კი მერე ვნახოთ“.

დღესვე რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად, გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ხმების 63,6 % მოაგროვა. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, ეს შედეგები გამოცხადდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფოებრივი თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნების შეჯამებას. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა 17,18 % მოაგროვა, მიხაილ პროხოროვმა - 7,98 %, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ - 6,22 % და სერგეი მირონოვმა - 3,85 %.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG