Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სანქციები არღვევს დიდი ოცეულის პრინციპებს, საერთაშორისო კანონს


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეწინააღმდეგება დიდი ოცეულის პრინციპებს და საერთაშორისო კანონს.

პუტინმა სააგენტო „ტასს“ 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, რომ ქონების გაყინვა, ვიზების გაცემის აკრძალვა და რუსეთის კომპანიებისთვის დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე შესაღწევად ბარიერების შემოღება მხოლოდ გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება შეიძლება იყოს.

პუტინმა აღიარა, რომ სანქციებმა და ნავთობის ფასის კლებამ რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა, თუმცა განაცხადა, რომ კრემლს საკმარისი ფულადი რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს და სოციალური ვალდებულებები შეასრულოს.

ამასთან, პუტინმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მთავრობამ თავისი რეზერვების ნაწილი გამოიყენოს იმისათვის, რომ დაეხმაროს სახელმწიფო ნავთობგიგანტ „როსნეფტს“, რომელსაც საერთაშორისო სანქციებმა ზარალიმიაყენა.

პუტინის თქმით, რუსეთს სურს თავი დააღწიოს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ „დოლარის დიქტატურას“ და ენერგეტიკის სფეროში გადარიცხვებისას გამოიყენოს როგორც რუბლი, ისე ჩინეთის იუანი.

მიმდინარე წელს რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა - ბოლო თვეებში მან ღირებულების დაახლოებით 25 პროცენტი დაკარგა დოლართან და ევროსთან მიმართებით.

პუტინის განცხადებები გამოქვეყნდა ცოტა ხნით ადრე მანამდე, სანამ ის ავსტრალიაში ჩავიდოდა დიდი ოცეულის სამიტისთვის. ამ შეხვედრაზე პუტინი დასავლეთის არაერთ ლიდერს შეხვდება, თუმცა, მისი თქმით, დიდი ოცეულის შეხვედრაზე სანქციების განხილვას „აზრი არ აქვს“.

ავსტრალიის განცხადებით, 15-16 ნოემბრის სამიტი, რომელიც ბრისბენში გაიმართება, კონცენტრირებული იქნება სამუშაო ადგილების შექმნისა და გლობალური ეკონომიკის გაძლიერების საკითხებზე. თუმცა სამიტის ფონია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობის თაობაზე შეშფოთება და ახალი ცნობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შესახებ.

კიევი და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები შიშობენ, რომ პუტინს შესაძლოა სურდეს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ მეტი ტერიტორიის დაპყრობა ან კონტროლის განმტკიცება იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი უკვე აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. არსებობს შეშფოთება, რომ შეიქმნება „გაყინული კონფლიქტის“ კერა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის დესტაბილიზაცია, ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება და პროდასავლური მთავრობისთვის ხანგრძლივი პრობლემების შექმნა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა პარასკევს კანბერაში გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ რუსეთი უკრაინის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მიმართ პოზიტიურ მიდგომას გამოავლენს, შესაძლებელი იქნება სანქციების მოხსნა. თუ რუსეთი გააგრძელებს ვითარების გაუარესებას, მაშინ შესაძლოა სანქციებიც გამკაცრდეს. საკითხი ასე მარტივად დგას“.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 14 ნოემბერს, ახალ ზელანდიაში ყოფნისას, განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია ცნობებით სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ.

მერკელმა დასძინა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და ამ საკითხებს დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში განვიხილავთო.

„ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პუტინმა უარყო აზრი, თითქოს უკრაინის კრიზისის გამო მას მერკელთან ურთიერთობა გაუუარესდა.

სამიტის კულუარებში პუტინი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს მერკელთან, კამერონთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და სხვა ლიდერებთან.

აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს ემსხვერპლა 4,000-ზე მეტი ადამიანი. კონფლიქტი მოჰყვა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, დამხობას და რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსირებას.

ამ მოვლენების გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის კავშირები ცივი ომის პერიოდის მსგავსად გაუარესდა.

განსაკუთრებით დაძაბულია ურთიერთობა რუსეთსა და ავსტრალიას შორის მას შემდეგ, რაც ივლისში აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი.

დაღუპულ 298 ადამიანს შორის 38 ავსტრალიის მოქალაქე იყო. დასავლეთის ქვეყნების მთავრობების აზრით, თვითმფრინავი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ მიწოდებული რაკეტის გამოყენებით.

მოსკოვი უარყოფს ბრალდებას, რომ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებას უწევს.

XS
SM
MD
LG