Accessibility links

logo-print

რუს მართლმადიდებელ აქტივისტს, დმიტრი ცორიონოვს, სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი ღვთაებრივი არსებაა. ამ შეხედულებას ის საჯაროდ გამოთქვამს და ბევრი თანამოაზრეც ჰყავს.

“ჭეშმარიტი ღმერთი ჩასახლდა ასეთ პატარა ვლადიმირ პუტინში. ეს ფაქტია!“ - აცხადებს დმიტრი ცორიონოვი, რუსი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რადიკალი აქტივისტი, რომლის გამოსვლასაც 7 სექტემბერს 60-მდე ადამიანი დაესწრო, საკმაოდ შეძლებული ხალხი. შეკრება დედაქალაქის მოდურ რაიონში, კიტაი გოროდში, გაიმართა. ბევრი სმარტფონებით იღებდა ცორიონოვს, რომელსაც არცთუ იშვიათად აწყვეტინებდნენ გამოსვლას მქუხარე ტაშით.

შეკრება დაიწყო მოკლე, მაგრამ ბევრი მსმენელისათვის ამაღელვებელი, მუსიკალური ნომრით: რეპით, რომლის რეფრენიც იყო „მე ვლადიმირ პუტინივით მაგარი ვარ“...

მაგრამ დავუბრუნდეთ დმიტრი ცორიონოვს - ცნობილ მართლმადიდებელ აქტივისტს, ფსევდონიმით „ენტეო“. მოსკოვში 7 სექტემბერს გამართულ შეკრებაზე მან ხოტბა შეასხა პუტინის კეთილ საქმეებს, როგორიც არის, მაგალითად, ოპონენტების საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოღება, ხოტბა შეასხა პუტინის უნარს, გადაურჩეს თავდასხმის მცდელობებს. ცორიონოვმა ისაუბრა რუსი ლიდერის ბავშვობაზე, მის „საიდუმლო ნათლობაზე“, რომლის შემდეგაც პუტინმა ღმერთთან ერთობას მიაღწია.

დარბაზში ხმამაღალი სიცილიც ისმოდა ხოლმე. ასე რომ, ძნელია ითქვას, სინამდვილეში რას ფიქრობდნენ ცორიონოვის ლექციაზე შეკრებილები. შესაძლოა, სწორედ სკეპტიკოსთა საყურადღებოდ, მართლმადიდებელმა აქტივისტმა ციტატაც მოიშველია - კრემლის ერთ დროს მთავარი იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის სიტყვები, რომლებიც მან 2011 წელს წარმოთქვა: რუსეთს ბედმა და უფალმა გამოუზავნა პუტინიო.

თავად დმიტრი ცორიონოვს, მისივე სიტყვებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პუტინს ღვთისგან აქვს მომადლებული სიკეთის ქმნის უნარი:

ცორიონოვი: „როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ პუტინი შენდობაა ჩვენი ცოდვებისათვის, თუ ღვთისაგან ავანსად ბოძებული ჯილდო?“

ხმა დარბაზიდან: „ერთიც და მეორეც!“

ცორიონოვი: „ხელი აწიეთ იმათ, ვინც ფიქრობს, რომ არა ვართ ვლადიმირ პუტინის ღირსი. მართლაც, წარმოგიდგენიათ? ჩვენ გარყვნილი ცხოვრებით ვცხოვრობთ. მილიონობით შვილს ვხოცავთ, ცოლებს ვღალატობთ, არ დავდივართ ტაძარში, გატაცებული ვართ ეზოტერიკით, ვეწევით ჰაშიშს, მაშინ როცა ვლადიმირ ვლადიმირის ძე, ჩვენი უფროსი, ჩვენთვის ლოცულობს. რასაკვირველია, არა ვართ მისი ღირსი!“

ცორიონოვს არ დავიწყებია არც პუტინის ღვთისმოშიშობა. პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, არანაირი ხელისუფლება, არც სახელმწიფო ხელისუფლება არ დგას უფალზე მაღლაო ...

მართლმადიდებელი აქტივისტის მსმენელებს შორის აღმოჩნდა ამერიკელი ჟურნალისტი ანა არუთიუნიანი, ავტორი წიგნისა „პუტინის საიდუმლო“. ის ხედავს გარკვეულ მსგავსებას ბიზანტიის თეოლოგიურად დასაბუთებულ პროპაგანდასთან - განსაკუთრებით, როცა ცორიონოვი პუტინის ღვთსიმოშიშობაზე საუბრობს.

„ის, რისთვისაც თავის არიდებას ცორიონოვი ცდილობს, არის, ცხადია, პუტინის კერპად ქცევა - ის, რაც მიუღებელი იქნებოდა ქრისტიანებისათვის. არა მგონია, ის იმდენად კარგად ერკვეოდეს ბიზანტიის თეოლოგიურ კონცეფციაში, რომ დამოუკიდებლად განავითაროს ეს ძალიან ფაქიზი ხაზი დასაშვებად მიჩნეულ იდეოლოგიასა და აშკარად მკრეხელურ კერპთაყვანისცემას შორის“ - ასეთი ვარაუდის გამოთქმით, ჟურნალისტი, როგორც ჩანს, მიუთითებს გარკვეულ „ინტელექტუალურ“ მხარდაჭერაზე, რომელსაც, შესაძლოა, ცორიონოვს უწევდეს თეოლოგიაში მასზე უკეთ გათვითცნობიერებული ხალხი.

ცორიონოვზე უკეთ გათვითცნობიერებულებს უდავოდ მიეკუთვნება კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი, პატრიარქი ფილარეტი. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მისეული შეფასება რადიკალურად განსხვავებულია: ფილარეტს სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი „სატანის ზემოქმედებას“ განიცდის.

XS
SM
MD
LG