Accessibility links

პუტინი: სერბიას მხარს კვლავაც დავუჭერთ კოსოვოს საკითხში


ბელგრადი, 2014 წლის 16 ოქტომბერი

ბელგრადი, 2014 წლის 16 ოქტომბერი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სერბიას კვლავაც დაუჭერს მხარს კოსოვოს საკითხში. ეს განცხადება პუტინმა გააკეთა ბელგრადში ვიზიტის დროს.

ბელგრადს პუტინი 16 ოქტომბერს ეწვია სახელმწიფო ვიზიტით, რომლის პროგრამა მოიცავს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს და სამხედრო აღლუმზე დასწრებას.

დღეს ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას სერბიის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში - განსაკუთრებით კოსოვოსა და მეტიოქიასთან მიმართებით...

პუტინი საპატიო სტუმარია სერბიაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში პირველად დანიშნულ აღლუმზე, რომლითაც 1944 წელს ნაცისტებისგან გათავისუფლებას ზეიმობენ. დღესასწაულის აღნიშვნა სერბიამ ოთხი დღით გადადო, პუტინის განრიგის გათვალისწინებით.

პუტინის ვიზიტი წარმოაჩენს სერბიის კომპლექსურ ბალანსს, ერთი მხრივ, ევროკავშირს, სადაც სერბიას გაწევრიანება სურს, მეორე მხრივ კი, რუსეთს შორის, რომელთანაც მას ისტორიული თუ რელიგიური ურთიერთობა და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აკავშირებს.

რუსეთმა გააკრიტიკა ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა 1999 წელს და მხარი დაუჭირა ბელგრადის წინააღმდეგობას ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე, რითაც კოსოვოს წინაღობა შეუქმნა გაეროში მანდატის მოპოვების პროცესში.

პუტინმა სერბიის პრეზიდენტს, ტომისლავ ნიკოლიჩს აღუთქვა, რომ რუსეთი მტკიცედ დადგება კოსოვოს საკითხთან მიმართებით:

„თქვენ ახსენეთ რუსეთის პოზიცია კოსოვოსთან მიმართებით. რუსეთს ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია აქვს, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ ჩვენს მეგობრობას და ახლობლობას, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობას და სამართალს. ეს პრინციპული პოზიციაა, ის არანაირ შესწორებას არ ექვემდებარება. სერბიას წარსულშიც მხარს ვუჭერდით და მომავალშიც ასე მოვიქცევით. რუსეთი მეგობრობით არ ვაჭრობს“.

ვლადიმირ პუტინი, ტომისლავ ნიკოლიჩი

ვლადიმირ პუტინი, ტომისლავ ნიკოლიჩი

ნიკოლიჩის თქმით, სერბია „რუსეთს აღიქვამს დიდ მოკავშირედ და პარტნიორად“.

„დღეს ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას სერბიის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში - განსაკუთრებით კოსოვოსა და მეტიოქიასთან მიმართებით“, - განაცხადა მან.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სერბიის სურვილის მიუხედავად, ბელგრადსა და მოსკოვს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

ვიზიტის დაწყებამდე სერბიაში გამომავალ გაზეთ „პოლიტიკაში“ გამოქვეყნებულ განცხადებებში პუტინმა შეაქო მოსკოვის „სერბი მეგობრები“ და მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი. კერძოდ, მან გააკრიტიკა რუსეთისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო.

მისი თქმით, რუსეთის იზოლირება „აბსურდული, ილუზორული მიზანი იყო“ და ამ მცდელობას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ევროპის ეკონომიკას.

რუსეთის ბირთვულ ძალაუფლებაზე მინიშნებით პუტინმა განაცხადა, „იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორები გაიაზრებენ რუსეთისთვის შანტაჟის მოწყობის მცდელობის უშედეგობას და იმ შედეგებს, რისი მოტანაც სტრატეგიული სტაბილურობისთვის შეუძლია უთანხმოებას მნიშვნელოვანი ბირთვული ძალაუფლების მქონე ქვეყნებს შორისო“.

მნიშვნელოვანია დღეს სხვადასხვა ქვეყნის თუ კონტინენტის ხალხებს ესმოდეთ, რა საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საკუთარი განსაკუთრებულობის დაჯერებას...

ნაცისტებისგან გათავისუფლების დღესასწაულთან მიმართებით პუტინმა განაცხადა, „სამოცდაათი წლის წინ ჩვენმა ხალხებმა ერთობლივად დაამარცხეს მიზანთროპიის დანაშაულებრივი იდეოლოგია, რომელიც ცივილიზაციას ემუქრებოდაო“.

აშშ-ის მიმართ მინიშნების სახით მან დასძინა, „მნიშვნელოვანია დღეს სხვადასხვა ქვეყნის თუ კონტინენტის ხალხებს ესმოდეთ, რა საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საკუთარი განსაკუთრებულობის დაჯერებასო“.

პუტინს აშშ პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მაისში სიტყვის წარმოთქმისას გაკეთებულმა განცხადებამ, მწამს „ამერიკის განსაკუთრებულობისო“, რუსეთში ბევრი დატოვა უკმაყოფილო.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ბელგრადში ვიზიტი პუტინს საშუალებას მისცემს დადებითი ყურადღება მიიპყროს. ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვიზიტის შემდეგ, 16-17 ოქტომბერს, მილანში, „ევროპა-აზიის სამიტზე“, ის შეხვდება დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მწვავე კრიტიკით აფასებენ რუსეთის მიერ უკრაინაში შესრულებულ როლს.

XS
SM
MD
LG