Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უფლებადამცველებს დაასაჩუქრებს


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აპირებს დააარსოს სპეციალური ჯილდო ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის. რუსეთის უფლებადამცველები ამ პრემიას ეჭვის თვალით უყურებენ და მიიჩნევენ, რომ გამარჯვებულები მორალური დილემის წინაშე დადგებიან - მიიღონ თუ არა ჯილდო პუტინისგან.

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს რუსეთში კარგი დღე არ ადგათ. 2012 წლიდან - მას შემდეგ, რაც პუტინი კვლავ პრეზიდენტი გახდა - ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, პუტინი გეგმავს უფლებადამცველებს ფული და სიგელები დაურიგოს.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, დაარსდება ყოველწლიური პრემია ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჰუმანიტარული მუშაკებისათვის. გაზეთის ცნობით, პირველ პრიზს თავად პუტინი გადასცემს 2016 წელს. სულ, საპრემიო ფონდი 6 მილიონი რუბლი იქნება - დაახლოებით, 93 ათასი დოლარი. „კომერსანტი“ წერს, ბრძანების ტექსტი მზადაა და მხოლოდ პუტინის ხელმოწერა აკლიაო.

ამ პრემიის დაარსება უკვე წლებია, რაც იგეგმება. პუტინის მთავარი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში მიხეილ ფედოტოვი ამბობს, რომ პუტინმა მისი შექმნა ჯერ კიდევ 2013 წელს გადაწყვიტა.

ამ პრემიის დაარსების შესახებ ცნობებმა განსხვავებული რეაქცია გამოიწვია რუსეთის უფლებადამცველთა წრეებში.

პაველ ჩიკოვი, ცნობილი რუსი უფლებადამცველი, რომელიც „აგორას ცენტრს“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ეს პრემია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიქმნა. რადიო თავისუფლებას მან უთხრა:

„ეჭვი არ არის, რომ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილი იქნება. ასევე, ეჭვი არ არის, რომ კრემლი ეცდება ამით აჩვენოს, ვის მიიჩნევს ადამიანის უფლებების დამცველად და რა საქმიანობას მიიჩნევს ადამიანის უფლებების დაცვად. ასევე, ეჭვი არ მეპარება, რომ ლაურეატებს შორის ძველი, ცნობილი უფლებადამცველებიც იქნებიან, რადგან ამის გათვლა რთული არ არის“.

მიხეილ ფედოტოვი გაცილებით ოპტიმისტურად უყურებს ამ საკითხს. „კომერსანტთან“ საუბრისას მან თქვა, რომ ეს პრემია გააქრობდა სტიგმას, რომელიც ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული. სტიგმა ძირითადად პუტინმა შექმნა, როდესაც, 2012 წელს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ათობით ასეთი ორგანიზაცია უცხოეთის აგენტად გამოცხადდა. ახლა კრემლის მხარდამჭერი უფლებადამცველი ფედოტოვი ამბობს, ეს პრიზი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ გაჩენილ ეჭვებს გააქარწყლებს და მათ პრესტიჟს გაზრდისო.

პაველ ჩიკოვი კი ამბობს, რომ ასეთი პრემია ისედაც შევიწროებულ სამოქალაქო სექტორს კიდევ უფრო გახლეჩს და ახალ საფიქრალს გაუჩენს:

„ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს დისკუსიის ახალ ჯაჭვს, - პრინციპში, ის უკვე დაიწყო კიდეც, - შეიძლება თუ არა ამ პრემიის მიღება, სწორია ეს თუ არა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ეს ამ ინიციატივის ერთ-ერთი ამოცანაცაა: დაიწყოს დისკუსია და უფლებადამცველები მორალური დილემის წინაშე დააყენოს - აიღონ თუ არა ფული და პრეზიდენტის პრემია“.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG