Accessibility links

logo-print

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ დაუშვებს მისი ინტერესების შელახვას


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

„რუსეთი არ ეძებს მტრებს, ჩვენ მეგობრები გვჭირდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 1 დეკემბერს თავის ყოველწლიურ მიმართვაში და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან „თანასწორობის საფუძველზე“. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, კორუფციის წინაამდეგ ბრძოლისა და შიდა რესურსების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს, წინასწარი ინფორმაციით, ყოველწლიურ მიმართვაში ძირითადად ყურადღება შიდა პოლიტიკისა და ეკონომიკური ვითარებისთვის უნდა დაეთმო, რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა საერთაშორისო ზეწოლა და ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს 2014 წლიდან დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან, ოღონდ როგორც „თანასწორმა პარტნიორმა“.

„ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგისაგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ, ჩვენ არ ვეძებთ და არც არასოდეს გვიძებნია მტრები, ჩვენ მეგობრებს ვეძებთ, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების შებღალვას, მათ უგულებელყოფას. ჩვენ გვსურს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ დამოუკიდებლად განვაგებდეთ ჩვენს ბედს, ვაშენოთ აწმყო და მომავალი, სხვების კარნახის გარეშე“.

ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტი შეეხო რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედებას ქვეყნის საზღვარგარეთ, სირიაში. ამ განცხადების ფონია საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება ალყაშემორტყმულ სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარებით. ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კომისარმა სტივენ ო'ბრაიენმა 30 ნოემბერს გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ სირიის ქალაქი ალეპო შესაძლოა გადაიქცეს ერთ დიდ სასაფლაოდ იმ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელთაც სირიის სამთავრობო ჯარები ახორციელებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ. გაეროს წარმომადგენლის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების გამო საკუთარი სახლი მიატოვა, დაახლოებით, 25 ათასმა ადამიანმა; დაახლოებით, 1000 კაცი გამორბის ყოველდღიურად ქალაქიდან თავშესაფრის საძებნელად, ქალაქში დარჩენილებს კი პრაქტიკულად აღარ აქვთ საკვები და მედიკამენტები. ო’ ბრაიენმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ლონდონიდან ჩართვის დროს მოუწოდა გაეროს, რომ იმოქმედონ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად. ამ ფონზე ვლადიმირ პუტინმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთის არმიის მოქმედებას, მისი თქმით, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში:

„ტერორისტებს მიადგათ საგრძნობი ზარალი! რუსეთის არმიამ და ფლოტმა დამაჯერებლად დაადასტურეს, რომ შეუძლიათ ეფექტიანი ბრძოლა თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან მოშორებით“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში გაამახვილა ყურადღება, ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებს შეეხებოდა. ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ, ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთში მცირდება ინფლაცია და აშკარაა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები.

„ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შემოიღეს ეკონომიკური სანქციები, რომლებზეც მე ზემოთ ვისაუბრე. ჩვენ საპასუხო ზომებს მივმართეთ და დავეხმარეთ შიდა ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს. მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება და მომხმარებელიც შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიან გარემოს საჭიროებს. ასე რომ, ამჟამად შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა უნდა წარმოებდეს პროფესიულად და არ უნდა ჰქონდეს „შოუს სახე“. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს დაავალა, შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, რომელმაც 2025 წლამდე უნდა უზრუნველყოს რუსეთის როლის გაძლიერება მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG