Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს არც „იმპერიის აღორძინება“ სურს და არც აშშ-ის „ვასალობა“


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 აპრილს თანამემამულეებს ამცნო, რომ რუსეთი არ ცდილობს „იმპერიის აღორძინებას“, მაგრამ არც აშშ-ის „ვასალობა“ სურს. ეს და სხვა განცხადებები გაკეთდა ყოველწლიურ პროგრამაში „პირდაპირი ხაზი“, რომლის მსვლელობაშიც რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში პასუხობდა მოქალაქეების შეკითხვებს. პუტინის ტელემარათონმა თითქმის ოთხი საათი გასტანა.

ვლადიმირ პუტინის აზრით, დასავლეთის სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის განვითარების შეჩერებას და უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლი გამოყენებულია მხოლოდ საბაბად საიმისოდ, რომ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა დამსჯელი ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ. პუტინმა ეს შეფასებები გამოთქვა მოქალაქეების შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემისას პროგრამაში „პირდაპირი ხაზი“.

„ალბათ, არ ღირს ახლა მოველოდეთ სანქციების მოხსნას, რადგან ეს არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის საკითხი - ვფიქრობ, სტრატეგიული ხასიათის - ჩვენი ზოგი პარტნიორისათვის რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი განვითარების შესაჩერებლად. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არ ეხება უკრაინის მოვლენებს, რადგან ახლა საჭიროა მინსკის შეთანხმებების შესრულება. ჩვენ, მართალია, ყველაფერს ვაკეთებთ მათ შესასრულებლად, მაგრამ კიევის ხელისუფლება არ ჩქარობს, ჩვენს მიმართ სანქციები კი ძალაში რჩება“, - განაცხადა პუტინმა პირდაპირ ეთერში მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხისას.

მან აღნიშნა ასევე, რომ „რუსეთის არმია არ იმყოფება უკრაინაში“, ანუ კიდევ ერთხელ უარყო უკრაინისა და ნატოს ბრალდებები, რომ მოსკოვი ჯარისკაცებს და იარაღს გზავნის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დასახმარებლად. შარშანდელი აპრილის შემდეგ ამ კონფლიქტმა 6 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ მონაცემებით, პრეზიდენტისათვის დასმული შეკითხვების უმრავლესობა ეხებოდა სახელმწიფო პოლიტიკას და სამხედრო უსაფრთხოებას, შედარებით ნაკლები - ვითარებას უკრაინაში და სოციალურ თემებს.

პუტინმა საუბარი დაიწყო 2014 წლის ეკონომიკური შედეგების მიმოხილვით, ახსენა „დადებითი ტენდენციები“, რადგან მთავრობამ შეძლო არ დაეშვა მკვეთრი ინფლაცია და უმუშევრობის ასევე მკვეთრი მატება: „ჩვენ შევეჯახეთ შეზღუდვებს გარედან და ეს, ასე თუ ისე, აისახა ზრდის ტემპებზე, ჩვენს განვითარებაზე, მაგრამ, მთლიანობაში, - და ამას ჩვენ ვხედავთ, - რუბლიც მყარდება, საფონდო ბაზრებიც იზრდება...“

რუსეთის პრეზიდენტმა თანამემამულეებს აუწყა ისიც, რომ მოსკოვი არ ცდილობს „იმპერიის აღორძინებას“, მაგრამ იმოქმედებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსების მხარდასაჭერად. მან დასავლეთი დაადანაშაულა ურთიერთობების მკვეთრად გაუარესებაში და განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს იქნება აშშ-ის „ვასალი“.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ზოგ მსხვილ სახელმწიფოს, სუპერსახელმწიფოს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ თავიანთ განსაკუთრებულობაზე და თავს მიიჩნევენ მსოფლიოში ძალაუფლების ერთადერთ ცენტრად, მოკავშირეები არ სჭირდებათ, მათ ვასალები სჭირდებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ. რუსეთი ვერ იარსებებს ურთიერთობის ასეთ სისტემაში - არა მარტო მხარს ვერ დაუჭერს ასეთ ურთიერთობას, არამედ ვერც კი იარსებებს. და ეს ყველამ უნდა გაიგოს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა პუტინმა მოქალაქეების შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხის გაცემისას.

საერთაშორისო თემებიდან მნიშვნელოვანი იყო ირანთან რუსეთის ურთიერთობაც. პუტინმა დაადასტურა, რომ ძალაში რჩება ირანისათვის S-300 ტიპის, მაღალი სიზუსტის რაკეტების მიწოდების გეგმა, მიუხედავად ისრაელის და შეერთებული შტატების უარყოფითი დამოკიდებულებისა. პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ რაკეტები არ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს პარტნიორებთან გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა ბოლო მოეღოს მრავალწლიან დაპირისპირებას ირანთან, მისი ბირთვული პროგრამის გამო.

პუტინის გამოსვლიდან კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, ბევრს დააინტერესებდა რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც, იყო სტალინიზმისა და ნაციზმის ურთიერთმიმართება. კონტექსტს ქმნის ისევ უკრაინა: უკრაინის პარლამენტში გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება ტოტალიტარული კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ამ კანონით კომუნისტური ხელისუფლება, რომელიც უკრაინას მართავდა 1917-1991 წლებში, დაგმობილია, როგორც სახელმწიფო ტერორის განმახორციელებელი დანაშაულებრივი რეჟიმი. შეფასება ისეთივეა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ტერიტორის ნაწილის მაკონტროლებელი ნაცისტური რეჟიმის მიმართ, ხოლო პუტინის აზრით, ამ ორი რეჟიმის შედარება გაუმართლებელია.

„შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ნაციზმი და სტალინიზმი, რადგან ნაცისტებმა პირდაპირ, ღიად, საჯაროდ გამოაცხადეს თავიანთი პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად მთელი ეთნოსების განადგურება: ებრაელების, ბოშების, სლავების... სტალინის რეჟიმის მთელი სიმახინჯის მიუხედავად, რეპრესიების მიუხედავად, მთელი ხალხების გადასახლების მიუხედავადაც კი, სტალინურ რეჟიმს არასოდეს დაუსახავს მიზნად განადგურება. და მცდელობას, ისინი ერთმანეთს შეადარონ, არა აქვს არანაირი საფუძველი“, - განაცხადა პუტინმა ყოველწლიურ ტელეპროგრამაში „პირდაპირი ხაზი“, რომელიც წელს მეცამეტედ გაიმართა. ის მიეკუთვნება გამოსვლებს, რომლებიც ემსახურება ვლადიმირ პუტინის წარმოჩენას ძლიერი ქვეყნის ძლიერ, თავდაჯერებულ ლიდერად - კაცად, რომელიც უარს არ იტყვის საკუთარი ხალხისა და მისი ინტერესების დაცვაზე, უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG