Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთის დადანაშაულებით გამოეხმაურა „პანამის დოკუმენტებად“ ცნობილი მასალის გამოქვეყნებას.

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ და გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც მილიონობით დოკუმენტს მოიცავს, მოყვანილია ინფორმაცია პუტინთან დაახლოებულ პირებზეც, მათ კავშირზე ოფშორულ კომპანიებთან, რომლებიც გასაიდუმლოებული ფინანსური ოპერაციებით არიან დაკავებული. მართალია, „პანამის დოკუმენტებში“ თავმოყრილი ინფორმაცია ათასობით ადამიანს ეხება (მათ შორის, მაგალითად, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს), პუტინი ფიქრობს, რომ სკანდალი შეადგენს მაინცდამაინც რუსეთის დესტაბილიზაციისათვის მოფიქრებული პროექტის ნაწილს.

ვლადიმირ პუტინი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ოფშორულ კომპანიებთან, რომელთა შესახებაც „პანამის დოკუმენტები“ გვამცნობს. ეს არის კომპანიების მთელი ქსელი და მას, როგორც ჩანს, დიდი ფულის დასამალად იყენებენ. პუტინი მასალის გამოქვეყნებიდან ოთხ დღეში, 7 აპრილს, გამოეხმაურა სკანდალს. მან სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამოთქვა აზრი, ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად რუსი ერის ერთობა და კონსოლიდაცია აშფოთებსო.

ის, რომ „პანამის დოკუმენტების“ მიღმა იმავე შეერთებული შტატების ოფიციალური პირები და ოფიციალური ორგანოები დგანან, ეს ჩვენ „ვიკილიკსმაც“ გვაჩვენა...

„პანამის დოკუმენტების“ იმ ნაწილში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, არ არის საუბარი ოფშორულ კომპანიებთან პირადად პუტინის კავშირზე, მაგრამ სახელდება, მაგალითად, მისი ახლო მეგობარი, პუტინის ქალიშვილის ნათლია, ცნობილი ჩელისტი სერგეი როლდუგინი. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, როლდუგინს ეკუთვნის ასობით მილიონი დოლარი ოფშორულ კომპანიებში.

„თითქმის მთელი ფული, რომელიც მან (სერგეი როლდუგინმა) იქ (ოფშორულ კომპანიებში) იშოვა, დახარჯა საზღვარგარეთ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად და ისინი რუსეთში ჩამოიტანა“, - განმარტა პუტინმა მედიაფორუმზე გამოსვლისას, თუმცა იქვე უარყო, რომ როლდუგინი, შესაძლოა, ასობით მილიონი დოლარის მფლობელი იყოს. რაღაც ფულს შოულობსო, თქვა პუტინმა.

ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ „პანამის დოკუმენტებში“ თავმოყრილია პანამაში დაფუძნებულ საადვოკატო ფირმა „მოსაკ ფონსეკადან“ გაჟონილი ინფორმაცია ფულის გადარიცხვის სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც, როგორც ჩანს, მრავალი პოლიტიკოსი და საჯარო პირი უმალავს სამართალდამცავ და მარეგულირებელ უწყებებს მსხვილ თანხებს - ხშირად, უკანონო გზით ნაშოვნ ფულს. "პანამის დოკუმენტები" ერთბაშად რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ რამდენიმე ენაზე გაავრცელა. მათში შესულია აგრეთვე მასალები ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მამაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილებზე, საუდის არაბეთის მეფეზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესიზე.

კრემლი კი „პანამის დოკუმენტებს“ წარმოსახავს, როგორც რუსეთის დესტაბილიზაციის მისაღწევად შექმნილი პროექტის ნაწილს, როგორც, ზოგადად, კრიტიკულ შეფასებებს რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ. ასეთი შეფასება გამოთქვა, მაგალითად, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. მიმდინარეობს ძალისხმევა, პუტინის დისკრედიტაციისა და რუსეთში სექტემბრის არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნითო, უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მაგრამ დავუბრუნდეთ თავად პუტინის შეფასებებს. მან 7 აპრილს სანქტ-პეტერბურგში თქვა, რომ პანამაში საადვოკატო ფირმიდან ინფორმაციის გაჟონვა, შესაძლოა, აშშ-ის მთავრობის მოქმედების შედეგი იყოს. მან იქვე ახსენა „ვიკილიკსი“ - ორგანიზაცია, რომელმაც 2010 წელს გამოაქვეყნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი დიდი მასალა.

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

„ის, რომ „პანამის დოკუმენტების“ მიღმა იმავე შეერთებული შტატების ოფიციალური პირები და ოფიციალური ორგანოები დგანან, ეს ჩვენ „ვიკილიკსმაც“ გვაჩვენა. ის, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, ზოგჯერ საჯაროდ იუზრდელონ - ამის გამო პირდაპირ ბოდიში მოგვიხადა ვაშინგტონის ადმინისტრაციის ზოგმა მაღალი რანგის ჩინოვნიკმა. მაგრამ, ვფიქრობ, იმიტომ კი არა, რომ შერცხვათ, არამედ იმიტომ, რომ იმათზე უფრო ჭკვიანები არიან, ვინც ეს გააკეთა“ - პუტინმა გააკეთა ეს ერთობ ბუნდოვანი განცხადება იმის შესახებ, თუ ვინ იუზრდელა და ვინ ბოდიში მოიხადა ამერიკელი ჩინოვნიკებიდან. შემდეგ კი ასე გააგრძელა: „როცა ოფიციალური პირები, ვთქვათ, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან, ასეთ მოუზრდელო რაღაცებს აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ თავს დაინტერესებულ პირებად ააშკარავებენ. ეს საბოლოო შედეგის მისაღწევად, რასაკვირველია, ცუდია მათთვის, მაგრამ კარგია ჩვენთვის, რადგან ვიგებთ, ვინ არის დამკვეთი“, განმარტა პუტინმა მედიაფორუმზე.

ვაშინგტონში ამერიკელი ოფიციალური პირები უარყოფენ „პანამის დოკუმენტებთან“ რაიმე სახის კავშირს.

საყურადღებოა, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიაში თითქმის მთლიანად არის უგულებელყოფილი ინფორმაცია ოფშორულ ფინანსურ საქმიანობაში პუტინის ახლობლების მონაწილეობის შესახებ. სამაგიეროდ, ბევრს წერენ „პანამის დოკუმენტების“ იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, გასაიდუმლოებულ ფინანსურ საქმიანობას ეხება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG