Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ფიქრობდა პუტინი მოსკოვიდან მონღოლეთში ფრენისას


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

უელსში ნატოს სამიტის დაწყებამდე დასავლეთის მოტყუების მცდელობა და ძალისხმევა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების თავიდან ასაცილებლად - ასე უწოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას, რომლითაც ვლადიმირ პუტინი 3 სექტემბერს გამოვიდა. პუტინის თქმით, მან თვითმფრინავში, მონღოლეთში ჩასვლამდე მოიფიქრა უკრაინაში ზავის მისაღწევი გეგმის დეტალები. პუტინის ეს განცხადება მოჰყვა ცნობებს, რომ მან და პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის პრობლემაზე.

ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და მოლდავეთის დასახმარებლად და უნდა გავაძლიეროთ მათი თავდაცვაც...
ბარაკ ობამა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც, როგორც ცნობილია, უარყოფს ბრალდებებს, რომ უკრაინაში გზავნის მებრძოლებს და იარაღს სეპარატისტების დასახმარებლად, იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა და რუსეთის მომხრე სეპარატისტები 5 სექტემბრის მოლაპარაკებისას შეთანხმდებიან ზავზე, ასევე გეგმაზე კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად.

პუტინმა მონღოლეთში ვიზიტისას უთხრა ჟურნალისტებს, რომ ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს „აქტიური თავდასხმითი ოპერაციები“, ხოლო უკრაინის ჯარებმა ბოლო უნდა მოუღონ მშვიდობიან სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ სამხედრო ავიაციის გამოყენებას. პუტინის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თვითმფრინავში მოიფიქრა შვიდპუნქტიანი გეგმა ზავის მისაღწევად. პუტინის გეგმა, რომელიც იმავე დღეს უარყო უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ასევე ითვალისწინებს ტყვეების გაცვლას, ჰუმანიტარული დახმარების დერეფნებს და ზავის უცხოელი მეთვალყურეების განთავსებას.

5 სექტემბერს მინსკში გაიმართება მოლაპარაკება უკრაინის, რუსეთის, სეპარატისტი მეამბოხეებისა და ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

პუტინის სამშვიდობო ინიციატივის ფონს ქმნის მოსკოვისთვის წაყენებული მძიმე ბრალდებები ტალინში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ვიზიტისას. ესტონეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ ისაუბრა რუსეთის „აგრესიაზე“ უკრაინის მიმართ:

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

„ჩვენ ვერ ვხედავთ ე.წ. გამოცხადებული ზავების დიდ შედეგებს. თუ რუსეთი მართლაც მზად არის შეწყვიტოს დაფინანსება, შეიარაღება, წვრთნა და, ხშირ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში და სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკურ დარეგულირებაზე, ეს არის ის, რისი იმედიც ჩვენ, ყველას, გვაქვს“.

ობამამ რუსეთი დაადანაშაულა უკრაინაზე „თავხედურ თავდასხმაში“ და ნატოს მოუწოდა უკრაინის არმიის გაძლიერების ხელშეწყობისაკენ. ბარაკ ობამას აზრით, ნატოს კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისათვის, რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და მოლდავეთის დასახმარებლად და უნდა გავაძლიეროთ მათი თავდაცვაც“, - განაცხადა ობამამ.

ნატო-უკრაინის ურთიერთობაზე დღეს საყურადღებო განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმაც. მან დაადასტურა კიევის მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისაკენ და გამოთქვა იმედი, რომ ნატო კიევს მიანიჭებს „საგანგებო პარტნიორის, ნომერ პირველი პარტნიორის სტატუსს“.

XS
SM
MD
LG