Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები ქალებისთვის


ამერიკის საელჩოს ინიციატივით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა იმ 16 ქალის პორტრეტი, რომლებიც თავიანთი საქმიანობით გენდერული ძალადობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძვიან. გამოფენა 6 მარტის ჩათვლით გასტანს, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება არა მარტო ნახოს პორტრეტები, არამედ პორტრეტების ქვეშ ამოიკითხოს მინაწერები იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით იბრძვიან ქალები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

მაიას ჟღალი თმა და სამართალდამცავის უნიფორმა თითქოს ყველა ჩარჩოს, სამართალდამცავების შესახებარსებულ ყველა სტერეოტიპს არღვევს. ყველა ჩარჩოს არღვევს მისი ფეისბუქპოსტებიც, რადგან ის სამართალდამცავია და საზოგადოება არ არის მიჩვეული სამართალდამცავების საჯარო გამოსვლებს, თუნდაც, სოციალურ ქსელებში. ის წერს მსხვერპლ ქალებზე, ბავშვებზე, ოჯახში ძალადობაზე, უფლებებზე, რომელთა შესახებაც ხშირად ქალებმა არაფერი იციან. ის, რომ ამ თემებზე ადამიანები ხმამაღლა ალაპარაკდნენ, გაკვირვებას აღარ იწვევს, მაგრამ სოციალურ ქსელში რომ ამ თემებზე უბნის ინსპექტორი წერს, ნამდვილად შეიძლება გაკვირვების მიზეზად იქცეს. გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მაია ფელიშვილი - ეს მისი ოფიციალური სტატუსია. წლების წინ ის თავად იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ერთ დღეს კი გადაწყვიტა, რომ ძალადობას გაჰქცეოდა და არა მხოლოდ გაჰქცეოდა, არამედ თავად გამხდარიყო ადამიანი, რომელიც სხვებს დაიცავდა ოჯახში ძალადობისგან. ასე აღმოჩნდა ის პოლიციის აკადემიაში, სადაც კიდევ უფრო უკეთ გააცნობიერა, თუ რა პრობლემასთან უწევდა გამკლავება წლების მანძილზე. მაია მადლობელია მშობლების, რომ რთულ სიტუაციაში მოძალადე ქმრის პირისპირ მარტო არ დატოვეს და გვერდში დაუდგნენ. ჟღალთმიანი ინსპექტორი ახლა საკუთარ შავ-თეთრ პორტრეტთან დგას. ის დღეს ქალთა მიმართ ძალადობას კანონის აღსრულებით ებრძვის. ეს მისი ყოველდღიური ცხოვრებაა: „გამოიყენე შენი უფლება, შენ გიცავს კანონი. შეგვატყობინე, ჩვენ მოვალთ შენთან და დაგეხმარებით“- ეს არის მაიას გზავნილი ქალებისათვის, რომელიც მან თავის პორტრეტს მიაწერა. მეუბნება, რომ ის ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება გაიაზრონ თავიანთი პრობლემა:

„უნდა აუხსნა არაერთხელ და, შეიძლება, შემდეგ უკვე უფრო გაუადვილდეს მსხვერპლს მიმართოს პოლიციას. ეს არის ძალიან რთული პროცესი. ხშირად ისმის ხოლმე, რომ მსხვერპლმა თვითონ უნდა მიმართოს სამართალდამცავებს, რომ თვითონ არ უნდა პოლიციასთან ურთიერთობა და ჩვენ რა უნდა ვქნათ... მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირს ყველა მსხვერპლს იმის თქმა და აღიარება, რომ მასზე ძალადობენ. რაც შეეხება პირადად ჩემს მოვალეობას, როდესაც მსხვერპლთან მივდივარ, პირველ რიგში, მას საკანონმდებლო ბაზას ვაცნობ. ვეუბნები იმას, თუ რის უფლებას ანიჭებს მას კანონი, ვაცნობ მის უფლებებს; ვეუბნები, რომ დავიცავთ მას, თუკი ჩვენ შველას გვთხოვს. ვუხსნი ყოველ მომდევნო ეტაპს, რასაც მას კანონი სთავაზობს, თუ რა სერვისებით შეუძლია ისარგებლოს და, რა თქმა უნდა, აქცენტს ვაკეთებ ხოლმე ბავშვებზე, თუკი ისინი ოჯახში ჰყავთ. ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე მგრძნობიარე თემა და ვუხსნი, თუ რამდენად ძნელია ბავშვისთვის უყუროს მშობლებს, რომლებიც ჩხუბობენ. მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც საკუთარი მაგალითიც მომიყოლია - როგორ ვებრძოდი მე თვითონ ამ ყველაფერს, როგორ გადავლახე ეს რთული პერიოდი და პრობლემები“.

მაია ფელიშვილი
მაია ფელიშვილი

მაია ფელიშვილის პორტრეტი იმ 16 პორტრეტს შორის კიდია, რომლებიც პირველ მარტს თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა. გამოფენა, სახელწოდებით „16 დღე“, აერთიანებს იმ 16 ქალის პორტრეტს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით გენდერული ძალადობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძვიან. პროექტის იდეის ავტორი კი საქართველოში აშშ-ის საელჩოა. ფოტოგადაღებები გასული წლის ნოემბერში მიმდინარეობდა, სწორედ იმ დღეებში, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, მიმდინარეობდა 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიას სათავე დაედო ჯერ კიდევ 1991 წელს „ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრის“ მიერ და მოიცავს 16 დღეს, 25 ნოემბრიდან მოყოლებული, 10 დეკემბრის ჩათვლით. დემიენ ვამპლერი, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ პროექტით ამერიკის საელჩომ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ ქალების საქმიანობას და მიზანს, რომლებიც ქალთა უფლებებისათვის იბრძვიან:

„ამ სივრცეში ჩვენ 16 ქალის ფოტო გამოვფინეთ, იმ ქართველი ქალების ფოტოები, რომლებიც იბრძვიან ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დასაცავად. გასულ ნოემბერში, კამპანიის ფარგლებში, ჩვენ გადავიღეთ ამ ქალების პორტრეტები, ვესაუბრეთ მათი საქმიანობის შესახებ. ახლა კი მარტია, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიის თვე. მარტი ის თვეა, როდესაც ამერიკა ყოველთვის აღნიშნავს სხვადასხვა ღონისძიებით იმას, თუ რას საქმიანობენ ქალები მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომაც მოვაწყვეთ ეს გამოფენა და დავპატიჟეთ ქალები, რათა მათ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება“.

„ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ერთ-ერთი ქალი, რომლის ფოტოც ამ პორტრეტებს შორის აღმოჩნდა, ვარ მე“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა გამოფენის გახსნაზე თამარ გურჩიანმა, უფლებადამცველმა და ქალთა აქტივისტმა. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩევა პესიმისტური პროგნოზებით, როცა საქმე ეხება ქალთა ჩაგვრასა და მათ მიმართ ძალადობას, დღეს აღიარებს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში ამ პრობლემასთან ბრძოლის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. თამარ გურჩიანს მაგალითად მოჰყავს შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს საგრძნობლად გაიზარდა არა მხოლოდ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინებების რაოდენობა, არამედ გაიზარდა სამართალდამცავების მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რიცხვიც. თამარ გურჩიანის სიტყვებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, მედიის, უფლებადამცველებისა და ქალთა აქტივისტების საქმიანობამ გამოიღო შედეგი და დღეს ამ თემას ტაბუ აღარ ადევს:

„ოჯახში ძალადობაზე საუბარი არ არის სირცხვილი. ქალზე მიმართ ძალადობაზე საუბარი სირცხვილი არ არის. სირცხვილია თავად ძალადობა. მე ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ვარ და წინა წელს ჩვენ რამდენიმე წარმომადგენელი გვყავდა მოწვეული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროდან, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდიდან და ჩემი სტუდენტები გაოგნებულები იყვნენ იმით, თუ რამდენი სერვისის მიწოდება შეუძლია სახელმწიფოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და რა ცოტა ვიცით ამის შესახებ“.

რუსუდან გოცირიძე
რუსუდან გოცირიძე

„მიენდე ღმერთს და ხმა ამოიღე, - ალბათ, ამაზე მეტყველებს ჩემი პორტრეტიო“, - მეუბნება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომელიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქალთა აქტივისტი გახდებოდა და ქალების უფლებებისათვის იბრძოლებდა. რუსუდან გოცირიძე რელიგიური უმცირესობის სივრცეში გაიზარდა - ისეთ სივრცეში, სადაც ქალები თანასწორობის ფუფუნებით არ სარგებლობდნენო, ამბობს ის. ამიტომ, მისი გადასახედიდან, მორჩილება და ჩუმად ყოფნა იყო ქალის მთავარი მისია და მახასიათებელი, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა გახდა, რუსუდანის შეხედულებები ქალის როლზე საზოგადოებაში შეიცვალა:

„აღმოჩნდა, რომ ჩემი ასეთი სიჩუმე, პრობლემებთან არდაპირისპირება, რომელიც მეგონა, რომ კარგი ამბავი იყო, მე ამით ვეღარ დავიცავი ჩემი შვილები კონკრეტულ შემთხვევებში. და მივხვდი, რომ თურმე მთალად უნივერსალური არ ყოფილა ის, რასაც მე მასწავლიდა დედა, უხუცესი და როგორც მე მელაპარაკებოდნენ საღმრთო წერილიდან. დედობრივი გრძნობის გაჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ერთ დღეში - ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი სიჩუმით მე კი არაფერი დამიშავდება, მაგრამ დაუშავდება ვიღაცას, ვინც ჩემთვის ძვირფასია. აქედან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ ჩავები ისეთ საქმიანობაში, რაც გენდერულ საქმიანობას შეეხებოდა. გავხდი ტრენერი. ვერასდროს წარმომედგინა, რომ მე გავხდებოდი აქტივისტი. მეგონა, რომ ჩრდილში ჩემს საქმეს გავაგრძელდებდი. უბრალოდ, ჩემმა სასულიერო პირად ჩამოყალიბებამ განაპირობა ის, რომ ბევრ რამეზე ხმამაღლა უნდა მეთქვა სათქმელი“.

ნინო, ნათია, ბაია, თამარი, ლია, რუსუდანი, მაია, თამთა, ანა, ნინია, ქეთი - ეს იმ ქალების სახელების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ფოტოებიც 16 ქალის პორტრეტებს შორის მოექცა. მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერესები აქვთ, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ - ქალები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ; ქალები, რომელთა დასაცავად თითოეული თავისი იარაღით იბრძვის: ზოგი კანონის აღსრულებით, ზოგი საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებული ღიაობით, ზოგი სატელევიზიო სერიალით, ზოგი მხატვრობით და სოციალური აქტივობით და ზოგიც სიტყვით.

მათ აქტიურობას კი მოჰყვა ის, რომ საქართველოს მხრიდან ხელი მოეწერა სტამბოლის კონვენციად წოდებულ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“. იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ოცამდე კანონს შეეხება. ცვლილებათა პროექტი კი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. სწორედ ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია. სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება, „ადევნება“, რომელიც კანონით დაისჯება, ასევე სტერილიზაციის იძულება. ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ, სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG