Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე


ქალთა შრომითი უფლებებისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია თბილისში. 8 მარტი 2014 წ.
ქალთა შრომითი უფლებებისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია თბილისში. 8 მარტი 2014 წ.

ქალთა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე, სხვაობა მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებას შორის, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით წინასახელშეკრულებო პერიოდში და დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერული წინსვლისას - შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის ამსახველი ანგარიში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა 20 ოქტომბერს გააცნო საზოგადოებას, სწორედ ამ საკითხებს მოიცავს. ეს ამ თემაზე მომზადებული პირველი სპეციალური ანგარიშია, რომელიც, სახალხო დამცველის დაკვეთითა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით, ორგანიზაციამ „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და დამოუკიდებელმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა მოამზადეს.

„მქონდა შემთხვევა, რომ მამაკაცი, პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომელი, მავიწროებდა. იგონებდა „საქმეებს“ და ასე ცდილობდა ჩემთან დაახლოებას. მერე მივდიოდი თანამშრომელ გოგოსთან ერთად. არადა, ჩაცმით არაგამომწვევად მეცვა.. არაფერს ვამბობდი, რომ პარტნიორული ურთიერთობები არ დაზარალებულიყო, რაღაც მიზეზს ვიგონებდი და ასე დავასრულე“, - ეს დასაქმებულთა მონაწილეობით ჩატარებული ფოკუსჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია, რომელიც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოხვდა. სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწოების ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთა პირისპირ დასაქმებული ქალები სამსახურში აღმოჩნდებიან ხოლმე. შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ სპეციალურ ანგარიშში არაერთი მსგავსი ამბავია მოთხრობილი. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, რაისა ლიპარტელიანი, აცხადებს, რომ დისკრიმინაცია ადვილად შესამჩნევი იქნება, თუ ერთსა დ ა იმავე პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების ხელფასს შევადარებთ:

„საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქალების ოფიციალური ხელფასი ეკონომიკის ყველა სფეროში მუდამ ჩამორჩება კაცების ხელფასს ისეთ დარგებშიც კი, სადაც ქალები უფრო მრავლად არიან დასაქმებულები, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში“.

ქალი დისკრიმინაციის ობიექტი ხდება მაშინ, როცა საუბარია ორსულობასა და მშობიარობაზე, დეკრეტული შვებულებით სარგებლობაზე. ძალიან ბევრი დამსაქმებელი უარს ეუბნება დასაქმებულ ქალს ამ შვებულებით სარგებლობაზე ან საერთოდაც ათავისუფლებს მას სამსახურიდან...
უჩა ნანუაშვილი

სურათი რომ უფრო ნათელი იყოს, ვნახოთ როგორ გამოიყურება საქართველოში დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასი ერთმანეთთან მიმართებით. 2007 წელს ყოველთვიურად კაცის ნომინალური ხელფასი იყო საშუალოდ 501, 4 ლარი, ქალის - 238,8. 2013-ში კაცის ნომინალური ხელფასი იყო 929,5 ლარი, ქალის - 565.7.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ქალთა შრომითი დისკრიმინაციის ფაქტები თითქმის არ იკლებს - ქალთა უფლებები ირღვევა როგორც წინასახელშეკრულებო, ისე სახელშეკრულებო პერიოდში. დისკრიმინაციის მიზეზი, როგორც წესი, ხშირად ხდება ქალთა ორსულობა, მშობიარობა და დეკრეტული შვებულება. ქალების უფლებები სამუშაო ადგილებზე ხშირად ირღვევა სექსუალური მოტივითაც:

„ქალი დისკრიმინაციის ობიექტი ხდება მაშინ, როცა საუბარია ორსულობასა და მშობიარობაზე, დეკრეტული შვებულებით სარგებლობაზე. ძალიან ბევრი დამსაქმებელი უარს ეუბნება დასაქმებულ ქალს ამ შვებულებით სარგებლობაზე ან საერთოდაც ათავისუფლებს მას სამსახურიდან. ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. ჩვენთან ამ დანაშაულის დეფინიციაც კი არ არსებობს კანონში, რასაც „sexual harassment“ ჰქვია“.

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირს დღესაც, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში და შრომის ახალი კოდექსის მიღების დღეებშიც, არაერთი შენიშვნა აქვს. გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსში ქალთა უფლებების კუთხით მხოლოდ ორიოდე ცვლილება შევიდა - აიკრძალა ფეხმძიმობის გამო სამსახურიდან ქალის გათავისუფლება, მოგვიანებით კი გაიზარდა დეკრეტული შვებულების დღეები და ანაზღაურების ოდენობა. მაგრამ ცვლილება არ შეხებია კონკრეტულად შრომის პირობებს:

ახალგაზრდას უარს ეუბნებიან სამსახურში აყვანაზე იმის შიშით, რომ ის გათხოვდება და მისი დეკრეტული შვებულების ფული ექნებათ გადასახდელი, ხანდაზმულს - იმიტომ, რომ ხანშია შესული... შრომის ბაზარს რომ გადახედოთ, ქალები ე.წ. შავ სამუშაოს ასრულებენ ყველგან...
ეთერ მათურელი

„ის, რაც შრომით პირობებს შეეხება, დისკრიმინაციას შეეხება, ასეთი ცვლილებები შრომის კოდექსში ქალთა უფლებების შესახებ არ შესულა. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ცვლილებები მეორე ეტაპზე განხორციელდებოდა და ეს ძალიან მალე მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და არაფერი ჩანს. ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციები, ჩავერთეთ იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში, მაგრამ ჩატარდა მხოლოდ ერთი სხდომა და მას შემდეგ პროცესი გაჩერდა. არადა, ეს არის ის პრობლემა, რომელიც დიდხანს ვერ მოიცდის“.

ეთერ მათურელი ამბობს, რომ სამსახურის დაწყების პრობლემა ერთნაირად აქვთ არაეფექტური შრომის კოდექსის პირობებში როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანში შესულ ხალხს, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე ქალების სიმცირის შესახებ:

„ახალგაზრდას უარს ეუბნებიან სამსახურში აყვანაზე იმის შიშით, რომ ის გათხოვდება და მისი დეკრეტული შვებულების ფული ექნებათ გადასახდელი, ხანდაზმულს - იმიტომ, რომ ხანშია შესული... შრომის ბაზარს რომ გადახედოთ, ქალები ე.წ. შავ სამუშაოს ასრულებენ ყველგან, ხელმძღვანელად ქალს თითქმის არ უშვებენ, მისი კარიერული წინსვლა, ფაქტობრივად, დაბლოკილია“.

ანგარიშის ძირითად რეკომენდაციებს შორისაც ვკითხულობთ, რომ საჭიროა შემუშავდეს სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახის, დეფინიცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კი დაწესდეს სანქციები სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, შრომის კოდექსში განისაზღვროს მამაკაცისა და ქალის შრომით ურთიერთობაში თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურებით სარგებლობის უფლება და ა.შ.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მზად არის, ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა გააგრძელოს. 20 ოქტომბერს მან ასევე თქვა, რომ სახალხო დამცველის ეს ანგარიში შესაძლოა ერთგვარ სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცეს იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე“.

„რაც უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება ქალი შრომით ურთიერთობებში, ეკონომიკურად იქნება დამოუკიდებელი და მას შეეძლება არსებობა საკუთარი შრომით და არ იქნება დამოკიდებული ქმარზე ან ყოფილ ქმარზე, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ გარკვეულწილად მაინც ავიცილოთ თავიდან ძალადობის ის ფორმები, რაც დღეს არსებობს ჩვენს საზოგადოებაში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2006 წლამდე მოქმედებდა 1973 წელს მიღებული საბჭოთა შრომის კოდექსი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. შემდეგ, 2010 წელს, პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო. 2013 წელს კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შრომის კოდექსი ისევ შეიცვალა. დღეს ქალთა უფლებების დამცველები სწორედ არსებულ კოდექსში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გამიზნულ ცვლილებებს მოითხოვენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG