Accessibility links

მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ საქმიანობის ახალ ფორმატზე გადადის. „მოძრაობა“ სამშვიდობო პროცესში, ქალების გარდა, ომის ვეტერანებისა და ახალგაზრდების ჩართვასაც გეგმავს. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერის მანანა მებუკის განცხადებით, 2013 წლიდან მოძრაობა ახალი წევრებით შეივსება და საქმიანობის ფორმატიც გაფართოვდება. უკვე 5 წელია ქალთა სამშვიდობო მოძრაობა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ოს ქალბატონებთან. შეხვედრები ძირითადად ბაქოში, ერევანსა და სტამბოლში ტარდება ხოლმე. ქართველ და ოს ქალბატონებს დიალოგების მოწყობაში შვედური ორგანიზაცია „TVINNA TIL KVINNA“ ეხმარება. მანანა მებუკის აზრით, ქალთა როლი მშვიდობის მშენებლობის საქმეში ძალიან დიდია, მაგრამ დროა პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, განსაკუთრებული აქცენტი კი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებზე გაკეთდება.

„ქალთა ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ ქალები ქმნიან პლაცდარმს, სადაც შემდეგ იხსნება შეხვედრები ახალგაზრდებისთვის, უშუალოდ კონფლიქტში დაზარალებული ადამიანებისთვის. მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც, 90-იანი წლების შემდეგ, ხეობები იყო მიტოვებული და არ მოხდა მათი ცნობიერების შეცვლა, არ მოხდა მათი განათლების დონის ამაღლება, მათი ინფორმირებულობა, რამაც შემდეგ თავისი კვალი დაამჩნია და მოგვიტანა 2008 წელი“,– აცხადებს მანანა მებუკე.
ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას იმისთვის, რომ ახალგაზრდების მოზიდვა გვინდა. რატომ ახალგაზრდები? იმიტომ რომ ჩვენს თაობას მეხსიერებაში აქვს ჩვენი წარსული ურთიერთობები ...

ცხინვალში ქალთა სამშვიდობო მოძრაობას ლირა კოზაევა ხელმძღვანელობს. მისი აზრით, მშვიდობის მშენებლობის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ახალგაზრდების ჩართვაა, რადგან კონფლიქტის დროს დაბადებულ ადამიანებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ რა ხდება მეორე მხარეს. გარდა ამისა, მომავალი ურთიერთობები სწორედ ახალგაზრდების ასაშენებელია.

„ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას იმისთვის, რომ ახალგაზრდების მოზიდვა გვინდა. რატომ ახალგაზრდები? იმიტომ რომ ჩვენს თაობას მეხსიერებაში აქვს ჩვენი წარსული ურთიერთობები, ჩვენი წარსული სიყვარული და მეგობრობა. ახალგაზრდებმა კი ეს ყველაფერი არ იციან. ეს ახალგაზრდობა უკვე კონფლიქტის დროს დაიბადა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ნეგატივი ესმის. ამიტომ გვინდა, რომ ისინი ჩავრთოთ, რადგან მომავალი მათ უნდა ააშენონ. ის, რაც ჩვენ, უფროსებმა, გავაფუჭეთ, დავანგრიეთ, ახალგაზრდებმა უნდა გამოასწორონ და რომ გამოასწორონ, მათ უნდა იცოდნენ, რა იყო და რისკენ უნდა მიისწრაფოდნენ“, – ამბობს ლირა კოზაევა.

ქართველი და ოსი ქალები ერთმანეთს მალე შეხვდებიან და მომავალი წლის პროგრამას დაგეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ქალთა სამშვიდობო მოძრაობამ არაერთი ერთობლივი პროექტი ცხინვალსა და გორში უკვე განახორციელა.
XS
SM
MD
LG