Accessibility links

ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები გლობალურ პოლიტიკურ გარღვევას არ ელოდებიან


ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები

ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები

ქართულ-რუსული დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ დიცში სტუმრობისას რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზზე გაკეთებულ მწვანე ღობეზე მოსკოვიდან ჩამოტანილი სტიკერი გააკრა, რომელზეც წერია: „შეცვალე რუსეთი, დაიწყე მოსკოვიდან – ნავალნი“. რუს ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ვითარება რუსეთში შეიცვლება, მაგრამ საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა რომ ჯერ უკეთესობისკენ არ იცვლება, მხარეები ამაზე უსიტყვოდ თანხმდებიან. ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები იმ ილუზიით არ შეხვედრიან ერთმანეთს, რომ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას მალე შეცვლიან და მხარეებს შორის ხვალვე დათბება, თუმცა, მათი აზრით, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, ანალიტიკოსებს სწორი ინფორმაციის მიტანა შეუძლიათ საზოგადოებამდე და ეს შანსი აუცილებლად გამოსაყენებელია. მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი ქრისტინა კუდლაენკო ფიქრობს, რომ ურთიერთგაგება კონკრეტული პრობლემების გარშემო შესაძლებელია. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გვესმოდეს ადამიანების და ჩავწვდეთ მათ სურვილებს:

„ახლახან, ორი-სამი კვირის წინ, საქართველომ გამოხატა განზრახვა ხელი შეუწყოს სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ საკითხზე უსიტყვო თანხმობა სრულიად საკმარისია, თუმცა, როგორც ვხვდები, ქართველი ექსპერტებისთვის ეს საკმარისი არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება გამოინახოს თანამშრომლობის სხვა გზები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებში აისახება. ამ შეხვედრაზე უნდა გავიგოთ, რა სახის თანამშრომლობაა შესაძლებელი. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ შეილახოს საქართველოს ინტერესები და რუსეთის ეროვნული ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება და საერთო მნიშვნელამდე მისვლა. თუკი საერთო მნიშვნელამდე მისვლას შევძლებთ, რაღაცის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება. მეორე ამოცანაა იმის გაგება, რა ხდება საქართველოსა და რუსეთში. ასეთი არაოფიციალური შეხვედრების დროს ისმის კითხვა: რა ხდება თქვენთან, რა პრობლემები გაქვთ? ასეთი ურთიერთობისას უკეთესად ეცნობი იმ ქვეყანას, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებ“.
ადამიანები ისეთ ვითარებაში არიან, რომ მათ, უბრალოდ, წირავენ ნელი სიკვდილისთვის. ეს საშინელებაა და არანაირი სახელმწიფოებრივი საზღვრებითა და ადმინისტრაციული რაღაცებით ამის ახსნა არ შეიძლება. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთი რამ ხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ვითარება გაუმჯობესდება...

ქართულ-რუსული დიალოგის ორგანიზატორია „კავკასიური სახლი“. დიალოგში მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები, ანალიტიკოსები, ჩრდილო კავკასიის საკითხების ექსპერტები საქართველოდან და რუსეთიდან. მონაწილეებმა უკვე გამართეს შეხვედრები შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და რეინტეგრაციის სამინისტროებში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათ მიიღეს მკაფიო მესიჯები იმის შესახებ, რომ ახალმა მთავრობამ რუსეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალა და შემხვედრი ნაბიჯებიც გადადგა, საპასუხოდ კი ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ გამყოფი ხაზის და მავთულხლართების სწრაფი მონტაჟი მიიღო. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროპული და ჩრდილოატლანტიკური კურსიდან გადახვევას არ აპირებს

დიალოგის მონაწილეები ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებშიც იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით ნახეს ის მავთულხლართები, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა გაავლეს და ამით იქ მცხოვრებ მოქალაქეებს დამატებითი ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი არაერთი ოჯახი დევნილად იქცევა. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტმა ირინა გორდიენკომ საკუთარი ემოცია არ დამალა და ამ ზონაში დარჩენილ ადამიანებს შენელებული სიკვდილისთვის განწირულები უწოდა:

„ადამიანები ისეთ ვითარებაში არიან, რომ მათ, უბრალოდ, წირავენ ნელი სიკვდილისთვის. ეს საშინელებაა და არანაირი სახელმწიფოებრივი საზღვრებითა და ადმინისტრაციული რაღაცებით ამის ახსნა არ შეიძლება. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთი რამ ხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ვითარება გაუმჯობესდება, რადგან სრულიად ცხადია, რომ აქ ადამიანები არიან მსხვერპლი არა რაღაც სახელმწიფოებრივი აუცილებლობის, არამედ, უბრალოდ, პოლიტიკის“.
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში

ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეები კონფლიქტის ზონაში


ანალიტიკოსები და ჟურნალისტები შავშვების დასახლებაში დევნილებსაც შეხვდნენ და მათი ყოფის შესახებ ინფორმაცია პირველწყაროდან მოისმინეს. დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ, მიუხედავად დიდი ტკივილისა და წყენისა, დროა პრობლემები მშვიდობიანად გადავჭრათ და ეს ცხინვალშიც და მოსკოვშიც კარგად უნდა ესმოდეთ.

ამ დიალოგით მხარეებს შორის დიდ პოლიტიკურ გარღვევას არ ელოდება მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის სიტუაციური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი სერგეი უტკინი, თუმცა, მისი თქმით, დიალოგის ფარგლებში გაკეთებული ანალიტიკური მასალები სამოქალაქო საზოგადოებას წარმოდგენას შეუქმნის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ:

„ჩვენ, რასაკვირველია, ვცდილობთ რუსეთის აუდიტორიამდეც მივიტანოთ ინფორმაცია, რომელიც აქ მოვიპოვეთ, და გავუზიაროთ შთაბეჭდილებები. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ეს აღადგენს მხარეებს შორის თავად საუბარს, მაგრამ ამით ვერ მოხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა. ეს დაკავშირებულია დიდ პოლიტიკასთან. ამდენად, არათუ ერთი ვიზიტი, არამედ ვიზიტების სერიაც, რასაკვირველია, სწრაფად კარდინალურად ვერ შეცვლის ვითარებას“.

წლის ბოლომდე ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში კიდევ 4 შეხვედრის გამართვა იგეგმება. პროექტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტების მოგვარების ფონდი აფინანსებს.
XS
SM
MD
LG