Accessibility links

logo-print

„ქართული ლექსი - მეოცე საუკუნე“- გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა იმ ქართველი პოეტების ანთოლოგია, რომლებიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდნენ. წიგნში ასამდე პოეტის ნაწარმოებებია შესული, დაწყებული გრიგოლ რობაქიძით, დამთავრებული ნიკა ჯორჯანელით. წიგნში შესულია ბევრი თანამედროვე პოეტიც, ვინც ლექსების გამოქვეყნება მეოცე საუკუნეში დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ამბობს, რომ ანთოლოგიები კარგად ასახავს ლიტერატურულ პროცესებს, იძლევა ლიტერატურული პერიოდის შეჯამების შესაძლებლობას და ამის გამო მათ ხშირად გამოსცემენ. ამჯერად გამოსცა „დიოგენემაც“. ის ერთი ადამიანის, პოეტ ზვიად რატიანის, შედგენილია. თამარ ლებანიძე ამბობს, რომ ზვიად რატიანის გემოვნებასაც ენდობიან და გამოცდილებასაც:

„ერთი მხრივ, ეს არის მასშტაბური, ლანშაფტური სურათი მთელი მეოცე საუკუნის. მეორე მხრივ, ეს არის კონკრეტული ადმიანის მიერ შედგენილი კრებული, მისი აზრით, საინტერესო ლექსებისა, რომელიც ყოველთვის არ არის შედევრი“.

ეს არ არის შედევრების წიგნი, - კიდევ ერთხელ ამბობს თამარ ლებანიძე. მისი თქმით, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი მათთვის, ვისაც მეოცე საუკუნის ქართული პოეზია აინტერესებს:

თამარ ლებანიძე

თამარ ლებანიძე

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მაინც გავთვალეთ პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულებზე, რადგან ძლიან ბევრი სახელი მათთვის ახალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს კრებული გამოადგებათ პედაგოგებსაც, რადგან ის თავისუფალია ყოველგვარი კონიუნქტურისგან. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ საბჭოთა ცენზურას, არამედ ლიტერატურულ კონიუნქტურასაც, რომელიც დღესაც არსებობს და მკითხველს, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად არასწორ წარმოდგენას უქმნის იმაზე, თუ რა არის ნამდვილი პოეზია და პროზა, ზოგადად მხატვრული ლიტერატურა“.

კრებულში შესული ერთ-ერთი ავტორის, ალეკო ცქიტიშვილის, თქმით, ძალიან კარგია, რომ საავტორო ანთოლოგიები ქართულ რეალობაშიც დამკვიდრდა. მას მაგალითად მოჰყავს კიდევ ერთი წიგნი, რომლის შემდგენლებმაც მეოცე საუკუნის პროზა შეაჯამეს. მათ უფრო ის ნაწარმოებები გამოაქვეყნეს, რომლებიც სკოლაში არ ისწავლებოდა და ანტიკომუნისტური იყო:

„ვფიქრობ, ზვიადსაც ანალოგიური მიდგომა ჰქონდა. ის შეეცადა ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები შეერჩია და, ამ მხრივ, მართლაც საინტერესო ლექსები შეარჩია - მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, სადაც საკუთარ თვითმკვლელობაზესაუბრობს. გამიხარდა, რომ ასეთი ლექსი აღმოვაჩინე“:

„ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს,

როცა გაიგებს სიკვდილის ხველას.

შენი სიცოცხლე არვის ახარებს,

შენი სიკვდილი ახარებს ყველას.

ეს აზრი უნდა გავიგოთ ასე:

რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას

და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს

წერტილს ტყვიისას.

-რას?

-თვითმკვლელობას“.

ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი ასევე ამბობს, რომ ანთოლოგიის შემდგენელმა არჩია, ნაკლებად ცნობილი ტექსტები შეეტანა კრებულში და, შესაბამისად, ბევრი ცნობილი ლექსი წიგნში შესული არ არის:

„ზოგირთი ლექსი ნამდვილად მოვისაკლისე, მაგალითად, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“ ან კოლაუ ნადირაძის „ 25 თებერვალი“, ასევე ტიციან ტაბიძის „ცხენი ანგელოზით“...

ამასთან, კრებულში ვერ მოხვდნენ ის პოეტები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში უფრო მოღვაწეობდნენ, ვიდრე მეოცეში, მაგალითად: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა. რაც შეეხება შედარებით თანამედროვეებს, ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ მისი ნება რომ ყოფილიყო, კრებულში შეიტანდა კოსტანტინე გამსახურდიას, გაბრიელ ჯაბუშანურის და მიხა ხელაშვილის ლექსებსაც.

რაც შეეხება იმათ, ვინც კრებულში მოხვდა, როგორც უკვე ვთქვით, სია დაახლოებით ასამდე პოეტს ითვლის და ჩვენ შეგვიძლია მათი ნაწარმოებებიდან ციტატები შემოგთავაზოთ.

„ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა“...

(ვალერიან გაფრინდაშვილი)

„წითელი მზე აელვარდა მინებთან,

მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.

უიმედო გულის ძგერა მინელდა,

შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,

სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.

გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,

მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,

როგორც შორი მირაჟების სერია.

ახლა უფრო დაფიქრების დროა,

ჩადენილი შეცდომები ბევრია“...

(ტერენტი გრანელი)

„...ხიდბოგირზე ცირა ციბას,

ობობებით შეევედრე.

უბინადრო უძარიდრო

ძარბაიდებს ცისადგამი

ცურავს ზღვაში ცამებული

გემებს მოაქვს

იალქარზე ცაბოკონი,

ტყეს დატვირთავს წამებული

ოდელიოდო ცა,

უდე ბუდე,

უდევს ბადე

ობობამდე“...

(სიმონ ჩიქოვანი)

„იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,

დღემდე იმგვარად დარჩა, ის, მგონი.

დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს

ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი“...

(ლადო ასათიანი)

„ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია“..

(მირზა გელოვანი)

„... რომ არ ამეღო ხელში წიგნი,

თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.

რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი.

დიდი ქალაქი

რომ არ მენახა!

მეყოლებოდა ახლა ხარები.

შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.

არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი,

აღარც მდიდარი.

ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა,

ცივ სოხანეზე

გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით.

მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრად ყურება -

აიზლაზნება

მინდვრებიდან

როდესაც ორთქლი “...

(მუხრან მაჭავარიანი)

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

კრებულის ავტორი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს წიგნი საერთოდ არ არის ანთოლოგია, ეს, უბრალოდ, ლექსების წიგნია და ეს ლექსებიც არ არის იმის მიხედვით დალაგებული, რომ რამე ტენდენცია აჩვენოს. მისივე თქმით, წიგნში კარგ ავტორებთან ერთად ცუდებიც არიან, ან, საერთოდ, ისეთებიც, რომელთა სახელი და გვარი მანამდე თავად შემდგენელსაც არ გაეგონა:

„ბმები მინდოდა მეჩვენებინა ქართულ პოეზიაში, ყლორტები რომ წამოვა და მთავარ ღერძს რომ აჯობებს ან ვერ აჯობებს. ცუდი რაღაცების ჩვენებაც მინდოდა“.

და ისევ ლექსები:

„ოთახში დადის და ლაპარაკობს,

მერე იმისი ხელი ჩაიდანს

დასწვდა და ასხამს ფინჯანში ჩაის

და სანამ ფინჯანს ლოჯში გაიტანს,

უთრთის ხელი და მეც უკან მივდევ,

სკამს მაგიდასთან ვიდგამ და ვჯდები.

(„გინდა ლიმონი?“)

მისი ტუჩები უფერულია,

შეჭრილი თმებით

უფრო მკაცრია სახის ოვალი.

(„მაინც რა მოხდა, მთელი ქალაქი

რომ ამ სულელურ რომანს კითხულობს...

მაცივარშია ალბათ კარაქი...“)

მე ვდგები ისევ.

სკამი ჭრიალებს.

ყველაზე ადრე ძველდება სკამი.

ქალი მიყურებს და იღიმება.

ასე უსხლტება გაბზარულ კრამიტს

სინათლის სხივი.

(„შენ არ გცალია, კინოში უნდა ვიარო

მარტომ...“)

საწოლ ოთახში ფარდა გასწია.

(„მე რომ მაცვია, ასეთი პალტო

ვიღას აცვია!..“)

მე ჩაი მოვსვი.

(დღეს მოიტანდე იქნებ ბილეთებს...

„კავკასიური ცარცის წრე“ ბრეხტის...“)

მიახლოვდება.

(„ძლივს რომ იმეტებს

სალამს, ვინ არის, რას წარმოადგენს?“)

თავზე დამადგა.

მე ისევ დინჯად

კოვზს დაუშაქრავ ჩაიში ვურევ

და დაფანტული დავყურებ ფინჯანს.

წვიმს.

მოღრუბლული დღე არის გარეთ.

მოწყენილია სახლში ავეჯი.

(„უბრალოებით ფასდება კაცი...

სხვა კულტურაა სისადავეში...“)

მე ვდგები.

(„ქუდი არ დაგავიწყდეს..“)

ოთახის სითბო ქუჩაში მიმაქვს

და მანქანებში გადასასვლელზე

ცელქი ბიჭივით გადარბის წვიმა...“

(გივი გეგეჭკორი)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG