Accessibility links

logo-print
საპარლამენტო არჩევნების ეგზიტ პოლების შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, და მაჟორიტარულ არჩევნებში, თბილისის მასშტაბით, კოალიცია ”ქართული ოცნება” ლიდერობს. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტ პოლით მოსახლეობის გამოკითხვა ერთდროულად 4-მა ორგანიზაციამ ჩაატარა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ზე გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, 16 საათის მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 51 პროცენტი მიიღო, ხოლო „ნაცინალურმა მოძრაობამ“ - 41 პროცენტი. მესამე ადგილზე, ამომრჩეველთა ხმების 4 პროცენტით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ აღმოჩნდა. ეგზიტ პოლის საბოლოო შედეგით კი, ანუ 20 საათის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 50, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 41 პროცენტი დააგროვეს, 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“. ეგზიტ პოლი, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, ”Edison Research”-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35 პროცენტმა არ გაამჟღავნა, რომელ პარტიას მისცა ხმა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამოქვეყნებული პირველი ეგზიტ პოლის მიხედვით, რომელმაც 17 საათისა და 30 წუთის მონაცემები ასახა, პროპორციულ არჩევნებში ”ქართული ოცნება” 35 პროცენტით ლიდერობდა, 30 პროცენტით მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო , მესამეზე კი, მხოლოდ 2,1 პროცენტით, - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. პირველი არხის დაკვეთით, ეგზიტ პოლი კომპანია GFK-იმ ჩაატარა. კვლევის თანახმად, თავისი არჩევანი გამოკითხული ამომრჩევლის 32-მა პროცენტმა არ გაამჟღავნა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეგზიტ პოლის საბოლოო, 20 საათის, შედეგებით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებლები გათანაბრდა და 33 -33 პროცენტი შეადგინა.

ტელეკომპანია ”მაესტროს” ეგზიტ პოლის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 63 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - მხოლოდ 1, ხოლო პასუხის გაცემაზე უარი ამომრჩევლის 6-მა პროცენტმა განაცხადა. ”მაესტროსთვის” ეგზიტ პოლი კომპანია ”Pen Schoen Berland- მა ჩაატარა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა ხალხმა მოახერხა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და, თუ გნებავთ, ოქროს ასოებით ჩაიწერება. ჩვენ მოვახერხეთ, მე ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა მოახერხა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოს შეეფერება ...

დაბოლოს, ”ამომრჩეველთა ლიგის” ეგზიტ პოლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ”ქართულმა ოცებამ” პროპორციულ არჩევნებში ხმების 70, 24 პროცენტი მოიპოვა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” კი - 24, 66 პროცენტი. ”ამომრჩეველთა ლიგამ” ეგზიტ პოლი ”ბარსელონ ენდ კომპანის” დახმარებით განახორციელა.

დამატებით, კერძოდ, „მაესტროს“ ეგზიტ პოლის შედეგებით, ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისში ”ქართულმა ოცნებამ” ყველა ოლქი მოიგო.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ” ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში მისი კოალიცია მინიმუმ 100 ადგილის მოპოვებას ვარაუდობს.

” საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა ხალხმა მოახერხა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და, თუ გნებავთ, ოქროს ასოებით ჩაიწერება. ჩვენ მოვახერხეთ, მე ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა მოახერხა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოს შეეფერება... ხელისუფლების სახეც ნახეთ, ოპოზიციის სახეც ნახეთ, საერთო ჯამში, ესენი, ჩვენ ყველანი, საქართველოს მოქალაქეები ვართ. დღეს უნდა მოვახერხოთ გავერთიანდეთ, დავივიწყოთ, დავივიწყოთ ყველანაირი განაწყენება და ერთიანი საქართველო ავაშენოთ”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ მათ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

თავის მხრივ, ეგზიტ პოლების პირველად შედეგებს საგანგებო მიმართვით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი განცხადებით, ჯერჯერობით არჩევნების შედეგები იცვლება და სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის, თუმცა მთავარია, რომ არჩევნები შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისა და საქართველოს უახლესი და გრძელვადიანი მომავლის საკუთარი ხედვის გამოხატვისათვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა იმისა, რომ ახალი პარლამენტი ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს. მანვე განაცხადა, რომ, როგორც პრეზიდენტი, არის გარანტი იმისა, რომ გადასვლა ამ პარლამენტიდან ახალ პარლამენტში უმტკივნეულოდ, კონსტიტუციისა და დემოკრატიის ფარგლებში მოხდება.



რაც შეეხება უშუალოდ ეგზიტ პოლების შედეგების პრეზიდენტისეულ შეფასებას:

”პროპორციულ ხმებში ქართული ოცნების ძირითადი უპირატესობა ეფუძნება იმ ხმებს, რომელიც ამ კოალიციამ აიღო დიდი უპირატესობით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. თბილისის გარეთ, პრაქტიკულად ყველა რეგიონში, ასევე სერიოზული უპირატესობით, ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას თბილისად და რეგიონებად. ჩვენ ვართ ყველანი ქართველები, ჩვენ ვართ ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ არსებული დემოკრატიის ფარგლებში ერთად მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია იყო დაძაბული, ემოციური, ხშირად, სამწუხაროდ, ბინძურიც, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკან დარჩეს და ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მოქალაქის ინტერესების წარდგენა ახალ პარლამენტში და საქართველოს ახალ მთავრობაში”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კიდევ უფრო დააკონკრეტა წინასწარი შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის გარეთ 53 მაჟორიტარულ ოლქს იგებს. მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ერთობლიობით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში კვლავ მყარი უმრავლესობის მოპოვებას იმედოვნებს. საწინააღმდეგოა ”ქართული ოცნების” მოლოდინი - ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ საუბარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ, სამცხე-ჯავახეთის გარდა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა სხვა რეგიონებში პირწმინდად მოუგეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ცენტრალური საარჩევნო კომისია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას, ეტაპობრივად, 2 ოქტომბრის ღამის 3 საათიდან დაიწყებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG