Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პროდუქცია „პენტაგონის ბაზარს“ უმიზნებს?


ქართული "დიდგორი"
ქართული "დიდგორი"
აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაძლოა ახალი ეტაპი დაიწყოს. ივლისის ბოლოს პენტაგონის ლოგისტიკის წარმომადგენლებმა პირველად გამოთქვეს მზადყოფნა, გაითვალისწინონ საქართველოს საწარმოო პოტენციალი იმ საერთაშორისო ტენდერებში, რომელთაც აშშ-ის სამხედრო უწყება ყოველწიურად აცხადებს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი და არ გამორიცხავს ქართული პროდუქციის „პენტაგონის ბაზარზე“ გასვლას.

საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკვე აწარმოებს საკუთარ ჯავშანტექნიკას, უპილოტო თუ პილოტიან თვითმფრინავებს, საბრძოლო მასალას და სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო აღჭურვილობას, თუმცა თავად ქართული ჯარისა და პოლიციური დანაყოფების მოთხოვნა დიდი არ არის. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ქართული სამხედრო პროდუქციის გატანა საერთაშორისო ბაზარზე, სადაც დიდი კონკურენციაა.

გასულ კვირაში, 10 ივლისს, თბილისმა პირველად უმასპინძლა სიმპოზიუმს თავდაცვის ლოგისტიკის საკითხებზე, რამაც საქართველოს ხელისუფლებას იმედი მისცა, რომ, სამხედრო პროდუქციის გარდა, ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილების საერთაშორისო ბაზარზე მსუბუქი და კვების მრეწველობის პროდუქციაც გავა.

ლოგისტიკის სიმპოზიუმს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ქართულ პროდუქციას „პენტაგონის ბაზარზე“ გასვლა უწინასწარმეტყველა.

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
„ქართველ მეწარმეებს აქვთ საშუალება - მით უფრო, პრიორიტეტული საშუალება - ჩაერთონ და მოახდინონ 47 მილიარდიან ბაზარში მონაწილეობა. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა; ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე რეგიონი ჩვენს გარშემო“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ასეთ ბაზარზე გასვლით მოხდება უფრო მეტი ქართული პროდუქციის გატანა და ქვეყანაში ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. სიმპოზიუმზე მყოფმა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ კი, ბათუ ქუთელიამ, ქართული ნაწარმის ამერიკულ ბაზარზე გატანის წინაპირობად საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაასახელა:

„სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის აშშ-თან და რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რაც გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს როგორც ქართულმა ბიზნესმა, ისე ყველა ჩვენმა მოქალაქემ იმ მექანიზმებით, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის სამმართველო გვთავაზობს - კერძოდ, ის, რომ ქართული პროდუქცია მოხვდეს მათი შესყიდვების ქსელში და, შესაბამისად, მისცეს ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა გააფართოოს თავისი საერთაშორისო ბაზარი.“

ერთი სიტყვით, ქართული პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, სიმპოზიუმის დამთავრებამდე უკვე გაკეთდა შორსმიმავალი და ოპტიმისტური პროგნოზები მასპინძლებისათვის. რაც შეეხება ამერიკელ სტუმარს პენტაგონის ლოგისტიკის სამმართველოდან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს, მათ კონკრეტულად არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ რა სახის ქართული პროდუქცია შეიძლება მოხვდეს თვალსაწიერ მომავალში, როგორც ვანო მერაბიშვილმა უწოდა, „პენტაგონის ბაზარზე“.

ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ლოგისტიკის სიმპოზიუმიდან რეალურ ტენდერამდე დიდი დროა და ჯერ ქართველმა მეწარმეებმა ის სპეციფიკა უნდა ისწავლონ, რომელსაც ამერიკის თავდაცვის სისტემის ლოგისტიკური უზრუნველყოფა ეყრდნობა.
რა თქმა უნდა, ეს ქართული ბაზრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც არის დიდი პოტენციალი კომპანიების განვითარებისათვის და, მეორე, იმისათვის, რომ საქართველოში დამკვიდრდეს უმაღლესი სტანდარტები წარმოების კუთხით და ეს ყველაფერი მოეხმარება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე ქართულ საზოგადოებას...
ერეკლე გამყრელიძე

სპეციფიკა კი მარტივიცაა და რთულიც. მარტივია იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ტენდერებს გარკვეულ პროდუქციაზე პენტაგონი ღიად აცხადებს. მთავარი სირთულე კი ისაა, რომ პენტაგონის ტენდერების მოგებას უამრავი მსხვილი კომპანია უმიზნებს. შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ამ მძაფრ კონკურენციაში გამარჯვება მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციით და უფრო დაბალი ფასებით შეუძლიათ. თუმცა ამ კონკურენციისა არ ეშინია რძის პროდუქციის მწარმოებელ კომპანია „სანტეს“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე ამბობს, პენტაგონის ტენდერში მონაწილეობა სერიოზული გამოწვევაა და იგი სასიკეთოდ აისახება ქართული პროდუქციის ხარისხზე:

„რა თქმა უნდა, ეს ქართული ბაზრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც არის დიდი პოტენციალი კომპანიების განვითარებისათვის და, მეორე, იმისათვის, რომ საქართველოში დამკვიდრდეს უმაღლესი სტანდარტები წარმოების კუთხით და ეს ყველაფერი მოეხმარება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე ქართულ საზოგადოებას.“

მოკლედ, საქართველოს პროდუქციის გასვლა პენტაგონის ბაზარზე მხოლოდ იწყება. წინ გრძელი გზაა, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან ჩანს, ამ გზაზე ბარიერები ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე წინათ იყო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აშშ-სა და საქართველოს შორის ყოველწლიურად იზრდება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი და აშშ-საქართველო სავაჭრო პარტნიორებს შორის უკვე მეშვიდე პოზიციაზეა.

ოფიციალური თბილისი და ვაშინგტონი იმედოვნებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უახლოეს მომავალში ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG