Accessibility links

logo-print
“კიდევ 3 გარდაცვლილი პატიმარი 2 კვირაში” – “რეზონანსი” წერს დღეს ამის შესახებ: “ბოლო ორი კვირის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 3 პატიმარი გარდაიცვალა. ჯენერ მატკავას, ზურაბ დელიანიძის და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალება, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია. თუმცა, როგორც უფლებადამცველები და ადვოკატები ამბობენ, პატიმართა გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია და არა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების”.

“რეზონანსი” დღეს წერს იმის შესახებაც, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წელს დამტკიცებულ მინიმალურ სასურსათო კალათაში მოცემული პროდუქტების რაოდენობას ექსპერტები აკრტიკებენ და თვლიან, რომ, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ის “3,5-4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება”. ამ თემაზე დღეს “კვირის ქრონიკაც” წერს.

“დღეს მიშას ერთადერთი სწორი სვლა, უკან E-2 E-1-ია!” - ეს ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის, ფიდეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ამჟამად კი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის ზურაბ აზმაიფარაშვილის სიტყვებია. მასთან ინტერვიუს “კვირის პალიტრა” აქვეყნებს. აზმაიფარაშვილი ჰყვება, რომ 2007 წლიდან სინგაპურში ცხოვრობს და მუშაობს. იანვარში საქართველოში ჩამოსვლისას მეგობარს გაუზიარა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და მადლობის თქმა სურდა. ორიოდე დღეში სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა დაიბარა - “ნამგალაურს ვკითხე, თბილისში ორი დღეა ჩამოვედი და როგორ გაიგეთ, რომ ბიძინასთან შეხვედრა მინდა, მისმენთ-მეთქი?” - იხსენებს ზურაბ აზმაიფარაშვილი. - “არა, იმას უსმენენ, ვისაც ეს უთხარითო”, - უპასუხია ნამგალაურს. აზმაიფარაშვილი ინტერვიუში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარების პერსპექტივაზე მსჯელობს: “ხომ შეიძლება ეს ბრძოლა ისეთი ყაიმითაც დამთავრდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ქვეყნის წინაშე გამარჯვებული გამოვიდეს“... “ - მაგრამ მისი პაიკები?” - ეკითხება ჟურნალისტი. აზმაიფარაშვილი: “პაიკების მთავარი პრობლემა მათი მხედართმთავარია”.

“ოქრუაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ” - ეს “ახალი თაობის” პირველი გვერდის სათაურია. სტატიაში წაიკითხავთ: “- “ქართული ოცნება” “ქართულ პარტიასთან” ითანამშრომლებს. არავითარი ურთიერთობა ოქრუაშვილთან არ იქნება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილმა. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში ასპარეზზე გამოვიდა ყოფილი მინისტრიც. ივანიშვილისგან “უარყოფილის” კვალობაზე საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. ოქრო ამბობს, რომ იქით არა აქვს ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი”.

ირაკლი ოქრუაშვილს ახსენებს “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი ბადრი ბასიშვილიც. ის 2005-2006 წლებში ოქრუაშვილთან ცხინვალის მიმართ პოლიტიკის გამო დაპირისპირებას იხსენებს. ჟურნალისტი ბასიშვილს რამდენჯერმე ეკითხება მისი “ზონდერბრიგადების” შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. “ნაციონალი” დეპუტატი პასუხობს: “ვინც ამას მაბრალებს, ზონდერები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო უყვართ. მე არ ვიცი, თვითონ მათ როგორი მეგობრები ჰყავთ და თუ ვინმეს ჭიდაობა უნდა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან, მზად ვარ თუნდაც მათ მოედანზე ვიჭიდაოთ. პრობლემა არ არის”.

“რა თქვა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა?” – “კვირის ქრონიკა” გასულ კვირაში “ალიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს უბრუნდება და აქვეყნებს პოლიტიკოსთა კომენტარებს იმ ტექსტის შესახებ, რომელიც, ავტორის თქმით, დიქტოფონის გამოუყენებლად დაწერა და ბიძინა ივანიშვილთან ერთი-ერთზე საუბრის შინაარსს ასახავდა.

დღეს გამოვიდა ჟურნალი “ტაბულა”, რომელშიც წაიკითხავთ ვრცელ სტატიას 16 წლის ქართველ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილზე. მკითხველი მისი ცხოვრების ბევრ საინტერესო დეტალს გაეცნობა: “გრემის მთავარ დღეს, როდესაც ყველას ფორმალურად უნდა ცმოდა, ბექა მაისურით გამოცხადდა, რისთვისაც კონცერტის შემდეგ დაისაჯა კიდეც - სიერსმა მას არა მხოლოდ ჭამა, ოთახიდან გამოსვლაც კი აუკრძალა, ხოლო როდესაც მის სანახავად ჩიკ კორეა მივიდა, შეხვედრის უფლება არ მისცა. გამგზავრებისას ბექა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, ავტობუსისკენ მიდიოდა და ამ დროს ვიღაცამ დაუძახა. ჩიკი იყო - ავტობუსთან ელოდებოდა”.
XS
SM
MD
LG