Accessibility links

ქართველები გერმანიაში: შუქ-ჩრდილი და უვიზო რეჟიმი


ბრანდენბურგის კარიბჭე

ბრანდენბურგის კარიბჭე

ყველა აზრს, გრძნობასა თუ არგუმენტს, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემას ახლდა, ერთი რამ ასაზრდოებდა: სურვილი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ლამაზ, მდიდარსა და მოვლილ ქვეყნებში მოგზაურობა უვიზოდ, ბიუროკრატიული თუ ტექნიკური ბარიერების გადაულახავად შეძლონ. ეს თავისუფლება სიმბოლოცაა იმ სხვა თავისუფლებებისა, რომლებიც ქართველებს აქვთ მიზნად, წარმოდგენაში და უფლების სახითაა ჩამოყალიბებული კონვენციებსა თუ კონსტიტუციებში. და უცებ, ამდენი ლოდინისშემდეგ, ამდენი დაპირებისა და, ვინ იცის, როგორი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, გადაიდო სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის ერთი განხილვა, გადაიდო მეორე განხილვა; მერე ვერ შეთანხმდნენ მესამეზე. მიზეზია გერმანიისა და, მასთან ერთად, ევროკავშირის წევრი რამდენიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგობა. კერძოდ კი ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არათანაზომიერი, არაპროპორციული რაოდენობის დანაშაულს სჩადიან ევროპის ქვეყნებში, პირველ რიგში გერმანიაში. არათანაზომიერი იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის რაოდენობა დიდია საქართველოდან ჩასულთა საერთო რაოდენობასთან შედარებით.

ბერლინში შევხვდით და ვესაუბრეთ გერმანიის კრიმინალურ პოლიციელთა კავშირის თავმჯდომარეს, თავადაც პოლიციელს, ანდრე შულცს. გერმანიის პრესას მოჰყავს მისი სიტყვები, რომ ეს ორგანიზებული დანაშაულია, მის უკან დგას „ქართული მაფია“, რომელიც დამნაშავეებს საქართველოშივე აგროვებს და გერმანიაში აგზავნის. შემდეგ ისინი აქ თავშესაფარს ითხოვენ, თვეების განმავლობაში რჩებიან და ბინისა თუ მაღაზიების ქურდობით არიან დაკავებულიო:„საერთო რიცხვი მართლაც მცირეა, მაგრამ ბინისა და მაღაზიების ქურდობასთან კავშირში საქართველოს მოქალაქეები არათანაზომიერად გამოირჩევიან. ამიტომ იქცა ეს პოლიტიკის საგნად, მაგალითად, სავიზო რეჟიმის თავისუფლების საკითხში. საქმე ეხება ქართველ დამნაშავეებს, რომლებიც გერმანიაში ჩამოდიან და თავშესაფარს ითხოვენ, თუმცა იციან, რომ ძალიან მცირე შანსი აქვთ ამ სტატუსის მოპოვებისა: ეს შანსი 0,3 პროცენტის ტოლია. ამიტომ მოექცნენ ქართველები ყურადღების ცენტრში ამ მხრივ, ბინის ქურდობის სფეროში.“ ანდრე შულცი ამბობს, გერმანიის მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებლის დაუცველობის განცდა გაუჩნდათო. როგორც გერმანიის კრიმინალურ პოლიციელთა კავშირის თავმჯდომარე გვიხსნის, დღეს მთელს ევროპაში შეინიშნება არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება უცხოელთა მიმართ, რაც უკავშირდება შიშს ყოველგვარი სიახლისა თუ ცვლილების მიმართ, შიშს ლტოლვილთა უკონტროლო მასის მიმართ. ქართველები ამ პრობლემის მცირე ნაწილი არიანო, ამბობს შულცი; ის დასძენს, რომ პოლიციას ამ მხრივ ჩატარებული აქვს გამოძიება და ცხადია, რომ ყველა ქართველის ერთ ქვაბში ჩაყრა არ შეიძლება, მაგრამ:„საქართველოდან გერმანიაში ჩამოსულ თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 50 პროცენტი ეჭვმიტანილია ბინის ან მაღაზიის ქურდობაში. ეს ხვედრითი წილი საგრძნობლად მაღალია სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით. უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან ეს პირები, საქართველოდან რომ ჩამოდიან. როგორც დავადგინეთ, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს მწყობრად მომუშავე რუსულ-ევრაზიულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან, როგორც მათ უწოდებენ, რუსების მაფიასთან. ამის საბუთი მოგვეპოვება. ისინი მოქმედებენ არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში. ეს არიან დამნაშავეთა ჯგუფები, რომელთა მომზადება საქართველოში ხდება იმ მიზნით, რომ შემდგომ აქ მოიპარონ. ეს არის ფენომენი, რომელზეც პოლიციამ რეაგირება უნდა მოახდინოს.“

შულცის სხვა მოსაზრებებს მერეც მოგასმენინებთ, ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი გერმანელი მკვლევრის ნაამბობიდან. ბერლინელი იან კიოლერი ქურდულ, საერთოდ, დანაშაულებრივ სამყაროს იკვლევდა 1990-იანი წლებიდან. ახლა ის ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელია. იან კიოლერი ამბობს, რომ ის ტრადიციული ფორმა ორგანიზებული დანაშაულისა, რომელიც „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდება, ძველი, ტრადიციული გაგებით აღარ არსებობს. კიოლერმა იცის, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ ამ სისტემას ბრძოლა გამოუცხადა და მან, ორგანიზებული დანაშაულის ამ ფორმამ, არსებობა შეწყვიტა.ბ„ეს ტერმინები გერმანელი პოლიტიკოსებისგან და გერმანიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისგან მოვისმინე მედიაში და ძალიან გამიკვირდა, რომ ორგანიზებული დანაშაულის დღევანდელ ფორმას, ანუ ევროპაში ბინების გაქურდვას, იმ ძველი ტერმინით აღნიშნავენ. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაა.“ იან კიოლერი ფიქრობს, რომ პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან დაუშვებელია იმის თქმა, თითქოს იციან:

„რომ საქართველოს იმ მოქალაქეთა ქმედება, ვისაც ბინის ქურდობაში მცირე წილი აქვს, საქართველოშია ორგანიზებული ნათლიების თუ მაფიოზური ჯგუფების მიერ. ეს უნდა დამტკიცდეს. ამის დამაჯერებელი მტკიცებულება ჯერ არ მინახავს.“ ბერლინელმა მკვლევარმა იცის ამ დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედების ბუნება:

„შეიძლება მათი ორგანიზება რუსეთიდან, ან რომელიმე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ხდებოდეს, რადგან ისინი საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებენ. ეს არ არის ტრადიციული საბჭოთა დანაშაულებრივი სამყარო, ეს ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ფორმაა,“ თვლის კიოლერი, რომელმაც იცის, რომ საქართველო ცდილობს, ამ პრობლემას ევროპაში, ევროპელებთან ერთად შეებრძოლოს. გერმანიაში, და არა მხოლოდ იქ, თბილისიდან მივლენილია პოლიციის ატაშე, რომელიც თავის ადგილობრივ კოლეგებთან თანამშრომლობს. გერმანიას, მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებისა, ასეთივე ნაბიჯი, არ გადაუდგამს და საქართველოში არ გაუგზავნია პოლიციის ატაშე. „ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან დიდია მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის მოგვარებაში. ვფიქრობ, აქ გერმანიაში, მედიისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, ისინი აზვიადებენ. პოლიციის სტატისტიკის თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის სფეროში გერმანიაში მყოფ ქართველთა აბსოლუტურ რიცხვს თუ შევხედავთ, ისინი საერთოდ არ გამოირჩევიან. რადგან აქ მყოფ ქართველთა რიცხვი დიდი არ არის. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ორი რამ: ერთია თავშესაფრის მოთხოვნის საკითხი. განაცხადების რიცხვი მცირეა, თუმცა ბოლო წლებში ის იზრდება. საკითხავია, რატომ? ალბათ საქართველოს მიზეზით არა, რადგან იქ არ არის ომი, ან დიდი კრიზისი. ქართველთა რიცხვი გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა საერთო რაოდენობაში უმნიშვნელოა. ანუ, აბსოლუტური რიცხვი, სულაც არ არის შემაშფოთებელი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართველები, რომლებიც აქ ჩამოდიან და თავშესაფარს ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე შანსი აქვთ, მაინც ჩამოდიან და ბევრნი ჩამოდიან. და მათ დიდ ნაწილს, ავსტრიაშიცა და გერმანიაშიც, ასე ვთქვათ, პოლიციასთან კონტაქტი უწევს. სტატისტიკურად ისინი აქ თვალშისაცემი არიან, ალბანელებთან ერთად.“ ამ ყველაფერთან ერთად, კიოლერმა იცის, რომ არის გაუგებრობაა: „ვიცი, რომ აქ რაღაც გაუგებრობაა. საქმე ეხება ქართველების მცირე ჯგუფს, რომელიც თავშესაფარს ითხოვს. მოხდა მისი განზოგადება და არასწორი დასკვნების გამოტანა. ეს ერთი ასპექტია. სხვა საკითხია, არის თუ არა დღეს პოლიტიკურად გონივრული, ქართველები, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად დაისაჯონ და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი გადაიდოს, ან ამ მხრივ გაჩნდეს სირთულეები. როგორ აშუქებს ზოგიერთი მედიასაშუალება მიგრაციის საკითხს, როცა ამ თემაზე კამათი ასე გამწვავებულია, ეს კიდევ სხვა თემაა და ძალიან ულამაზოა, როცა ვიღაც ერთ ქვეყანას ერთ ჯგუფად განიხილავს და შეურაცხყოფს. თუმცა, რა პრესასაც მე ვკითხულობ, იქ ასე მძაფრად ამაზე ნაკლებს წერენ. ქართველი მიგრანტები გერმანიაში არ არიან თვალშისაცემი. მაგრამ პრობლემა იქმნება თავშესაფრის მთხოვნელთა გამო, რადგან ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ისინი საქართველოდან გამოიქცნენ. საკითხავია, მართლა დგანან თუ არა მათ უკან ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და აუცილებელი არ არის, ეს მხოლოდ მატერიალური ინტერესი იყოს. დასავლეთ ევროპაში არაერთ ისეთ შემაშფოთებელ ინიციატივასთან გვაქვს საქმე, რომელთა უკან ყოფილი საბჭოთა ქვეყნებია და არ არის გამორიცხული, ასეთი მცდელობები, დანაშაულებრივი სამყაროს გზით ხდებოდეს. მაგრამ, პოლიციისა და უშიშროების სამსახურების საქმეა, საქმე გამოიძიონ და დაადგინონ, ასეა თუ არა,“ განმარტებას გვაძლევს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, იან კოლერი, რომელიც იკვლევდა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის დანაშაულებრივ სამყაროს.

მათ ორგანიზებულობის სხვა ხარისხი აქვთ. პრობლემა ეს არის. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ორგანიზებული დანაშაულის ერთი ჯგუფის გამო მთელ სახელმწიფოზე ეჭვის მიტანა არ შეიძლება. უშიშროების უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ...

როცა, ბერლინში ყოფნისას, გერმანიის კრიმინალურ პოლიციელთა კავშირის თავმჯდომარეს, ანდრე შულცს ვესაუბრეთ, მან ისიც აგვიხსნა, როგორ იცავენ გერმანიაში უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომ ეჭვმიტანილად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ პირს ბრალდება აქვს წაყენებული, ან რომ დამნაშავედაა ცნობილი. ანდრე შულცმა ასეთი სტატისტიკური მონაცემებიც გაგვიზიარა: „გერმანიაში ბინის ქურდობის საქმეთა მხოლოდ 15 პროცენტია გახსნილი. მსჯავრდებულთა რაოდენობა ბევრად ნაკლებია: მთელ გერმანიაში, ნებისმიერ მხარეში, ერთიდან სამ პროცენტამდე. შეიძლება ითქვას, რომ ბინის ქურდობის შემთხვევათა დაახლოებით 97 პროცენტში არც კი ვიცით, ვინ არის ბოროტმოქმედი.“ მაგრამ, ანდრე შულცის თქმით, ქართველები იმიტომაც წარმოადგენენ პრობლემას, რომ მათი ორგანიზებულობა სხვა ხარისხისაა: „ეს არ ეხება მხოლოდ ქართველებს. ბევრი ეჭვმიტანილი სერბიიდანაა, კოსოვოდან, ალბანეთიდან, მათ ბანდებს სხვაგვარი სტრუქტურა აქვთ. ქართველთა ორგანიზებული ჯგუფები მთელ ევროპაში შეიძლება ნახოთ. ასევე ცხადია მათი სტრუქტურები. ანუ, სად მიდის მოპარული საქონელი, ვინ იღებს მას, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული იერარქიებიც. მათ ორგანიზებულობის სხვა ხარისხი აქვთ. პრობლემა ეს არის. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ორგანიზებული დანაშაულის ერთი ჯგუფის გამო მთელ სახელმწიფოზე ეჭვის მიტანა არ შეიძლება. უშიშროების უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ.“

რატომ იყო, რომ დამნაშავეებზე საუბრისას მაინც კონკრეტულად ქართველებზე ლაპარაკობდა მედია? ანდრე შულცი ამბობს, რომ ქურდობაში პირველ ადგილზე არიან გერმანელები, მერე მოდიან თურქები, მესამე ადგილზე არიან სერბები, და ქართველები მათ ბევრად ჩამორჩებიან. შულცი ქართველთა გამორჩეულობას იმით ხსნის, რომ ქართველთა ბანდები ორგანიზებულად მოქმედებენ და აღიქმებიან, როგორც ქართული ჯგუფები. სხვათა შემთხვევაში საქმე უფრო ხშირად გვაქს ინდივიდუალურ დამნაშავეებთან. ჯგუფური დანაშული კი პოლიციისთვის უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამას ერთვის ისიც, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 16 მხარეა და ყოველ მათგანს თავისი პოლიცია ჰყავს. ამასთან, მათ, არ ჰყავთ საერთო წარმომადგენელი, რომელიც მედიას განმარტებას მისცემდა, არა მხოლოდ ქართველებზე მიაწვდიდა ინფორმაციას (როგორც ეს ბოლო ხანს მოხდა), არამედ საერთო სურათსაც დაუხატავდა: „ესეც მედიის დამახასიათებელი ფენომენია, როცა ცალკეულ შემთხვევებს ამოირჩევენ და მათ მეტისმეტად ზუსტად, ან გაზვიადებულად გააშუქებენ ხოლმე. ეს არის პრობლემა, ასეთი სურათი აღარ შეესაბამება სინამდვილეს.“

საქართველოს ამ დამახინჯებულ სურათზე გვესაუბრა გერმანიის პარლამენტის დეპუტატი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ქრისტოფ ბერგნერი, რომელმაც შეხვედრა დაგვინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საჯარო ლექციის შემდეგ, ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში. ბერგნერი სინანულს გამოთქვამს, რომ მედიაში შეიქმნა საქართველოს ასეთი არასწორი, დამახინჯებული სურათი, რომელშიც დანაშაული დომინირებს. „ვერ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული როლი ითამაშეს გარეშე ინტერესებმა. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ იმიჯი უნდა გამოსწორდეს. მიხარია, რომ გამოჩნდა მზადყოფნა, აღარ დაიხატოს ასეთი სურათი და მოხდეს რეალური სურათის დანახვა.“

ყოფილი საბჭოთა სივრცის მიმართ გერმანიაში, საერთოდ, სკეპტიციზმი შეინიშნებაო, ამბობს ბერგნერიდა იმედს გამოთქვამს, ახლა რეალობას დავინახავთ და ფხიზელი და რეალისტური ურთიერთობა გვექნებაო; ამით კი მოხდება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პირობათა შესრულების აღიარებაო. გერმანელი დეპუტატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ გარკვეული როლი გარედან პროპაგანდამაც შეასრულაო: „რუსეთის მხრიდან, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ინტერესი, გავლენა მოახდინოს ევროპაში საზოგადოებრივ აზრზე. ვერ დავამტკიცებ, რომ ამ საქმეში სწორედ ამან ითამაშა როლი. მაგრამ ეს შესაძლებელია და საჭიროა ამის დადგენა.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG