Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ


”მარია დელ კარმენ 2”-ის ეკიპაჟი
”მარია დელ კარმენ 2”-ის ეკიპაჟი
პანამის არხში, პორტ ბალბოასთან, ნავსადგურიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, ღია ზღვაში გაჩერებული ნიგერიული გემის ქართული ეკიპაჟის სამშობლოში დაბრუნების საკითხი ისევ გაურკვეველია. მეზღვაურები ნიგერიული ტანკერის ”მარია დელ კარმენ 2”-ის მფლობელისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას ჯერჯერობით კვლავ უშედეგოდ ითხოვენ, გემზე შექმნილი საყოფაცხოვრებო პირობები კი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი გახდა. 40 გრადუსიან სიცხეში 5 დღეა გემზე არ არის ელექტრომომარაგება. ამას გარდა, სამი დღეა მეზღვაურებს საკვები პროდუქტები გამოელიათ.

ნიგერიული კომპანია ”Ocean Crest Internetional”-ის კუთვნილი გემის ”მარია დელ კარმენ 2”-ის მფლობელებს ქართული ეკიპაჟის - 12 ადამიანის - მიმართ რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანება დაუგროვდათ. კერძოდ, ეკიპაჟის ზოგიერთ წევრს ბოლომდე არ აუღია ივლისისა და აგვისტოს ხელფასი. ამას გარდა, მთლიანადაა დასაფარი მიმდინარე წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასები. თანხის მიღებამდე მეზღვაურები გემის დატოვებაზე უარს ამბობენ. გემის სიძველისა და მეპატრონის უყურადღებობის მიზეზით შექმნილი მძიმე და აუტანელი პირობების გამო კი ეკიპაჟის რამდენიმე წევრს ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეექმნა. ამას ბოლო დღეებში უშუქობა და შიმშილიც დაერთო.

” უკვე მეხუთე დღეა ჩვენ ვართ ელექტროენერგიის გარეშე. ყველაფერი, რაც გვქონდა, - საკვები, სურსათი, - ყველაფერი გაფუჭდა, ყველაფერი გადავყარეთ წყალში. მაცივრები, ბოდიში და, აყროლებულია - კი ხვდებით თქვენ, რა მოხდებოდა ხუთი დღე უშუქოდ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურსათი, ხალხი შიმშილობს. რამდენჯერმე ვთხოვეთ აქ ადგილობრივ აგენტს, გემის მეპატრონეს, გამოგვიგზავნოს სურსათი, გამოგვიგზავნოს საწვავი, მაგრამ უპასუხოდ”, ამბობს „მარია დელ კარმენ 2“-ის კაპიტნის თანაშემწე გიორგი ჯანელიძე. მისი განმარტებით, გემის მეპატრონესა და ეკიპაჟის წევრებთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებენ საქართველოს ელჩი და კონსული მექსიკაში, რომლებიც მხარეთა მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, თუმცა გემის მფლობელების დაყოლიება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. იმავეს თქმა შეიძლება მეზღვაურებზეც, რომლებიც ხელფასის დავალიანების დაფარვამდე რეპატრიაციაზე პრინციპულ უარს ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამგვარი შეთავაზებაც მიიღეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტაბატაძემ გვითხრა, „მარია დელ კარმენის“ შემთხვევის სახით საქმე გვაქვს კერძო სამართლებრივ დავასთან, რომელშიც სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის უფლება არა აქვს, მას შეუძლია შეასრულოს მხოლოდ შუამავლის ფუნქცია.

”მივმართეთ ასევე ITF-ს, მეზღვაურების საერთაშორისო პროფკავშირებს, და მათი მეშვეობითაც ვცდილობთ ამ პრობლემის გადაწყვეტას. თუმცა ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, რამდენს იხდის მესაკუთრე. ანუ მას ეს თანხა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დაუსახელებია, რაც ჩვენ ინფორმაცია გაგვაჩნია. როცა იტყვის, იმის იქით თუ აღარ შეიძლება უკვე მოლაპარაკებების წარმართვა, მერე გარკვეულ ნაბიჯებს კიდევ გადავდგამთ, მათ შორის, შეიძლება სასამართლოსაც მიმართონ მეზღვაურებმა”, ამბობს გიორგი ტაბატაძე.
როგორც ჩანს, ფინანსური პრობლემების გამო. სხვა დანაშაული ჩვენი მხრიდან არაფერი არ ყოფილა. გემი გაუმართავია, ვერ შეძლო გემის მფლობელმა მისი ბოლომდე შეკეთება და მაგიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე ...
ირაკლი დუმბაძე

თუმცა მანამდე, ამ ეტაპზე, პანამის არხის პორტ ბალბოას ადმინისტრაციას ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, „მარია დელ კარმენის“ ეკიპაჟი საკვებით, საწვავითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოს. აქვე შევნიშნავთ, რომ ორი დღის წინ გემზე მიიტანეს მცირე ზომის გადასატანი გენერატორი, რომელიც, მეზღვაურების განმარტებით, გემის უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის.

ტანკერი ”მარია დელ კარმენ 2” 1971 წელსაა აგებული და ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. მასზე მყოფი გემის ეკიპაჟი 16 წევრისგან შედგება-მათგან 4 ნიგერიელია, 12 კი - საქართველოს მოქალაქე. ეკიპაჟის მოვალეობა გემის ეკვადორიდან ლაგოსის პორტში, ნიგერიაში ჩაყვანა იყო. გემს რემონტი ჩაუტარდა ეკვადორის ერთ-ერთ პორტში, პანამაში ტანკერის რემონტი უნდა გაგრძელებულიყო. ამასობაში მეზღვაურების ოთხთვიანი კონტრაქტები ამოიწურა, ისინი კი გემზე უკვე რვა თვეა იმყოფებიან, მათ შორის, სამი თვე -პანამაში. გაუცემელი ხელფასების გამო, მეზღვაურები პრეტენზიებს უყენებენ დამსაქმებელ სააგენტო ფრეგატსაც. რატომ არ იხდის ნიგერიული კომპანია სახელფასო დავალიანებას? ამ შეკითხვით ფრეგატის დირექტორს, ირაკლი დუმბაძეს მივმართეთ:

”როგორც ჩანს, ფინანსური პრობლემების გამო. სხვა დანაშაული ჩვენი მხრიდან არაფერი არ ყოფილა. გემი გაუმართავია, ვერ შეძლო გემის მფლობელმა მისი ბოლომდე შეკეთება და მაგიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ანუ ეკვადორიდან რომ გამოვიდნენ, პანამაში შესვლისთანავე ახალი პრობლემები აღმოუჩნდა გემს. შევთანხმდით, რომ გაკეთდებოდა და გაკეთების შემდეგ ქართველი მეზღვაურები დაბრუნდებოდნენ სახლში. ეგ იყო ოქტომბრის თვე, მაგრამ მაგის შემდეგ კიდევ გაიწელა და ახლა უკვე კრიტიკულ მომენტამდე ვართ მისული”.

საგანგებო წერილით კი, რომელიც ამ დღეებში რამდენიმე მედიასაშუალებას გაეგზავნა, მეზღვაურები ითხოვენ მედიის გზით მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოთ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას. ინფორმაცია, მათ შორის, იმის შესახებაც, რომ კუთვნილი თანხის მიღებამდე მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებენ:

”მოგეხსენებათ, ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახებს სჭირდებათ საარსებო წყარო. მაგიტომ, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ჩვენს კუთვნილ ხელფასებს, ჩვენ სახლში წასვლას არ ვაპირებთ”.
XS
SM
MD
LG