Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ბუნდოვანი გარიგება ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის აქციები კიდევ ერთხელ გახდა მითქმა-მოთქმისა და განხილვის თემა.

ახალი ”სამთავრობო კარუსელის” - ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომისა და სასწავლებლად წასვლის - ფონზე, გაირკვა, რომ ტელეკომპანიის აქციათა ძირითადი პაკეტი ოქრუაშვილის ახლობლობით ცნობილი ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის საკუთრებიდან დღემდე უცნობი კომპანიის, ”ჯეოტრანსის”, ხელში გადავიდა. ამის თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია ”იმედმა” გაავრცელა. მოგვიანებით ამ ცნობას გამოეხმაურა თავად ”რუსთავი 2”. ტელეკომპანიის ჟურნალისტების მტკიცებით, არხის აქციებთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და, სინამდვილეში, მიმდინარეობს დიდი მედია ჰოლდინგის ჩამოყალიბების პროცესი. რა მოხდა, სინამდვილეში, ”რუსთავი 2”-ის აქციებთან დაკავშირებით და რატომ ექცევა ”გამარჯვებული ხალხის” ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში?


”ვარდების რევოლუციის” მესამე წლისთავზე რევოლუციური პროცესების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილე ტელეკომპანიას მფლობელი უკვე მესამედ შეეცვალა. თავდაპირველად, საკმაოდ ბუნდოვანი პროცესების შემდეგ, არხი დატოვა მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა, მისი კუთვნილი აქციების მფლობელი მანამდე ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენი - ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი - ქიბარ ხალვაში გახდა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქიბარ ხალვაშს ”რუსთავი 2”-ის აქციები უცნობი კომპანიის, ”ჯეოტრანსისათვის” გადაუცია. ცნობა ”რუსთავი 2”-ის კონკურენტმა ”იმედმა” გაავრცელა. ამ მონაცემის თანახმად, ბუნდოვანი გარიგება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის დიმიტრი ქიტოშვილის უშუალო ჩარევის შედეგად განხორციელდა და ”რუსთავი 2”-ის აქციების 78 პროცენტის ახალი მფლობელიც ქიტოშვილის მეგობარი, კომპანია ”ჯეოტრანსის” ინკოგნიტო ხელმძღვანელი, გამხდარა. ჩვენ თავდაპირველად ამ ინფორმაციის კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გადამოწმებას შევეცადეთ, მაგრამ იქ ამ თემაზე საუბარი არავინ მოინდომა. დიმიტრი ქიტოშვილი სრულიად მიუწვდომელი აღმოჩნდა. ”ჯეოტრანსის” სახელის მქონე კომპანია კი ორი ყოფილა. ერთ-ერთ ”ჯეოტრანსში” ამგვარი კომენტარი მოვისმინეთ:

[ჯეოტრანსის ოფისმენეჯერის ხმა] “იცით რა არის, შეცდომაა, პირველად მესმის, ან კიდევ შეიძლება მეორე კომპანია არსებობს შპს ”ჯეოტრანსი” და შეიძლება იმათმა შეისყიდეს, მაგრამ ჩვენ პირველად გავიგეთ. ახლა მითხრეს კიდევ სხვებმა. \\ კორესპონდენტის ხმა - კარგით, დიდი მადლობა. \\ოფისმენეჯერის ხმა - არაფრის, კარგად ბრძანდებოდეთ.”(სტილი დაცულია)

მეორე ”ჯეოტრანსთან” დაკავშირება კი ვერაფრით ვერ შევძელით. ამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ყველა საკონტაქტო ტელეფონი ამ დროისათვის გაუქმებული აქვს. ასევე, თითქმის ორი დღის მანძილზე შეუძლებელი იყო ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელებთან დაკავშირება, თუმცა დღე-ნახევრის დუმილის შემდეგ, ორშაბათს, პროგრამა ”ბიზნეს კურიერში” მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა გააკეთა. მან ქიბარ ხალვაშის ”ჯეოტრანსით” ჩანაცვლებაზე მეტად იმ ახალი გიგანტური მედია ჰოლდინგის შექმნაზე ისაუბრა, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანიები ”მზე”, ”რუსთავი 2” და ”პირველი სტერეო” უნდა გაერთიანდნენ:

[კობა დავარაშვილის ხმა] “ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია. ეს სამი არხი ერთიანდება და ჩვენ ვიქნებით ნამდვილად ერთი, საკმაოდ ძლიერი და ქართულ ბაზარზე ჯერ არნახული, მედია ჰოლდინგი. ალბათ, ჩვენთან ბრძოლა უფრო საინტერესო და უფრო რთული იქნება, ამ ყველაფრის შედეგად, და ჩვენთვისაც საინტერესოა, ბუნებრივია, ასეთი გაერთიანება და, შესაბამისად, ეს უკვე ჩვენი კონკურენტების სადარდებელი იქნება, როგორი იქნება ჩვენთან კონკურენტული თამაში.”(სტილი დაცულია)

პროგრამა ”ბიზნეს კურიერში” ითქვა ასევე, რომ ამიერიდან ქართული სატელევიზიო ბაზარი ორ ნაწილად გაიყოფა. ბაზრის 78 პროცენტს დაიკავებს ახალი ჰოლდინგი, ხოლო 22 პროცენტს - ტელეკომპანია ”იმედი”. სხვა ტელეკომპანიებისათვის - მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის - ერთი პროცენტიც კი არ დაუშვეს. კობა დავარაშვილის ინტერვიუს შემდეგ ისევ გაურკვეველი დარჩა ”რუსთავი 2”-ის აქციების დიდი ნაწილის ახალი მფლობელის ვინაობა და ამ ცვლილების განხორციელების მიზეზი. გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ვითარება, სინამდვილეში, საკმაოდ ნათელია. მისი შეფასებით, მთავრობაში მომხდარი ცვლილებებისა და, პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილის პოზიციების შესუსტების გამო, ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო ამ სატელევიზიო არხის ოქრუაშვილის მეგობრის მიერ ფლობა:

[ელისო ჩაფიძის ხმა] “მე მგონია, რომ ხელისუფლებამ იმდენად კარგად იცის, თუ როგორ მართავდა რევოლუციას “რუსთავი 2-ის” მეშვეობით თავის დროზე, რომ ეშინია, აი, ამ ტელევიზიის ისეთი ადამიანის ხელში გადასვლა, რომელიც ასევე პოლიტიკური მოსაზრებებით გამოიყენებს ამ ტელეკომპანიას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.”(სტილი დაცულია)

ელისო ჩაფიძის შეფასებით, ოქრუაშვილის თანამოაზრე ბიზნესმენისათვის აქციების ჩამორთმევას წინ უძღოდა ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორისა და რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის არხიდან წასვლა. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის - ოქრუაშვილის პოზიციების შესუსტების - რგოლები იყო, - ფიქრობს ”რეზონანსის” რედაქტორი. მისივე ვარაუდით, მალე მოსალოდნელია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ”რუსთავი 2”-ის გალაშქრება, ამის წინაპირობად კი მას ფინანსური პოლიციის მიერ თავდაცვის სამინისტროს შემოწმების დაწყება მიაჩნია. როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ გადანაწილდება ქართული სატელევიზიო ბაზარი, ჯერჯერობით უცნობია. ის კი ცნობილია, რომ ტელეკომპანიები ”მზე”, ”პირველი სტერეო” და ”რუსთავი 2” დიდ ჰოლდინგს, სავარაუდოდ, 2007 წლის იანვრიდან შექმნიან.


XS
SM
MD
LG