Accessibility links

logo-print

ქიბარ ხალვაში ჩამორთმეული კომპანიების დაბრუნებას ითხოვს


ადვოკატი პაატა სალია (მარცხნივ) და ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის” დირექტორი მალხაზ ოსაძე.

ადვოკატი პაატა სალია (მარცხნივ) და ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის” დირექტორი მალხაზ ოსაძე.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ქონების დაბრუნების პროცედურის დაწყებას საკანონმდებლო ბაზის განახლებისთანავე გეგმავს, თუმცა მანამდე რამდენიმე დღეში აპირებს საკუთარი კომპანიების განადგურებისა და განადგურებაში მონაწილე თანამდებობის პირთა კონკრეტული ქმედებების აღწერით მთავარ პროკურატურას საგანგებო განმარტებები გადაუგზავნოს. ამასთან, ქიბარ ხალვაშმა, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, წერილობით უკვე მიმართა იმ საწარმოებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც მისთვის 2007 წელს ჩამორთმეული კომპანიების ქონება გადაეცათ.

”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი”, ”პრიზმა”, ”არტი” და ”ლივო გრუპი” , ადვოკატ პაატა სალიას განმარტებით, ქიბარ ხალვაშსა და მის პარტნიორებს 2007 წელს უკანონოდ ჩამოართვეს. ” ჩვენ ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო”, ამბობს ადვოკატი და აზუსტებს, რომ ეს კომპანიები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მათი ქონების ნაწილს კი ძირითადად სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ფლობს:

”კომპანიები ქაღალდზე არსებობს, რეგისტრირებული არის, გაკოტრების რეჟიმში არ არის, კომპანიებს ჩამოერთვათ ქონება და მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უნდა შემცირებულიყო ამ ქონების ღირებულებით საგადასახადო დავალიანება, მაგრამ დავალიანება ისევ იგივე ერიცხებათ და ამ დროს ეს ქონება გადაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში, რაც კიდევ ერთხელ აშკარა კანონის დარღვევაა.”
ბაჩო ახალაიას ბრძანებით დაწვეს ”არტი”. მე დამემუქრა, რომ თუკი ქიბარ ხალვაშს არ ჩამოვიყვანდით, გვაჩვენებდა რას იზამდა, რას გააკეთებდა ...

ადვოკატი იმედოვნებს, რომ კანონის დარღვევის ამ და სხვა დეტალებით სამართალდამცავი ორგანოები მას შემდეგ დაკავდებიან, რაც შესაბამისი კანონმდებლობა შევა ძალაში. მანამდე კი თავად პაატა სალია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მედიის წინაშე დაასახელოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ ქიბარ ხალვაშის კუთვნილი ქონების მიტაცებასა და დაზიანებაში. ადვოკატისგან განსხვავებით, კონკრეტულ ფაქტებზე, უწყებებსა და გვარებზე ლაპარაკობს ”ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანის” დირექტორი მალხაზ ოსაძე. ის ასახელებს თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელ პირებს, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბაჩო ახალაიას:

”ბაჩო ახალაიას ბრძანებით დაწვეს ”არტი”. მე დამემუქრა, რომ თუკი ქიბარ ხალვაშს არ ჩამოვიყვანდით, გვაჩვენებდა რას იზამდა, რას გააკეთებდა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით - არც კი ვეტყვით იმათ ჩამოსვლაზე. აქ იყო, მოგირიგდათ, მოგცათ ერთი კომპანია და შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეთ. ამიტომ არც კი ვეტყვი, ამ თემაზე არ დაველაპარაკები-მეთქი. ორი დღის მერე დაიწვა ”არტი”. და ძალიან ბევრი... არ მინდა ის თემები გავამხილო, რომელიც გამოძიებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება და შემდეგ ყველა გაიგებთ ამას.”

ბიზნესმენის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარ ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს შორისაა ასევე ტელეკომპანიები ”რუსთავი-2” და ”მზე” . კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაზე პრეტენზიას აცხადებენ ასევე მისი დამფუძნებლები. ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლების განცხადებით, ტელეკომპანიებში ბიზნესმენმა შესაბამისი თანხა გადაიხადა, თუმცა დეტალებზე თავად ქიბარ ხალვაში მას შემდეგ ისაუბრებს, რაც მას ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მიეცემა. ქიბარ ხალვაში გერმანიაში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს. ხალვაშისა და მისი კომპანიების წარმომადგენელი, ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ იგი საქართველოში დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებს, რაც, ახალი ხელისუფლების პირობებში, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.
პროკურატურა რაღაცნაირად ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის და სამართლის და სამართლიანობის მსახურ ინსტიტუტად ...

სასამართლო დავები უკანონოდ დარიცხული თანხების გაუქმების, შემდგომ კი ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული კომპანიების დაბრუნების მოთხოვნით, 2007 წლიდან დაიწყო. საქართველოში დავები დასრულებულია და ყველა კომპანიის სახელით სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია შესული. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ამასწინდელი განცხადების თანახმად, უახლოეს მომავალში ევროსასამართლო ქართული საქმეებისგან განიტვირთება. ადამიანის უფლებები ქვეყნის შიგნით უნდა მოგვარდეს, -აღნიშნა თეა წულუკიანმა, რომლის ინფორმაციითაც, სტრასბურგის სასამართლოში ამჟამად საქართველოდან 2000-მდე საქმეა გაგზავნილი.

”ვმსჯელობთ, როგორ ვუშველოთ მოსამართლეებს, მოსამართლეთა კორპუსს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მომავალი ფუნქციიდან გამომდინარე, პირველი იქნება პროკურორებისთვის თავიანთი საპროკურორო ფუნქციის დაბრუნება. პროკურატურა რაღაცნაირად ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის და სამართლის და სამართლიანობის მსახურ ინსტიტუტად და არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს მოხდეს ისე, რომ პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიმე ინსტიტუციის ქოლგის ქვეშ”, განაცხადა თეა წულუკიანმა ამ რამდენიმე დღის წინ.

რეფორმების ნაწილია ასევე უკვე დეკლარირებული იმ საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც კონკრეტული პირებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას შექმნის. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მიეცემათ საშუალება წართმეული ქონების დაბრუნების პროცედურები ისევ საქართველოში დაიწყონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG