Accessibility links

logo-print
ქათმის კვერცხის ჭამა ქოლესტერინის მომატებას იწვევს, თუმცა ჯანმრთელობაზე მისი პირდაპირი ზეგავლენის თაობაზე მეცნიერები დაობენ. მაგალითად, არ არის იოლი იმის განსაზღვრა, როგორ იზრდება სისხლში ქოლესტერინის დონე კვერცხის მიღებით, ვინაიდან ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას იღებს ადამიანი, საკვების სახით, კვერცხთან ერთად. გერმანელი და ნიდერლანდელი მკვლევრები სამეცნიერო ჟურნალ „ნიუტრიშენ“-ის საშუალებით იტყობინებიან, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე ეფექტი ნეიტრალიზდება, როცა კვერცხთან ერთად ადამიანი იღებს ისეთ რძის პროდუქტს, როგორიცაა დო. აქვე სულ მოკლედ გეტყვით, რომ დო რძისგან კარაქის მიღების შედეგად დარჩენილი პროდუქტია, ძალიან მცირე რაოდენობის ცხიმის შემცველი, სამაგიეროდ კი, მინერალებით მდიდარი. დო შეიცავს ასევე ვიტამინ ბე-2-ს, ბე-5-სა და ბე-12-ს, ისევე როგორც კალციუმს, კალიუმსა და ფოსფატს. არ შეგეშალოთ: რძის მრეწველობა აწარმოებს თანამედროვე დოს, რომელიც ნამდვილი დოსაგან განსხვავდება. აქვე შევთანხმდეთ, რომ ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ „ცუდ“ ქოლესტერინზე, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინზე, რომელიც ქოლესტერინის მთავარ გადამტანად ითვლება, და ეს არის რისკის იმ ფაქტორის შემცველი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს იწვევს. არსებობს ასევე „კარგ“ ქოლესტერინად წოდებული მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი, რომლის მთავარი ამოცანა ზედმეტი ქოლესტერინის პერიფერიული ქსოვილებიდან, სისხლძარღვების კედლებიდან ღვიძლში უკან გადატანაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის ცვლა გაწონასწორებული იყოს. აქედან გამომდინარე, მედიცინის მიზანი სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის შემცველობის შემცირებაა. დღემდე კვლევებით ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ კვერცხის მიღება ზემოხსენებულ დაავადებათა რისკს უკავშირდება, წერენ მაასტრიხტის უნივერსიტეტის მკვლევრები. მათ შეარჩიეს ასი ჯანმრთელი, 18-დან 65 წლამდე ქალი და კაცი, რომლებიც კვირაში, ჩვეულებრივ, ერთ-ორ კვერცხს ჭამდნენ. მათგან გამოყვეს სამი ჯგუფი. ერთს თავისი ეს ჩვევა არ შეუცვლია. მეორე ჯგუფი, ყოველდღიურად, დამატებით, 12 კვირის განმავლობაში იღებდა ერთ მოხარშულ კვერცხს. მესამე ჯგუფი კი ყოველდღიურად სვამდა ას გრამ დოს ტიპის სასმელს, რომელიც კვერცხის გულს შეიცავდა. ცდის პირები სასმელის სახით დღიურად იღებდნენ 260 მილიგრამ ქოლესტერინს, ხოლო მოხარშული კვერცხის სახით - 226 მილიგრამს. კალორიებისა და ცხიმების მიღების დონე ცდამდე სამივე ჯგუფში მსგავსი იყო. რა მოხდა 12 თვეში, ცდის დასრულების შემდეგ?

ქალებს, რომლებიც დოს სასმელს იღებდნენ, სისხლში მთლიანად ქოლესტერინისა და „ცუდი“- დაბალი სიმკვრივის - ლიპოპროტეინის დონე, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, თითქმის არ შესცვლიათ. მაგრამ ეს დონე, მათ სისხლში, ვინც მოხარშულ კვერცხს ჭამდა, მცირედ გაიზარდა. კაცებში სტატისტიკურად უმნიშვნელო ცვლილება მოხდა, მკვლევართა ვარაუდით, ალბათ, იმის გამო, რომ მათ, ქოლესტერინის შემცველი სხვა საკვების მიღება შეამცირეს, რამაც გააწონასწორა კვერცხის ეფექტი. ამ სამიდან არც ერთ ჯგუფში არ შეცვლილა „კარგი“ ქოლესტერინის - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის - დონე. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ დამცველ ეფექტს ტრადიციულ დოში არსებული სპეციალური ცხიმის დამშლელი შენაერთები - ეგრეთ წოდებული სფინგოლიპიდები - ატარებენ. შესაძლებელია, მომავალში, დოს გავლენის მიბაძვით, დამზადდეს საკვებზე დანამატები, რომლებიც ქოლესტერინის დონის ზრდას ხელს შეუშლის ქოლესტერინის დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღებისას.
XS
SM
MD
LG