Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინება, რომელიც ისჯება


საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა პირველი სპეციალური ანგარიში, სახელწოდებით „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“. ანგარიშის თანახმად, მთავარ გამოწვევად რჩება საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება. ეს პრობლემები განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში იჩენს თავს.

როდესაც საქმე ეხება ადრეულ ქორწინებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან ისჯება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. მას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს. საქართველოს სახალხო დამცველის პირველი სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ადრეულ ქორწინებას მიეძღვნა, 2015 წელს 600-ს გადააჭარბა 16-დან 18 წლამდე პირთა რეგისტრირებულმა ქორწინებამ. ამავე წელს 1440-ზე მეტი არასრულწლოვანი გახდა მშობელი, ოჯახის შექმნის მიზნით კი სკოლა 408 არასრულწლოვანმა მიატოვა. ანგარიშში მითითებულია, რომ ეს არ არის საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი რაოდენობა და ეს რიცხვები სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა სხვადასხვა უწყების კომპეტენციის ფარგლებში შეაგროვა.

ანგარიშის პრეზენტაციას, სახელწოდებით „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“, ყველა იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა მოვალეობაცაა ამ პრობლემასთან ბრძოლა და პრევენცია. განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა თანხმდება, რომ აუცილებელია როგორც მოზარდთა, ისე მშობელთა, პედაგოგთა თუ ექიმების ცნობიერების ამაღლება იმისათვის, რომ შემცირდეს საკმაოდ მაღალი რიცხვი ადრეულ ასაკში ქორწინებისა და, შედეგად, არასრულწლოვან მშობლად ქცევის. ამბობენ იმასაც, რომ ამ მიზნით ინტენსიურად იმართება შეხვედრები სოფლებსა თუ ქალაქებში, აწვდიან მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ადრეულ ასაკში ქორწინება მოზარდების ჯანმრთელობასა თუ განათლების მიღების პერსპექტივაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამ ღონისძიებებს სათანადო შედეგი არ მოაქვთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს მოაქვს კონკრეტული მანკიერი მაგალითი, რომელსაც განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები გარდაბნის რაიონის სკოლებში გადააწყდნენ:

ლია გიგაური
ლია გიგაური

„გაოცებული იყო ჯგუფის ყველა წევრი, რომ თითქმის ყველა სოფელში, ყველა სკოლასთან იდგა კაცების ან ახალგაზრდა ვაჟების დიდი ჯგუფი და როდესაც მონიტორინგის წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ იდგნენ ეს ადამიანები სკოლასთან, მათ მიიღეს პასუხი, რომ ისინი ელოდებოდნენ საცოლეებს. ეს არის, მართლაც, საგანგაშო მესიჯი. სკოლა განიხილება იმ ადგილად, საიდანაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ გამოდიან საცოლეები“.

როგორ რეაგირებს შსს და პროკურატურა იმ დანაშაულზე, რასაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი თუ იძულებითი ქორწინება ჰქვია? შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმ შემთხვევების რაოდენობაზე ლაპარაკობს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შს სამინისტროში 2015 წელს შევიდა. ეს რიცხვი 183-ს შეადგენს და მათგან 140 შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრვი კავშირი სწორედ ოჯახის შექმნის მიზნით განხორციელდა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ საქმეებიდან გამოძიება 17 შემთხვევაში შეწყდა:

„თქვენ დაგაინტერესებთ დევნის მაჩვენებელიც. იმ საქმეებიდან, სადაც დევნა არ შეწყვეტილა, თითქმის 70 %-ში დევნა დაიწყო პროკურატურამ კანონდამრღვევთა მიმართ“.

თუმცა, როგორც თამარ დეკანოსიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, იმ საქმეების უმრავლესობა, რომელსაც პროკურატურა იძიებს და საფუძვლად უდევს არასრულწლოვანთან ქორწინება, საპროცესო შეთანხმებით სრულდება. მისი თქმით, რეალური სასჯელი, რაც 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, არც ერთ პირს არ შეჰფარდებია:

თამარ დეკანოსიძე
თამარ დეკანოსიძე

„პროკურატურა ერიდება არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას, რაც ითვალისწინებს ე. წ. ოჯახებში სახელმწიფოს ჩარევას. ამ 140 საქმეში მონაწილე პირები რომ დაესაჯათ 7-დან 9 წლამდე პატიმრობით, ეს გამოიწვევდა ძალიან დიდ საზოგადოებრივ აღშფოთებას. ეს არის პირველი პრობლემა და მეორე არის ის, რომ თვითონ ამ ოჯახების მხრიდან იქნებოდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ანუ პირებს შექმნილი აქვთ ოჯახი, ისინი ცხოვრობენ ბედნიერად, ანუ, როგორც თავად აღიქვამენ ამ ბედნიერებას, და უეცრად სახელმწიფოს რკინის ხელი ერევა მათ ბედნიერებაში. აქ ერთადერთი რეალური არგუმენტი, რის გამოც შესაძლოა სახელმწიფოს არ ჰქონდეს მკაცრი პოლიტიკა, შეიძლება იყოს ის, რომ ბევრ შემთხვევაში, შესაძლოა, ძალიან ხისტმა ჩარევამ თვითონ დაზარალებული გოგონების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. ანუ გოგონა, რომელიც ადრეულ ასაკში გახდა ქორწინების მსხვერპლი და სქესობრივი კავშირის მსხვერპლი, ამ ჩარევის შემდეგ, შესაძლოა, უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს“.

იმას, რომ მაღალია მაჩვენებელი საპროცესო გარიგებებისა, არ უარყოფს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი და ამის მიზეზს შემდეგნაირად ხსნის:

„ძალიან რთულია ჩავერიოთ ამ შემთხვევაში ისეთი ხისტი პოლიტიკით, რომელიც გამოიწვევს ოჯახის ერთი წევრის აღმოჩენას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში გვაქვს საპროცესო შეთანხმებების მაღალი მაჩვენებელი, რადგან, თუ სასამართლოში საქმეს წარვმართავთ, მოსამართლეს არ აქვს საშუალება, რომ გათვალისწინებულზე ნაკლები სასჯელი დააწესოს. მე მომისმენია არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკა, რომ ხომ არ არის ეს წამახალისებელი ამ დანაშაულისა. გეთანხმებით, ეს შეიძლება იყოს აღქმული როგორც წამახალისებელი ამ დანაშაულის ჩადენის, მაგრამ ვაწყდებით ერთ სირთულეს, მოსახლეობამ არ იცის, რა არის დასჯადი ქმედება“.

ჩვენ გვყავს არა, მაგალითად, 500 გოგონა ადრეულ ქორწინებაში, არამედ 500 გოგონა, რომელიც გახდა პედოფილიის ან გაუპატიურების მსხვერპლი. აი, მაშინ, დავინახავთ, რაოდენ პრობლემურია და ტრაგიკულია თვითონ ეს მოვლენა. ამ საკითხიდან უნდა გავიტანოთ ე.წ. ოჯახი და ქორწინება, როგორც მიზანი...
ანა არგანაშვილი

მაია კვირიკაშვილი თვლის, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს აქტიური საინფორმაციო კამპანიები იმის შესახებ, თუ რა ითვლება დასჯად ქმედებად, რა შემთხვევაში დაეკისრება პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს გოგონათა ჯანმრთელობაზე ადრეულმა ქორწინებამ და ამის შემდეგ სახელმწიფო დაიწყებს იმ სასჯელის გამოყენებას, რასაც 140-ე მუხლი გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ადამიანებმა არ იციან ან დაივიწყეს, რომ არასრულწლოვანთან ქორწინება დანაშაულია“, - ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი. მისი თქმით, არ შეიძლება შეგუება და საუბარი იმაზე, რომ ადრეული ქორწინება არის ტრადიცია და კულტურის ნაწილი:

„ჩვენ გვყავს არა, მაგალითად, 500 გოგონა ადრეულ ქორწინებაში, არამედ 500 გოგონა, რომელიც გახდა პედოფილიის ან გაუპატიურების მსხვერპლი. აი, მაშინ, დავინახავთ, რაოდენ პრობლემურია და ტრაგიკულია თვითონ ეს მოვლენა. ამ საკითხიდან უნდა გავიტანოთ ე.წ. ოჯახი და ქორწინება, როგორც მიზანი. გაუგებარია, რას ნიშნავს ოჯახის შექმნის მიზანი. ჯერ ერთი, არ არის ოჯახი, როდესაც საქმე ეხება 16 წლამდე ადამიანთან სქესობრივ კავშირს. ეს არ არის ოჯახი. ეს დანაშაულია. პროკურატურა ამ პრობლემის მთელ სიმწვავეს არ გვანახვებს. ზუსტად ამიტომ არის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეეფარდა რეალური სასჯელი. უმეტესი გამოდის საპროცესო შეთანხმებებით. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი გოგონას მონათხრობი, რომელმაც თქვა, რომ როდესაც მასზე იძალადეს, მას უთხრეს, რომ მათ საპროცესო შეთანხმებისთვის თანხა უკვე შეგროვებული ჰქონდათ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 17–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG