Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინების შესახებ რეფერენდუმის თაობაზე პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

არ ცხრება ვნებათაღელვა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომლის მთავარი კითხვა, საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნით, უნდა იყოს: - „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?". ახლა ყველა ელოდება, დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, განცხადებით, მარგველაშვილი კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს. როგორც ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს 30 ივლისს გადაუგზავნა. კანონმდებლობის მიხედვით, მას გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადა აქვს.

9 აგვისტოს ჩაიშალა საქართველოს პრეზიდენტთან ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ინიციატორთა შეხვედრა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია „კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, დათქმული შეხვედრა აღარ შედგება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი

ქორწინების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნა საინიციატივო ჯგუფის წევრებს, ალექსანდრე ბრეგაძეს, სოსო მანჯავიძესა და ზვიად ტომარაძეს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღესვე სურთ. ისინი მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციაში გარკვევით ჩაიწეროს, რომ სამოქალაქო ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ასე ჟღერს რეფერენდუმის კითხვაც. 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო ბრეგაძემ, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება:

„საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს, არის ის საქართველოს პრეზიდენტი თუ არის გარკვეული მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი და უცხო ქვეყნის გარკვეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას ნახევარი მილიონი მოქალაქის გადაწყვეტილების მიხედვით, მაშინ ის დაადასტურებს, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ ის თავისი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წავა, ნებისმიერი თანამდებობის პირი და, მით უმეტეს, პრეზიდენტი თავის ლეგიტიმაციას კარგავს“.

თუ პრეზიდენტი უარს იტყვის რეფერენდუმის დანიშვნაზე, მაშინ საინიციატივო ჯგუფის წევრები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შემდგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს”, - აცხადებენ ცესკოში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა ამ საკითხზე ასეთია: პარტიაში ფიქრობენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და ხელისუფლებასაც ამ საკითხის წამოწევა სხვა, უფრო მტკივნეული თემების გადასაფარად სჭირდება.

„ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ, დაახლოებით, ორი თვის წინ საჯარო შეხვედრაზე მან საკმაოდ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ამ საკითხზე და განმარტა კიდეც, რატომ არ სჭირდებოდა საზოგადოებას ამ თემებზე დისკუსია დღეს“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

„ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძეც აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების ცნება განსაზღვრულია და დამატებითი რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხზე საჭირო არ არის:

„კანონში წერია, რომ ქორწინება ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით და ვფიქრობ, რომ დღეს ამ საკითხის რეფერენდუმზე დაყენება არის პოლიტიკური სპეკულაცია და ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, გარდა ასეთი პოპულისტური თემების წამოწევისა ამ არჩევნებზე“.

კონსტიტუციაში ცვლილებას და მასში ქორწინების განმარტების შეტანას ემხრობა მმართველი ძალა. მიმდინარე წელს მან ვერ მოახერხა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იმის გამო, რომ პარლამენტში არ აღმოჩნდა საკითხის მხარდამჭერი დეპუტატების საკმარისი რაოდენობა. ახლა, საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვების, ცესკოში წარდგენისა და ცესკოს მიერ პრეზიდენტისთვის მიმართვის შემდეგ, მმართველი ძალა კვლავაც გამოხატავს საკონსტიტუციო ცვლილების იდეისადმი მხარდაჭერას. ასე ფიქრობს, მაგალითად, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე:

„ეს არ არის „ქართული ოცნების“ მიერ აგორებული საკითხი. ეს არის სწორედ რომ არაკეთილმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მიერ აგორებული თემა, რადგან ისინი ძალიან ხშირად აცხადებენ, თითქოს სექსუალური უმცირესობების უფლებები ქვეყანაში ირღვეოდა და რომ ხელისუფლებას შიშის ფაქტორის პრევენცია უნდა მოეხდინა. ჩემი აზრით, სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შეგვეტანა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში ყველანაირ შიშს გააქრობდა. თუმცა, რადგან ეს მაშინ ვერ მოხერხდა, თუ დღეს მოხდება იგივე, ვფიქრობ, ამაში არაფერი ცუდი არ არის, პირიქით, საზოგადოებაში ის შიში, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინება შესაძლოა ოდესმე დაკანონდეს, გაქრება. ამიტომ მგონია, რომ თუ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, სწორედ ეს იქნება შიშის პრევენცია“.

თათა ცოფურაშვილი
თათა ცოფურაშვილი

თუმცა ასე არ ფიქრობს სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი, რომელიც, ამავე დროს, არის ერთ-ერთი ორგანიზატორი 4 აგვისტოს გავრცელებული პეტიციისა, რომლის ხელმომწერებიც პრეზიდენტისგან მოითხოვენ "არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი", რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პეტიციის ავტორები იზიარებენ პრეზიდენტის ორი თვის წინანდელი განცხადების პათოსს, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა რეალურად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყანაში არსებული სოციალური, საგარეო პოლიტიკური, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.

„და ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ამ რეფერენდუმის არჩევნების დღეს დამთხვევით მოახდინონ საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური კაპიტალის ხელახალი კაპიტალიზაცია და მოსახლეობას დაანახვონ ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად არ არსებობს. ცხადია, რომ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ცხადია ისიც, რომ ასეთი განცხადებები ემსახურება ქვეყანაში პრორუსული განწყობების გაძლიერებას“.

აქვე უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში წერია: „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში“. კონსტიტუციაში ქორწინების საკითხს ეძღვნება 36-ე მუხლი და მასში წერია: "1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. 3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით".

„ლგბტ - საქართველოს“ წარმომადგენელი ბექა გადაბაძე კი ასევე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ ამ რეფერენდუმით მისი ინიციატორები ბოლომდე კლავენ ყველანაირ მსჯელობას ქორწინების უფლების შესახებ, კერძოდ, თუ ვინ შეიძლება იქორწინოს. ბექა ამბობს, რომ ასეთი აქცენტი მას სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ პეტიციაშიც დააკლდა.

9 აგვისტოს პლატფორმამ „არა ფობიას“, რომელშიც 12 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და რომ „ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც პირდაპირ აისახება დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, ლგბტ ჯგუფისა თუ ჯგუფის ცალკეული წევრების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში“.

არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დანიშნოს რეფერენდუმი და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მშენებლობას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG