Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივდება


"ვიზეარის" ხომალდი
"ვიზეარის" ხომალდი

23 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizzair) რიგით 25-ე ბაზის გახსნა აღნიშნა. აქამდე არსებულ ოთხ მიმართულებას ამიერიდან კიდევ 7 დაემატა და ბერლინში, მილანში, თესალონიკსა თუ ევროპის სხვა ქალაქებში ქუთაისიდან გადაფრენა საქართველოს მოქალაქეებს საშუალოდ 20-დან 40 ევრომდე დაუჯდებათ.

23 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში „აერობუს ა320“-ის ახალი ავიახომალდი დაეშვა, რომელიც ბაზირებული იქნება ქუთაისში. ქართულენოვანი პერსონალით დაკომპლექტებული ხომალდი ევროპის 7 ქალაქის მიმართულებით იფრენს. ესენია: ბერლინი, მემინგემი, დორტმუნდი, მილანი, თესალონიკი, ლარნაკა და სოფია. ეს ახალი ავიარეისები შეემატა უკვე მოქმედ ფრენებს ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავისა და კატოვიცეს მიმართულებით. ქუთაისში ბაზის ფორმირებისთვის „ვიზეარმა“, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბაზის გახსნა და ახალი მიმართულებებით ფრენის დაწყება 23 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. პრეზენტაციას სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით ხუციშვილის, აზრით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:

„ვფიქრობთ, რომ თვითონ ინვესტიციის კუთხით და დასაქმების კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ეს მოვლენა.“

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარდა, „ვიზეარის“ ინვესტიციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის,ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

მთავარია მონდომებული იყოს ადამიანი, უნდოდეს იაფად მოგზაურობა და ყოველთვის მონახავს ისეთ მარშრუტს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მე, მაგალითად, ევროპის მიმართულებით არაერთხელ მიმგზავრია 9 ევროდ...
ლევან ჭანჭალეიშვილი

ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირებას უკვე აქვს თვალსაჩინო შედეგი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. 2012 წლიდან დღემდე „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან 600 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

პოლონეთის ორი ქალაქიდან განხორციელებული ავიარეისების შედეგად საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობით, პოლონეთი ლიდერი გახდა. ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე:

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ტურიზმის ზრდაზე.“

„ვიზეარმა“ ავიარეისების განხორციელება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა თავად აეროპორტის მშენებლობის დაწყება ერთ-ერთ მსხვილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რიანეართან“ მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ავიაკომპანიის შემოსვლა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან ახალი მთავრობა ეჭვქვეშ აყენებდა ქუთაისის აეროპორტის მიზანშეწონილობას. მოგვიანებით დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ჯერჯერობით „რიანეარი“ არ ჩანს.

ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე WizzAir-ის მიერ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომ სექტემბრის ბოლოდან ოთხ არსებულ მიმართულებას კიდევ 7-ს დაამატებდა, ბიძგი მისცა ცხარე დისკუსიას სოციალურ ქსელებში. ბევრი სარეკლამო ხრიკად მიიჩნევდა ავიაკომპანიის განცხადებებს ევროპაში იაფი ფრენების შესახებ, ბევრი კი უსაფრთხოების საკითხებს აყენებდა ეჭვქვეშ და კომპანიის ხომალდებს ლამის „ფრთებიან მარშრუტკებს“ უწოდებდა, ზოგიც ავიაკომპანიის მომსახურე პერსონალის დაბალ ანაზღაურებას აბრალებდა ავიაბილეთების სიიაფეს და ა. შ.

რეალობა კი სხვაგვარია. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იაფი ბილეთები სარეალიზაციოდ გამოაქვთ სხვადასხვა ალგორითმის მიხედვით. არის დღეები, როდესაც ერთი და იგივე ბილეთი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე ერთი დღით ადრე ღირდა. თუ ამას ფასდაკლების აქციაც დაემატა და მომხმარებელი ავიაკომპანიის კლუბის წევრიცაა, სავსებით შესაძლებელია ბილეთი მხოლოდ 9-10 ევრო დაუჯდეს. ასეთი ფასით არაერთხელ უსარგებლია ქუთაისელ მოგზაურ ლევან ჭანჭალეიშვილს:

„მთავარია მონდომებული იყოს ადამიანი, უნდოდეს იაფად მოგზაურობა და ყოველთვის მონახავს ისეთ მარშრუტს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მე, მაგალითად, ევროპის მიმართულებით არაერთხელ მიმგზავრია 9 ევროდ“.

ლევან ჭანჭალეიშვილის გამოცდილების მიხედვით, საჭიროა მოგზაურობის მსურველმა წინასწარ 1-2 თვით ადრე დაიჭიროს თადარიგი და იაფი ავიაბილეთები შეარჩიოს, შემდეგ კი შვებულება ამ დაბალფასიანი ფრენის თარიღებს შეუსაბამოს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას არ ნიშნავს, რომ 10-20-ევროიანი ბილეთები ყოველდღე არის, თუმცა თითქმის ყოველთვის შეძლებთ ავიარეისების პოვნას 50 ევროს ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG