Accessibility links

logo-print

პრემიერ–მინისტრმა დავალება მისცა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ხელი არავინ შეუშალოს ბიზნესმენებს საქმიანობაში და დაისაჯოს ის, ვინც ამას გაბედავს. ამ მოწოდებას წინ უსწრებდა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც თავად ამბობს, სასიამოვნოდ გააოცეს, თუმცა, ჩანს, იმავე ბიზნესმენებმა მასთან ხელისშემშლელ ბარიერებზეც დაიჩივლეს. რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი საქართველოში?

ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება შეეხებათ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს: მინისტრებს, გამგებლებსა თუ მერებს. სწორედ მათ უნდა გადასცენ თავიანთ ხელქვეითებს პრემიერ–მინისტრის „მთავარი ამოცანა“, რომ ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები „დროულად და ეფექტიანად“ იქნეს მიღებული და რომ დროში არ გაიწელოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

„ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში. სახელმწიფოსა და ხელისუფლების ურთიერთობა ბიზნესთან დღეს არის ძალან ჰარმონიული და დარეგულირებული. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გარემო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევქმენით, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ასე რომ, ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ როგორც დავალება და კეთილი უნდა ვინებოთ ყველამ, რომ ეს დავალება ბოლომდე დავიტანოთ, თითოეული თანამშრომლის დონეზე“.

მინდა გითხრათ, მე მართლაც გავოცდი – ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო წელი ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოსავლების კუთხით და, ზოგადად...

ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 5 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გააკეთა და იქვე დასძინა, რომ „თუკი ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ის“. პრემიერ-მინისტრს არ მოუყვანია კონკრეტული მაგალითები, თუ რაზე დაყრდნობით ჩათვალა მან საჭიროდ გაეფრთხილებინა სახელისუფლებო სტრუქტურები, ბიზნესს ნუ აბრკოლებთო. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მან მსხვილი ბიზნესის იმ წარმომადგენლებისგანაც მიიღო, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ შეხვდა. გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ სწორედ ეს შეხვედრა ახსენა მან 5 თებერვალს როგორც ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის აუცილებლობის კონტექსტში, ასევე ბიზნესმენების კმაყოფილების კონტექსტში:

„მინდა გითხრათ, მე მართლაც გავოცდი – ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო წელი ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოსავლების კუთხით და, ზოგადად. ის, რომ ბიზნესგარემო არის აბსოლუტურად ჯანსაღი საქართველოში და რომ ბიზნესი არის დღეს აბსოლუტურად თავისუფალი – ამას ყველა ერთხმად აღიარებს“.

„ბიზნესი, მართლაც, თავისუფალია“, – აღნიშნავს ჩვენს რადიოსთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. თუმცა თავისუფლება, მისი თქმით, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ბიზნესის განვითარებისთვის. ბიზნესის წინაშე მას რეალური პრობლემები ეგულება, რასაც ძირითადად სახელმწიფოს არათანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას აბრალებს.

ინვესტორებს აქვთ სერიოზული პრობლემები სწორედ იმის გამო, რომ სამინისტროებისა და სხვა უწყებების დონეზე არ ხდება დროული გადაწყვეტილებების მიღება. ხაზს ვუსვამ – დროული გადაწყვეტილებების მიღება...

ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადება დიდწილად უცხოურ ინვესტიციებს შეეხება, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირე წარმოადგენს და მოცულობა ვერა და ვერ გასცდა მილიარდდოლარიან ზღვარს, სანთლით ნაპოვნ ინვესტორებს კი ხშირ შემთხვევაში ისევ სახელმწიფო აფრთხობს:

„ინვესტორებს აქვთ სერიოზული პრობლემები სწორედ იმის გამო, რომ სამინისტროებისა და სხვა უწყებების დონეზე არ ხდება დროული გადაწყვეტილებების მიღება. ხაზს ვუსვამ – დროული გადაწყვეტილებების მიღება. თორემ დეკლარირების დონეზე, – მათი მხარდაჭერის, მათთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით, ხელშეწყობისა და გარემოს შექმნის თვალსაზრისით,-ბუნებრივია, კეთდება განცხადებები. მაგრამ არ ხდება პრობლემების დროულად მოგვარება და იმ ფორმალობებისა და ბიუროკრატიული პროცედურების მოხსნა, რაც ინვესტორებმა უნდა გაიარონ. შესაბამისად, ინვესტორები, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, სამინისტროდან სამინისტროში ფურცლებით დარბიან. 21–ე საუკუნეში ეს ცოტა სირცხვილია“.

შემოსავლებით კმაყოფილება ძალიან სუბიექტურია. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ვერ ვიტყვით მაინცდამაინც, რომ გასული წელი ამ კუთხით კარგი იყო...

ბიუროკრატიული ბარიერები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემებს მსხვილ ბიზნესს უქმნის, მიაჩნია გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორს გიგლა მიქაუტაძეს. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, სახელმწიფო სტრუქტურებმა დროულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, უნდა გაუფრთხილდნენ ბიზნესმენების კანონიერ ინტერესებს და ამ ყველაფერს ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ბიზნესომბუდსმენმა.

რაც შეეხება გასული წლის შემოსავლებით ბიზნესმენების კმაყოფილებას, რაზეც 5 თებერვალს ილაპარაკა პრემიერმა ღარიბაშვილმა, როგორც გიგლა მიქაუტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გააჩნია კომპანიებს, რადგანაც პირადად მას უკმაყოფილოც ბევრი უნახავს:

„ჩვენთან არიან კომპანიები, რომლებიც, პირიქით, წუწუნებენ იმაზე, რომ სახელმწიფო პროექტები ნაკლებია და სახელმწიფო ხარჯები შემცირდა. ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა ლაპარაკი, სადაც ყველაზე დიდი დამკვეთია სახელმწიფო. ამ პროექტებში მსხვილ კომპანიებზე მიბმული არიან საშუალო და წვრილი კომპანიები, რომლებიც მსხვილებს ამარაგებენ. ჯაჭვური პროცესია ეს. შემოსავლებით კმაყოფილება ძალიან სუბიექტურია. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ვერ ვიტყვით მაინცდამაინც, რომ გასული წელი ამ კუთხით კარგი იყო“.

როდესაც შემოსავლებით ბიზნესის შესაძლო კმაყოფილებაზე ლაპარაკობს, გიგლა მიქაუტაძე კიდევ ერთ შესაძლო ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, რადგანაც კომპანიის მოგება დამოკიდებულია ხარჯზე, შესაძლოა ზოგ შემთხვევაში კომპანიის მოგების ზრდა იმ არამიზნობრივი, უკანონო ხარჯების შემცირებითაც აიხსნას, რაც ტვირთად აწვებოდა ბიზნესს წინა ხელისუფლების პირობებში.

XS
SM
MD
LG