Accessibility links

logo-print

საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დაგვირგვინებას ითხოვენ მეგობარი ქვეყნები. ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მისამართით მოწოდება ამჯერად ლიტვის პარლამენტიდან გაისმა. საქართველოს მეგობრები თვლიან, რომ ქვეყანამ დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულა და ახლა ჯილდოს მიღების დროც დადგა, თუმცა ბრიუსელში ჯერჯერობით პროცესის დაგვირგვინების კონკრეტულ ვადებს ვერავინ ასახელებს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება ბრიუსელიდან, პროცესს უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ გარშემო არსებული შეუთანხმებლობა აფერხებს.

ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული განცხადება, ევროკომისიის შეფასებებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ახლა დროა, მანაც მიიღოს რეალური სარგებელი. შესაბამისად, ლიტვა მოუწოდებს სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანას, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. მიმართვის ადრესატები არიან ასევე ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. ლიტველი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის სტრუქტურების დადებითი გადაწყვეტილებები ნდობის განმტკიცებისა და ქვეყნის შემდგომი წინსვლის საწინდარი იქნება:

„(ეს) ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და იმ რეფორმების გაგრძელებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემასთან“.

სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის მძევლად იქცა. ევროპარლამენტმა უნდა დააჩქაროს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა...

გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოში ყოველთვის გულითად მადლობას უხდიან მეგობარ ქვეყნებს და ამჯერადაც ასე მოხდა ლიტვასთან მიმართებით, თუმცა ბევრ ექსპერტს ეეჭვება, რომ პროცესის დაჩქარება მოხერხდეს მანამდე, ვიდრე მიგრანტთა ნაკადებით შეწუხებული ევროკავშირის წიაღში არ იქნება მიღწეული თანხმობა უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. ფაქტი ჯიუტია, ჯერჯერობით პროცესმა წინ ვერ წაიწია 5 სექტემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.

ამის შემდეგ ევროკავშირის სტრუქტურების საბოლოო დასტურის მისაღწევად გადასადგმელი რჩება კიდევ რამდენიმე ნაბიჯი. მათ შორის, აუცილებელია ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) გადაწყვეტილება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ევროკავშირის საბჭომ. მუდმივი წარმომადგენლების ერთი ასეთი შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო, განიხილავდნენ თუ არა ისინი საქართველოს საკითხს. ბოლოს აღარ განიხილეს და, როგორც ჩვენმა ბრიუსელელმა კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა შეგვატყობინა, ისევ გერმანიამ მოითხოვა მეტი კონსულტაცია ევროპარლამენტთან სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, სწორედ „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ საკითხს გულისხმობდა ევროპარლამენტარი ჰეიდი ჰაუტალა, როცა სამშაბათს საქართველოს საკითხის შეფერხებაზე ლაპარაკობდა. 27 სექტემბერს ევროპარლამენტში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის მონაწილეობით გაიმართა პოლიტიკური დიალოგი თემაზე: „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები". დისკუსიის ორგანიზატორი იყო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრიას მამიკინსი. სწორედ ამ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება ფინელმა ევროპარლამენტარმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჰეიდი ჰაუტალამ. მან თქვა, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის წიაღში არსებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა შეაფერხა. ევროპარლამენტარ ჰაუტალას სიტყვების შინაარსს ინტერნეტპორტალი (commonspace.eu) ავრცელებს:

„ევროპარლამენტი ცდილობს პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის მძევლად იქცა. ევროპარლამენტმა უნდა დააჩქაროს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა“.

არ არის ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია ამ მიმართულებით. მიმდინარეობს მოლაპარაკება, ერთი მხრივ, ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და, მეორე მხრივ, ამაზე, თავის მხრივ, მსჯელობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც...

საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს სწორედ „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ გარშემო არსებული შეუთანხმებლობა რომ წარმოადგენს, ამას ჩვენთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძეც ადასტურებს, „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. მისი თქმით, ეს შეუთანხმებლობა საქართველოს მიზეზით არ არის წარმოშობილი, მაგრამ მის შედეგებს, სამწუხაროდ, საქართველო იმკის:

„არ არის ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია ამ მიმართულებით. მიმდინარეობს მოლაპარაკება, ერთი მხრივ, ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და, მეორე მხრივ, ამაზე, თავის მხრივ, მსჯელობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. ყველა ცდილობს, რომ საბოლოო სიტყვა მათ ჰქონდეთ. (ჯერ არ გარკვეულა) რეალურად ვის ექნება შესაძლებლობა, რომ აამოქმედოს ეს მექანიზმი. შეძლებს ამას ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა (დამოუკიდებლად), თუ მას ევროკავშირის ინსტიტუციების თანხმობაც დასჭირდება, ამაზე არ არის ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული და, ცხადია, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული პროცესის შეძლებისდაგვარად სწრაფად დაგვირგვინების თაობაზე საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებები გვაქვს მოსმენილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა თუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მხრიდან, ბერლინიდან ახლახან დაბრუნებული ვანო ჩხიკვაძის თქმით, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან მიმართებით აშკარად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა გერმანიის პოლიტიკურ წრეებში და ამაში ის კიდევ უფრო დარწმუნდა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) შინაგან საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. მართალია, გერმანელ კანონმდებლებს პროცესზე უშუალო ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნიათ, მაგრამ ვანო ჩხიკვაძისთვის ამ შეხვედრაზე აშკარა გახდა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. ძირითად მიზეზად ისევ ქართველი მიგრანტების კრიმინალური საქმიანობა სახელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG