Accessibility links

logo-print

ჩემს წინა ბლოგზე გამოხმაურებების რაღაც ნაწილი ეხებოდა თავისუფლების თემას, მემარცხენე და მემარჯვენე დაყოფების კონტექსტში (და არა მხოლოდ). ამის გამო, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემი პოზიციაც დავაფიქსირო ამ თემაზე.

პირველ რიგში, იქიდან დავიწყოთ, თუ რას გულისხმობენ თავისუფლებაში ორივე მხარის - მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერტარიანელები (ლიბერტარიანიზმი არის ფილოსოფია, რომელიც თავისუფლებას ისახავს უმაღლეს მიზნად). თანამედროვე მემარცხენე ლიბერტარიანელების, მაგალითად, ამერიკელი ანარქოსინდიკალისტის, ნოამ ჩომსკის და მისი მიმდევრების აზრით, თავისუფლება ეს არის თავისუფლება ბატონობისგან, დომინაციისგან. ჩომსკი და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ ამგვარი თავისუფლების მიღწევა შესაძლებელია და უმთავრესად ეს გულისხმობს დემოკრატიული კონტროლის გაზრდას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე.

ამისგან განსხვავებით, მემარჯვენე ლიბერტარიანელები მომხრე არიან, რომ თავისუფლება გაიზარდოს ისე, რომ სახელმწიფო არ ერეოდეს კერძო პირთა შორის არსებულ ნებაყოფლობით ურთიერთობებში. ზოგიერთი რადიკალი მემარჯვენე ლიბერტარიანელი იქამდეც მიდის, რომ სახელმწიფოს სოციალური ფუნქციების მთლიანად გაუქმების მომხრეა (ამას არ ითხოვენ ავსტრიელი ეკონომისტის, ფრიდრიხ ჰაიეკის მიმდევარი ლიბერტარიანელები, ვინაიდან, ჰაიეკი მომხრე იყო ღარიბებისთვის მინიმალური სოციალური გარანტიების მიცემისა. სახელმწიფოს სოციალური ფუნქციების მთლიანად გაუქმების მომხრე არ იყო არც ამერიკელი მემარჯვენე ლიბერტარიანელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი, რომელმაც განავითარა ცნობილი „უარყოფითი საშემოსავლო გადასახადის“ იდეა.

მემარცხენე ლიბერტარიანელები მემარჯვენე ლიბერტარიანელებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ისინი კერძო საკუთრებასაც ბატონობის, დომინაციის ფორმად თვლიან და ამბობენ, რომ ისიც ისევე უნდა გაუქმდეს, როგორც სახელმწიფო.

ერთი სიტყვით, მემარცხენე ლიბერტალიანელებს სურთ, რომ ყველანაირი სახის დომინაცია შემცირდეს ან მთლიანად გაუქმდეს, მაშინ, როდესაც მემარჯვენე ლიბერტარიანელები თვლიან, რომ თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა თავიანთი კერძო საკუთრება და „კერძო“ სხეული განაგონ ისე, როგორც მოესურვებათ.

ორივე მოდელი კაცობრიობის უმთავრეს ღირებულებად აღიარებს თავისუფლებას და ყველა სხვა ღირებულებას - მეორადად. შესაბამისად, ამ მოდელების მიხედვით, მთავარ მიზნად გადაქცეულია თავისუფლების მიღწევა და, მათ მიხედვით, როდესაც თავისუფლებას მივაღწევთ, მაშინ ვიქნებით მორალურად, პოლიტიკურად, სოციალურად დაკმაყოფილებულნი. ამ სტატიაში სწორედ იმის მტკიცება მსურს, რომ თავისუფლების ამგვარი კონცეფცია წინააღმდეგობრივი და მცდარია.

დავიწყოთ მემარცხენე ლიბერტარიანელების კრიტიკით. თავისუფლების შესახებ ჩომსკის მოსაზრებები რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ მასში ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობაა გაპარული: ბევრ შემთხვევაში ჩომსკი საუბრობს დემოკრატიაზე და დემოკრატიზაციაზე და გულისხმობს თავისუფლებას, მაშინ, როდესაც სინამდვილეში, დემოკრატია და თავისუფლება ორი სხვადასხვა ცნებაა. დემოკრატია გულისხმობს უმრავლესობის მმართველობას (როგორც წესი, უმცირესობის უფლებების დაცვით), მაშინ, როდესაც თავისუფლება ისე, როგორც ეს ჩომსკის ესმის, გულისხმობს მმართველობისგან მთლიანად გათავისუფლებას. დემოკრატიის იდეა თავის თავში შეიცავს იმ დაშვებას, რომ საზოგადოების უმცირესი ნაწილის აზრის მიუხედავად, უმრავლესობამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არსებობს ე.წ. კონსენსუალური დემოკრატიის მექანიზმები, რის მიხედვითაც, საზოგადოების ყველა წევრის თანხმობას მოითხოვენ გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ აზრთა ბუნებრივი მრავალფეროვნების ფონზე შეუძლებელია, რომ ყველა შემთხვევაში ამგვარი მექანიზმი დაინერგოს.

ერთი სიტყვით, ჩომსკი და მისი მიმდევრები ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე ისე, რომ მასში გულისხმობენ თავისუფლებას. აქ კი, როგორც აღვნიშნე, ცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება მემარჯვენე ლიბერტარიანელების მოსაზრებებს თავისუფლების შესახებ, ამ შემთხვევაშიც, მსგავსი ტიპის წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ერთი მხრივ, მემარჯვენე ლიბერტარიანელების უმრავლესობა თვლის, რომ თავისუფლება საზოგადოების ერთადერთი უმაღლესი ღირებულება უნდა იყოს; მეორე მხრივ, იგივე მემარჯვენე ლიბერტარიანელები აღიარებენ სახელმწიფოს, როგორც „ღამის დარაჯის“ აუცილებლობას. „ღამის დარაჯი“ სახელმწიფო იცავს წესრიგს და საკუთრების უფლებას, ასევე, სახელმწიფოს სუვერენულობას სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში. იბადება ლოგიკური კითხვა: განა სახელმწიფოს არსებობა უკვე თავისუფლების, როგორც უმაღლესი ღირებულების დათმობას არ ნიშნავს? ეს შესანიშნავად იცოდნენ XVI-XVII საუკუნეების ინგლისელმა ფილოსოფოსებმა - თომას ჰობსმა და ჯონ ლოკმა, თანამედროვე მემარჯვენე ლიბერტარიანელებმა კი, როგორც ეტყობა, ეს ცოდნა დაკარგეს. ჰობსი და ლოკი სრულიად გამართლებულად ამტკიცებდნენ, რომ ადამიანები რაღაც თვალსაზრისით თმობენ თავიანთ თავისუფლებას მაშინ, როდესაც ქმნიან სახელმწიფოს. თუ სახელმწიფოს შექმნამდე, მე თავად შემეძლო სამართლის აღსრულება და წესრიგის დაცვა, სახელმწიფოს შექმნისთანავე, ამ თავისუფლებებს ვთმობ და პოლიციას და სასამართლოს ვაბარებ. ჩემი აბსოლუტური თავისუფლება სახელმწიფოს არსებობით იზღუდება.

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ თავისუფლების, როგორც ერთადერთი აბსოლუტური ღირებულების რწმენა თავის თავში გადაულახავ წინააღმდეგობებს შეიცავს. შეუძლებელია თავისუფლება იყოს ერთადერთი ღირებულება საზოგადოებაში, რომლისკენაც ვისწრაფვით. თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, მაგრამ არა ერთადერთი. რომელია სხვა ღირებულებები? დემოკრატიული ჩართულობა, სოციალური თანასწორობა, წესრიგის უზრუნველყოფა, შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება და უსაფრთხო და ჯანსაღ პირობებში შრომა, ღირსეული ცხოვრების უფლება, გაფიცვის უფლება, კულტურის განვითარება (საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი), განათლების მიღების უფლება, ჯანდაცვის უფლება და ა.შ.

თავისუფლება არსებობს ყველა სხვა უფლებებთან ერთად. ზოგიერთი სხვა უფლების განხორციელება აუცილებლად გულისხმობს აბსოლუტური თავისუფლების შეზღუდვას. აბსოლუტური თავისუფლება ვერც ერთ ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოში ვერ იარსებებს, რადგან სახელმწიფოს და დემოკრატიის არსებობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე თავისთავად ეწინააღმდეგება აბსოლუტური თავისუფლების იდეას. აბსოლუტური თავისუფლების ნაცვლად ჩვენ გვაქვს თავისუფლების ის ფორმა, რომელსაც „ლიბერალური თავისუფლებები“ შეიძლება ვუწოდოთ და რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. იმის ნაცვლად, რომ დაუსაბუთებელი და ეფემერული იდეების განვითარებაზე ვხარჯავდეთ ჩვენს დროსა და ენერგიას, ჩვენი მიზანი სწორედ იმ რეალური თავისუფლების კულტივირება უნდა იყოს, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს საზოგადოებებს, სხვა ღირებულებებთან ტანდემში.

XS
SM
MD
LG