Accessibility links

logo-print

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და მათთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა 2 ივნისს საქართველოს პარლამენტში სპეციალური მიმართვა შეიტანეს. ხელმომწერნი მმართველი გუნდისგან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ. კერძოდ, ისინი მოითხოვენ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის ჩანაცვლებას სამხარეო პროპორციული სისტემით. მიმართვის ტექსტი კი გასულ კვირაში, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე დაიწერა.

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, საქართველოს პარტლამენტის საქმის წარმოების დეპარტამენტის ფანჯარასთან დღის ორი საათისთვის გამოცხადდა თანამოაზრეებთან ერთად და დეპარტამენტის თანამშრომელს 14 პოლიტიკური პარტიისა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი მიმართვა გადასცა. როგორც მიმართვაში ვკითხულობთ, „საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი“.

ანუ საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მამუკა კაციტაძე დეპუტატებისადმი გაგზავნილი მიმართვის მთავარ არსს განმარტავს: „მიმართვა დეპუტატებისადმი გულისხმობს მაჟორიტარული სისტემის ჩანაცვლებას სამხარეო პროპორციულით. ამ სისტემის ჩანაცვლება გულისხობს, რომ, ერთი მხრივ, ამომრჩევლის ხმის წონა გათანაბრდება და 5000 ამომრჩეველიც ერთ დეპუტატს რომ ირჩევს და 150 000 ამომრჩეველიც ერთ დეპუტატს, ასე აღარ იქნება და ამომრჩევლების თანაბარი რაოდენობა აირჩევს თანაბარ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეს ერთი“.

მეორე, მიმართვის ხელმომწერებს სჯერათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში, გასწორდება მათი თქმით, ის დარღვეული მთავარი პრინციპი, რაც მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების თანაფარდობას გულისხმობს. სწორედ ამის თაობაზე ამახვილებს ყურადღებას „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში დეპუტატებისადმი მიმართვის კიდევ ერთი ხელმომწერი, ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი: „ეს მოსპობს და დაამთავრებს საუბარს იმაზე, რომ რამდენ პროცენტსაც აიღებენ პარტიები, იმდენი პროცენტი შევა პარლამენტში. რომ ხმის თანაბრობა გასწორდება ერთხელ და სამუდამოდ და მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემები მოგვარდება ამ კუთხით“, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

ანუ, მაგალითად, წინა მოწვევის პარლამენტში, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, მაშინდელ მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, ადგილების 79%-ზე მეტი ერგო,მიუხედავად იმისა, რომ მარტიამ ამომრჩეველთა 60%-მდე ხმა მიიღო და ეს იმიტომ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ქვეყნის მასშტაბით ოთხის გარდა ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ მმართველ გუნდს, ლოგიკურად, არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა არსებულ საარჩევნო სისტემასთან, დღეს ისინიც, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დგანან და ცვლილებას მოითხოვენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ იმ საარჩევნო დანაპირებს ახსენებენ, რომელიც სწორედ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას გულისხმობდა, მათ შორისაა ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილიც: „ყველა, გარდა მთავრობისა და გარდა „ქართული ონებისა“, თანხმდება იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა არსებობდეს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე წლებია ვენეციის კომისია საქართველოს არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილების რეკომენდაციას აძლევს. ამის თაობაზე საუბრობდნენ ჯერ კიდევ გასულ წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები. სწორედ ამ რეკომენდაციებს ახსენებს ხელისუფლებას ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი: „დღევანდელი საარჩევნო სისტემა არანაირ საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება. ამაზე ვსაუბრობთ არა მარტო ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგებნლები. ის მოცემულობა, რა მოცემულობაც გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა უნდა ჩატარდეს, ძალიან ბევრი წელია არსებობს“, – ამბობს ეკა გიგაური.

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესებს ეხება, ანუ სასამართლო გადაწყვეტილება დაადგენს ხმათა თანასწორობის პრინციპს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის მარტში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, სადაც ნათქვამია, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა და არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი. აი, რა განაცხადა მაშინ დავით უსუფაშვილმა: „ეს არის დაპირება, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მივეცით ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ გადავდგამდით ნაბიჯებს მეტი დემოკრატიულობისკენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსი განწყობისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, გეტყვით, რომ ამისათვის 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. სწორედ დეპუტატებისადმი მიმართვის ხელმომწერნი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი ცვლილებებზე უარს იტყვის, ისინი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს გამოიყენებენ. როგორც ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საზოგადოების კონსოლიდირება მოხდა, „ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება საზოგადოების წნეხის გაძლება. და თუკი მმართველი გუნდი ცვლილებაზე უარს იტყვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მტკივნეულ ფასს გადაიხდიან, რაც „პოლიტიკურ სანაგვეზე“ გაგზავნას გულისხმობს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG