Accessibility links

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მომუშავე და 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელი კომპანია, ჯამში, 51 მილიონი ლარით დააჯარიმა. კომპანიების დაჯარიმება განაპირობა მათ მიერ „შეთანხმებული ფასით“ საწვავის რეალიზაციამ. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ 15 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, საწვავის სასაქონლო ბაზრის მოკვლევის შედეგების თანახმად, კომპანიები, 2008 წლიდან მოყოლებული, არღვევდნენ კონკურენციის დაცვის პრინციპებს. კერძოდ, რა პრინციპებს არღვევდნენ კომპანიები და რას აპირებენ ისინი საჯარიმო სანქციებთან მიმართებით?

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 8-თვიანი მუშაობის შედეგად, 1100 - გვერდიანი დასკვნა მოამზადა, დასკვნის საფუძველზე კი, ფინანსური ჯარიმები, რაც შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს, დაეკისრათ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“(14 381 385 ლ ), „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“(11 267 384 ლ ),„რომპეტროლ საქართველოს“(10 885 806 ლ), „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“(10,426 393 ლ)და „ლუკოილ-ჯორჯიას“(4, 740 260 ლ). კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარაბაძის განმარტებით, სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პირობები, კერძოდ:

„მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის ძირითად სუბიექტებს, სახელდობრ, „ვისოლს“, „ლუკოილს“, „სოკარს“, „რომპეტროლს“, „გალფს“ და სამ ეკონომიკურ აგენტს, რომელთაც ძალიან მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობა ჰქონდათ ამ ხუთეულთან, დაეკისრათ შესაბამისი სანქციები“.

5 უმსხვილეს ნავთობკომპანიასთან ერთად, 32 პატარა კომპანიაც, რომელიც ასევე ოპერირებდა საწვავის ბაზარზე, 200 ათას-200 ათასილარით დაჯარიმდა.

ისინი თვლიან, რომ მათ არ დაურღვევიათ კანონი კონკურენციის შესახებ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით, აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდება სასამართლოში...

ნავთბპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, კომპანიები კონკურენციის პირობების დარღვევას ვერ ხედავენ, ამიტომ, სავარაუდოდ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ:

„ისინი თვლიან, რომ მათ არ დაურღვევიათ კანონი კონკურენციის შესახებ. აქედან გამომდინარე, ისინი მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით, აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდება სასამართლოში, რისი უფლებაც მათ კანონმდებლობით აქვთ“.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია მოხარულია, რომ კონკურენციის სააგენტო, ბოლოს და ბოლოს, ამუშავდა და საკმაოდ ქმედითადაც. მისი თქმით, იმ ხარისხის კვლევა, რომელიც სააგენტომ განახორციელა, საქართველოში არ ჩატარებულა. ბექა კემულარია დარწმუნებულია, რომ სასამართლოში კომპანიების მიერ სარჩელის შეტანის შემთხვევაშიც სააგენტო თავს გაართმევს პროცესს, ვინაიდან სააგენტოს დასკვნაში ასახული ინფორმაცია მყარ არგუმენტებს ეყრდნობა:

„თქვენ ნახეთ კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ფასების ფიქსირება ხდებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება უარყოფითად და პირდაპირ ჯიბიდან აცლიან ყოველ თეთრს. კომპანიები შეთანხმდნენ და დააწესეს მაღალი ფასები, ანუ თითოეულ მოქალაქეს ჯიბეში უყოფდნენ ხელს“.

ერთია, როდესაც ქვეყანაში თამაშის წესებია პოლიტიკურად განსაზღვრული და ამ თამაშის წესებით უწევთ მუშაობა, ამისთვის დაჯარიმება, მე არ ვიცი და გამიჭირდება ამის თქმა, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ წესებზე პასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს...

ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილს პირდაპირი პასუხი არა აქვს იმაზე, თუ რამდენად აისახება ბენზინის საცალო ბაზრის ფასებზე - მით უფრო, ფასების შემცირებაზე - მსხვილი კომპანიების მიერ კონკურენციის პირობების დარღვევის გამოვლენა და მათი დაჯარიმება. მისი თქმით, პოზიტიურია ის, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამუშავდა, მაგრამ საჯარიმო სანქციების დაწესების ნაცვლად სააგენტო ე.წ. „კარტელული შეთანმებების“ პრევენციას რომ ახერხებდეს, უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან თავად საჯარიმო თანხის განსაზღვრის საკითხია კითხვის ნიშნის ქვეშ - უცნობია როგორ მოხდა ამ თანხის ოდენობის გამოთვლა. ამასთან, გია ხუხაშვილის თქმით, საჯარიმო თანხის გადახდის შემთხვევაში, კომპანიები ჯარიმას, როგორც ხარჯს, სარეალიზაციო პროდუქციის ფასში ასახავენ, რამაც შეიძლება ბენზინის ფასების გაზრდაც კი გამოიწვიოს. მაშინ, როცა ნავთობის ფასები არ რეგულირდება, - მარეგულირებლის ფუნქცია არ არის ფასების დადგენა, - კომპანიებს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა ეძლევათ.

„ერთია, როდესაც ქვეყანაში თამაშის წესებია პოლიტიკურად განსაზღვრული და ამ თამაშის წესებით უწევთ მუშაობა, ამისთვის დაჯარიმება, მე არ ვიცი და გამიჭირდება ამის თქმა, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ წესებზე პასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს. რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, ეს სააგენტოს კომპეტენციაა და ამაზე ლაპარაკი შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი დანიშნულება არის პრევენცია, რომ ასეთი რაღაცები არ ხდებოდეს“.

ნავთობკომპანიების დაჯარიმებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმებამ კომპანიები "არ უნდა დაძაბოს". ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდებს. ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხებში ხელისუფლება არ ერევა. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით კი, კომპანიებს სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება აქვთ და დავა შეიძლება იქ გაგრძელდეს.

თავად დაჯარიმებული კომპანიები გადაწყვეტილების თაობაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG