Accessibility links

logo-print

თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ნაგებობების აღსადგენად მუშაობის დაწყებას 2016 წლიდან აპირებს. როგორც ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი ამბობს, ეს სრულიად ახალი პროექტია და ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახე არ შეიცვლება, თუმცა ამაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ეჭვი ეპარება. ისინი ამბობენ, რომ თბილისის მერია და განვითარების ფონდი აპირებს მუშაობა გააგრძელოს ძველი პროექტებით, რომლებიც, მათი თქმით, გუდიაშვილის მოედანსა და მის გარშემო შენობების ისტორიულ ღირებულებას საფრთხეს უქმნის.

გუდიაშვილის მოედნის გარშემო შენობებს მუშები რკინის ბოძებით ამყარებენ. როგორც ამბობენ, ეს მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რომ შემდეგ, ამ შენობების საფუძვლიანი გამაგრების დროს, ისინი არ ჩამოიშალოს ან სხვაგვარად არ დაზიანდეს.

გუდიაშვილის რეაბილიტაცია არ ხორციელდება ძველი პროექტების მიხედვით, რომლებიც პროტესტის და გამოსვლების მიზეზი იყო. მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს სულ სხვა სქემით, რომელიც გულისხმობს ყველაზე რთულ პროცესს ისტორიული ძეგლების აღდგენისა - კონსერვაციას...

პროექტის დამკვეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის განვითარების ფონდია“. ორგანიზაციის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა 29 დეკემბერს გუდიაშვილის მოედანზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოედნის რეაბილიტაციაში შვიდი მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯება:

„გუდიაშვილის რეაბილიტაცია არ ხორციელდება ძველი პროექტების მიხედვით, რომლებიც პროტესტის და გამოსვლების მიზეზი იყო. მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს სულ სხვა სქემით, რომელიც გულისხმობს ყველაზე რთულ პროცესს ისტორიული ძეგლების აღდგენისა - კონსერვაციას“.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია მთავრობამ 2007 წელს გადაწყვიტა, თუმცა წლების განმავლობაში დაზიანებული შენობების აღდგენა არ დაწყებულა. 2011 წლიდან მოედნის დასაცავად მოქალაქეებმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ რეაბილიტაციის პროექტი ისტორიულ მემკვიდრეობას დააზიანებს.

ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი ერთ-ერთია, ვინც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესს თავიდანვე აპროტესტებდა. ის მიიჩნევს, რომ დღესაც არაფერი შეცვლილა. მისთვის ასევე გაუგებარია გიორგი ბაიდარაშვილის დღევანდელი განცხადება:

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე თბილისის განვითარების ფონდმა სამჯერ გამართა ასეთი შეხვედრა, სადაც ზუსტად ამ ძველი პროექტებით დადის და ორგანიზაცია ICOMOS-ის ქართულ ჯგუფს, რომელმაც კონსერვაციის გეგმა შეადგინა, სთხოვს დაასაბუთოს, რატომ არ ვარგა ეს პროექტები და შესაძლებელია თუ არა ამ პროექტების კორექტირება“.

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი ამბობს, დიდი ხანია, კვლევებმა დაასაბუთა, რატომაც არ ვარგა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც 2007-დან 2013 წლამდე არსებობდაო. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ განიხილავს თბილისის განვითარების ფონდი ამ პროექტებს, მაშინ როდესაც მოედნის კონსერვაციის გეგმაზე კონკურსი თვითონვე გამოაცხადა.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი კი ირწმუნება, რომ სამუშაოები 2015 წლიდან სრულიად ახალი პროექტით დაიწყება:

„ათი იანვრის შემდეგ, როდესაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია პროექტირებაში, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება“.

ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ICOMOS-საქართველოს, ანუ ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირის, პროექტი ყველაზე მისაღებია:

„მათი საპროექტო დოკუმენტაცია არც ერთ ობიექტზე, არც ერთ ეტაპზე არასდროს საეჭვო არ ყოფილა“.

თბილისის განვითარების ფონდის გეგმით, გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას 2-3 წელი დასჭირდება. როგორც გიორგი ბაიდარაშვილი ამბობს, ოჯახებს, რომლებსაც სამუშაოების გამო დროებით სახლების დატოვება მოუწევთ, ისინი დაეხმარებიან ბინის ქირა გადაიხადონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG